საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოკაცი ხახაბოდან - ალბათ არც იციან, რომ აქ კიდევ ცხოვრობს ადამიანი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:55 - 06 სექტემბერი 2018 hits 54491

10 წლის იყო, როცა მისი სახლი ზვავმა მოიყოლა. ოჯახის სამი წევრი სტიქიამ იმსხვერპლა. თვითონაც თოვლიდან ამოიყვანეს. იმ დროს სოფელში ჯერ კიდევ ცხოვრობდა რამდენიმე ადამიანი, გაჭირვების დროს ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ახლა არათუ დამხმარე, ხმის გამცემიც აღარავინ ჰყავს. 2001 წლიდან ხახაბოს ციხე-სოფელში სულ მარტო ცხოვრობს.

ხახაბოს ციხე-სოფელი პირიქითა ხევსურეთშია. სოფლამდე სამანქანო გზა არასდროს ყოფილა. დათვიჯვრის უღელტეხილიდან ჭანჭახის წყლის გავლით ხახაბომდე 10 კილომეტრია. ამდენივეა არდოტიდან. ორივე მიმართულებით საფეხმავლო ბილიკები ციცაბო გორებზე გადის და მდინარეები კვეთს. არდოტიდან სამ ადგილას მდინარეზე საცალფეხო ხიდიც არაა.

უგზოობას სოფლის დაცლის მთავარ მიზეზად ასახელებს. კლდოვან გორაზე 3-4 სართულიანი ციხე სახლების ნანგრევები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, მაგრამ დაბრუნებას და სახლის აღდგენას არავინ ჩქარობს. მთელ სოფელს 36 წლის პაატა ხახიაური პატრონობს.

„აქ დავიბადე და გავიზარდე. 6 წლის რომ ვიყავი, სკოლაში ბარისახოში მიმიყვანეს. აქედან შემოდგომით მივდიოდი და მაისამდე იქ ვრჩებოდი, ინტერნატში. ხახაბოდან ბარისახო 25 კილომეტრშია. 3 წელი იქ ვისწავლე, დანარჩენი წლები აქეთ, შატილში.

მეოთხე კლასში ვიყავი, საღამოს სახლში ზვავი რომ დაგვეცა. დაიტანა დედაჩემი, და-ძმა. მეც შიგ მოვყე, მაგრამ ამოვედი. ჩემი და ზვავმა გამოიტანა სახლიდან. აქეთ, სადღაც გადმოაგდო ცხედარი. სამნი დაიღუპნენ, სამნი გადავრჩით.

სკოლაში ბოლო კლასები ვეღარ ვიარე. მამას საქონლის მარტო მოვლა გაუჭირდა და ვეხმარებოდი. რამდენიმე წელში მამაც დაიღუპა. მერე ჯარში წავედი. 21 წლის ვიყავი ჯარიდან რომ დავბრუნდი. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. მესაზღვრედ მინდოდა მუშაობა, მაგრამ უარი მითხრეს, საშუალო სკოლაც არ გაქვს დამთავრებულიო“.

ხახაბოში აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდეა. საქონელს უვლის, მაგრამ ყველს ან რძის სხვა ნაწარმს არ აკეთებს. სამანქანო გზამდე გადაზიდვა უჭირს. იხსენებს, რომ რამდენჯერმე ფქვილის ტომრით დატვირთული ცხენი ხრამში გადაუვარდა.

უახლოესი მეზობლები, დედა-შვილი, 78 წლის მარიამ და 53 წლის ბადრი მინდიკაურები, დაახლოებით 2 კილომეტრში, ჭალაში ჰყავს.

ხახაბოში სატელეფონო კავშირი არ არის. „დასარეკი“ ჭანჭახის მთის წვერზეა, ციხე სოფლიდან 8 კილომეტრში.

„მე ტელეფონის გარეშეც შემიძლია გავძლო. გამომუშავებული მაქვს ნებისყოფა. სხვა ვერ გაძლებს, ბარში დაბადებულ-გაზრდილი. აქედან ადამიანები მძიმე ცხოვრებას გაერიდნენ და ვინ ან როგორ დაბრუნდება?

განა ისე რთულია გზის გაჭრა დათვიჯვრის უღელტეხილიდან? ზაფხულობით მაინც მოვიდოდა ორხიდიანი მანქანა, რამეს მოიტანდი, სახლს გაამაგრებდი, რაღაცას წაიღებდი. არასდროს არავინ მოსულა და არ უკითხავს, რა გვჭირდება. ალბათ არც იციან, რომ აქ კიდევ ცხოვრობს ადამიანი“.

ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციის ეიმედება. ათენგენობისთვის ბიჭები ყოფილან ასული ხახაბოში და უთქვამთ, რომ მალე პირიქითა ხევსურეთში უკაბელო ინტერნეტი იქნება.

„ახალგაზრდა ბიჭია. ბარიდან ამოსვლას ფიქრობს, ნასახლარი აქვს. უნდა, ზაფხულობით მაინც იცხოვროს აქ. ინტერნეტი რომ იქნება, ახალ ამბავს მაინც გაიგებ, ვინმეს დაურეკავ, მოგიკითხავს, დაელაპარაკები“.

ინტერნეტიზაციით დაიმედებულმა წელს პირველად მიკროგრანტების კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა. მეზობელ ბადრისთან ერთად ცხენების ყიდვა სურს:

„ხევსურეთში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გასულ წლებშიც იყო, მაგრამ არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, აქედან ვერაფერს ვიზამდით. ახლა, რადგან მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ინტერნეტი შემოიყვანოს, ტურისტებთან კავშირსაც შევძლებთ. რამდენიმე ახალი მარშრუტის შეთავაზებაც შეგვიძლია“.

პროექტი თუ მოიგეს, მუშაობას მომავალი წლის მაისიდან დაიწყებენ. 2020 წლისთვის გეგმაში ხახაბოში კოტეჯების მოწყობა აქვთ და პირველად ბოლო რამდენიმე წელში მუდმივ მცხოვრებლებადაც დაფიქსირდებიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში