საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბების“ ვიდეორეპორტაჟი 2018 წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:27 - 23 დეკემბერი 2018 hits 4782

„გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა“ - ინტერნეტგამოცემა „მთის ამბების“ ვიდეორეპორტაჟი (ავტორი გიორგი ბოლქვაძე), რომელიც არხოტის ხეობაში მცხოვრები 18 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო ვიდეორეპორტაჟად დაასახელა.

სიუჟეტში გიორგი წიკლაური გვიყვება როგორი მძიმეა მთაში ბავშვის ყოფა, შრომა; რისი გადალახვა უწევს საშუალო განათლების მისაღებად, რისთვისაც ის 60-მდე კილომეტრს, საუღელტეხილო მონაკვეთის ჩათვლით ფეხით გადის; რატომ დაიცალა და იცლება მთა ხალხისგან და რა უნდა გაკეთდეს მთაში მოსახლეობის დასამაგრებლად. სიუჟეტი ყურადღებას უთმობს სასკოლო პანსიონებს მაღალმთიან რეგიონებში, რომლებიც ფშავ-ხევსურეთში ცოტა ხნის წინ დაიხურა, მაგრამ „მთის ამბების“ ძალისხმევით, სახალხო დამცველის ჩართულობითა და განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ისევ გააგრძელა მუშაობა.

„მთის ამბები“ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან რეპორტაჟებს DW Akademie-ის მხარდაჭერით ამზადებს. გამოცემის მიზანი მთაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობაა.

კონკურსის ფარგლებში, ვიდეოს კატეგორიაში წარდგენილი მასალები შეაფასეს: ლიკა ჩახუნაშვილმა - IREX საქართველოს დირექტორმა; სოფო მეგრელიძემ - Associated Press-ის ჟურნალისტმა; მაია მერკვილაძემ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა და აჭარის ტელევიზიის პროდიუსერმა; ნატა ძველიშვილმა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა. ჟიურის შემადგენლობაში ასევე იყვნენ და კონკურსის სხვა კატეგორიების შეფასებაში მონაწილეობდნენ ქარტიის საბჭოს წევრები, გელა მთივლიშვილი - საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი და ლიკა ზაკაშვილი - „ლიბერალის“ რედაქტორი.

მულტიმედიის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა ჟურნალ „ინდიგოს“ პროექტი 08.08.08 (ავტორი ნინო ლომაძე). 08.08.08 გაყინული კონფლიქტის გაშუქების, დღევანდელი რეალობის აღწერისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მეხსიერების შენახვის მცდელობაა. მულტიმედია 62 ზეპირ ისტორიას აერთიანებს და მკითხველის ყურადღებას ომგამოვლილი ადამიანების გამოცდილებაზე მიაპყრობს. მულტიმედია მოიცავს ასევე მოვლენების, ფაქტების მშრალ ქრონიკასაც;მედია არქივიდან მნიშვნელოვან, გარდამტეხ მოვლენებს უყრის თავს და ომის პოლიტიკურ კონტექსტსაც აღწერს.  

საუკეთესო სტატიისთვის ქარტიის პრიზი „ლიბერალის“ კორესპონდენტებმა თათია ხალიანმა და სოფო აფციაურმა მიიღეს. რეპორტაჟი - ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა, ტყიბულზე მოგვითხრობს. ეს ქალაქი ყოველწლიურად მედიის ყურადღებას დაღუპული და დაშავებული მეშახტეების გამო იქცევს. ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ტყიბულს ალტერნატიული განვითარების გეგმა სჭირდება, რომლითაც ადგილობრივებს საშუალება გაუჩნდებათ, მხოლოდ შახტზე დამოკიდებულები არ იყვნენ. სტატიის ავტორების თქმით, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ტყიბულის ახლანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეესწავლათ და მკითხველისთვის ეჩვენებინათ, რეალურად, ტყიბულს აქვს თუ არა შანსი, სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პირობებში, ალტერნატიული დასაქმების ადგილები ჰქონდეს.

ჟურნალისტური გამოძიებისთვის სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი დაჯილდოვდა. ფილმი „ჩინჩალაძის კლანი - სასამართლო რეფორმის კრახი“ გვიამბობს, ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე და როგორ მოიპოვა მან გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე; რატომ შეცვალა პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები; რა კავშირი აქვს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს მიხეილ ჩინჩალაძესთან და როგორ აისახება პოლიტიკურად მგრძნობიარე და გახმაურებულ საქმეებზე კლანური მმართველობა სასამართლოში.

პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX Georgia-ს მხარდაჭერით.

ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის წელს ქარტიის პრიზი „ინდიგოს“ მასალამ მიიღო - ანა, ირინა, ელენე და სხვები (ავტორი მარიამ აბესაძე). მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი ფსიქიკური აშლილობის სინდრომით ცხოვრობს და ფსიქიკური პრობლემების საფუძველი, ხშირად, ბავშვობაში შეუმჩნეველი, უგულებელყოფილი ქცევითი და ემოციური აშლილობებია. რა არის ნორმა და რა ითვლება დარღვევად? როგორ ამოვიკითხოთ ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები ემოციებს არა სიტყვებით, არამედ ქცევით გამოხატავენ, მაშინ, როდესაც სიმპტომები ბავშვებში ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებულად იშიფრება? რა არის ყველაზე რთულად სამართავი სიმპტომი? როგორ მკურნალობენ ბავშვებში ქცევით და ემოციურ აშლილობას საქართველოში? – „ინდიგოს“ სტატია ამ საკითხების გარშემო მსჯელობს.  

გასულ წელს, აღნიშნულ ნომინაციაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პრიზი „მთის ამბების“ რეპორტაჟმა მიიღო - როგორ ცხოვრობენ ბავშვები ფშავ–ხევსურეთის პანსიონებში.

წელსვე, კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში სპეციალური ფულადი პრიზი ჰქონდა დაწესებული საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს. პრიზი სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა ნინო ზურიაშვილმა და ნატალია ვახტანგაშვილმა მიიღეს ფილმისთვის „მეგობრობა რუსულად“. ფილმში ნაჩვენებია როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა, რა ინსტრუმენტებს იყენებს ის და როგორია დაფინანსების წყაროები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტების გაერთიანებაა. ამ დროისთვის ქარტიას 360-მდე წევრი ჰყავს. ქარტიის მიზანი პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. ქარტიას 9 წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს განიხილავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად კონკურსს ყოველი წლის ბოლოს ატარებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში