საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხადის ხეობის მცხოვრებლებს ბუნებრივ აირზე ასობით ლარის დავალიანებას ედავებიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:42 - 01 აგვისტო 2018 hits 5727

მაყვალა წიკლაური უკვე ერთი თვეა ოჯახისთვის სადილს შეშის ღუმელზე ამზადებს. წიკლაურები ხადის ხეობის სოფელ წკერეში ცხოვრობენ და იმ ოჯახებს შორის არიან, რომლებსაც „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.

„მითხრეს, 355 ლარი გაქვს დავალიანებაო. ზამთარში ისედაც არ გვახდევინებდნენ, ზაფხულში კიდე ძალიან ცოტას ვხმარობ. ვუთხარი, რა ფულია მეთქი? აბა, ამხელა თანხას რით გადავიხდი?!“.

სოფელ წკერეში ცხოვრობს 84 წლის ანიჩკა ბექაურიც. ანიჩკა ბებო, ბოლო ერთი თვეა, ჩაის გაზის ბალონზე ადუღებს. ზაფხულს როგორღაც გაიტანს. შიშობს, ვაითუ, ბუნებრივი აირი ზამთარშიც არ ჩაურთონ. ხადის ხეობა ალპურ ზონაშია, შეშის მოპოვება ჭირს და ადგილობრივები მხოლოდ გაზის იმედით არიან.

„ვკითხე, რატომ მითიშავთ, მითხარით, რა დავალიანება მაქვს და იქნება ვიხდი-მეთქი. ერთმა ბიჭმა მითხრა, ჩვენ არ ვიცით, სადაც გინდა, იქ იჩივლეო“, - ჰყვება ანიჩკა ბექაური.

ხადელები იხსენებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ხეობის სოფლებში დაახლოებით ერთი თვის წინ მივიდნენ, მოსახლეობას უთხრეს, რომ ასობით ლარის დავალიანება ჰქონდათ და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს.

თამარ ზაქაიძე ბენიათ ბეგონში ცხოვრობს. ზამთარში გაზით მხოლოდ 13 კვადრატული მეტრის ოთახს ათბობს, ზაფხულში კი, როგორც სხვა მცხოვრებლები, გაზს მხოლოდ სადილის მოსამზადებლად იყენებს. თამარ ზაქაიძე ერთადერთია, ვინც „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია და გაზი არ ჩააჭრევინა,

„მოვიდნენ, უნდა დაელუქათ. ჯოხებით გავედი და ვუთხარი, უკადრებელი არ მაკადრებინოთ-მეთქი და წავიდნენ, აღარ გათიშეს. ხუთასი ლარი გაქვს დავალიანებაო, მითხრეს, ქვითარიც არ უჩვენებიათ.

ტელევიზორში ვუსმინე, თქვეს, რომ ოქტომბრის ნახევრიდან მაისის ნახევრამდე მაღალმთიანი სოფლები გაზის გადასახადს არ გადაიხდიანო. ზაფხულში კიდე, 5-6 ლარს თუ ვწვავ. ერთკამფორიანი გაზი მაქვს, 500 ლარს როგორ დავწვავდი?“

ქვეშეთის გამგებელმა, თენგიზ ბედოიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ამჟამად ბუნებრივი აირის გარეშე ხეობაში ხუთი სოფლის რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. იმ მცხოვრებლებს, რომლებმაც გაზის ჩაჭრა თავიდანვე ოფიციალური წერილით გააპროტესტეს, კომპანიამ ბუნებრივი აირი, საკითხის გარკვევამდე, ერთი თვით ჩაურთო.

როგორ და როდის დაუგროვდათ ზაფხულში ხადელებს ამხელა დავალიანება, ამ შეკითხვაზე „სოკარ ჯორჯია გაზში“ ვერ გვპასუხობენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ კომენტარს მას შემდეგ მოგვცემენ, რაც საკითხში კარგად გაერკვევიან.

ხადის ხეობის სოფლებში ბუნებრივი აირის პრობლემაზე „მთის ამბები“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა. მაშინ ენერგეტიკის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდა, რომ ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ 2015-2017 წლების ზამთრის სეზონზე მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანებას სახელმწიფო დაფარავდა. 

დარინა ქამადაძე

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში