საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ შატილსა და არხოტში

20:08 - 10 აპრილი 2019 hits 14614

საკუთრების რეგისტრაცია, უშუქობა და უგზოობა - ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად პირიქითა ხევსურეთში, შატილსა და არხოტში მუდმივად მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ.

8 აპრილს, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლები შატილსა და ახიელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

პირიქითა ხევსურეთში, ისევე როგორც სხვა მთიან რეგიონებში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა და არ არსებობს დოკუმენტაცია, მოქალაქეები ვერ ახერხებენ მიწის ნაკვეთების, უძრავი ქონების რეგისტრაციას, მცირე ბიზნესის დაწყებას ან განვითარებას. პრობლემები აქვთ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისას.

შატილსა და არხოტში მცირე ჰესები დაახლოებით 30 წლის წინ არის აშენებული, მას შემდეგ კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც მწყობრიდან ხშირად გამოდის. შატილის მოსახლეობა წელს მთელი ზამთარი ფაქტობრივად უშუქოდ იყო დარჩენილი. დღეს-ღამის განმავლობაში შუქი მხოლოდ 1 – 1.5 საათით ჰქონდათ.

არხოტის ხეობაში მუდმივად მცხოვრებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის ბოლოს საჩუქრად მზის ბატარეები გადასცა, რომელიც იმდენად სუსტია, რომ ერთ ნათურას მხოლოდ 5-7 წუთი ანთებს და გამოუსადეგარია.

უგზოობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა როგორც შატილის თემისთვის, ასევე არხოტისთვის. მუცოს, არდოტის, ხონეს მცხოვრებლები რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ ერთი ტრაქტორის გამოყოფას, რომელიც ზამთარში პირიქითა ხევსურეთში იქნება და უღელტეხილს იქით მდებარე სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზას გაწმენდს, რომ შატილთან მიმოსვლა არ შეწყდეს. შატილის თემი დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავების გამო 6 თვე გარესამყაროს მოწყვეტილია. სკოლა მხოლოდ შატილშია, ექიმიც შატილში ცხოვრობს და ზამთარში, როცა ხეობაში ტრაქტორის არ არსებობის გამო გზას ვერ წმენდენ, ადგილობრივები ხშირად შატილამდეც ვერ აღწევენ.

რაც შეეხება არხოტს, არხოტთან დამაკავშირებელი გზა 2017 წელს გაიჭრა. არხოტის გზა გასულ წელს თოვლისგან ივლისში გაწმინდეს და სექტემბრის ბოლოს, პირველი თოვლის მოსვლისთანავე ჩაიკეტა. მოსახლეობა ითხოვს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის გაწმენდა ადრევე დაიწყოს, რომ გზა მაისის ბოლოს მაინც გაიხსნას.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის ხელშეწყობაა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტის მიზანი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში