საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

13:30 - 05 ნოემბერი 2016 hits 2424

2016 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის სოციალური შეღავათები დაწესდა, ზოგიერთი შეღავათი კი 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

იმისათვის, რომ კანონით განსაზღვრული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოთ, აუცილებელია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მოიპოვოთ. ვის უნდა მიმართოთ სტატუსის მისანიჭებლად და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით.

სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთდროულად სამ პირობას:

1) არის საქართველოს მოქალაქე;

2) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

3) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან უფრო მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან პირს, ხოლო 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებლის, მეურვის, მზრუნველის) განცხადების საფუძველზე.

განცხადება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარედგინება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. განცხადება შედგენილ უნდა იქნეს სპეციალური ფორმით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი/მერი. გარდა ამისა, სტატუსის მიღების მსურველებს განცხადების წარდგენა შეუძლიათ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებშიც. წარდგენილ განცხადებას სააგენტო ელექტრონული ფორმით არეგისტრირებს და დაუყოვნებლივ გადაუგზავნის შესაბამის გამგეობას/მერიას. ამასთან, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირი ვერ ან არ წარადგენს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ეს გარემოება ხარვეზად არ ჩაითვლება და რეგისტრაციის ფაქტი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმდება.

განცხადებას უნდა დაერთოს:

1) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი არანაკლებ ორი დოკუმენტი (მათ შორის შეიძლება იყოს: ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას; სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია; საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე; უფლებამოსილი იურიდიული პირის (ორგანოს ან თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში (იურიდიულ პირში) დასაქმების ფაქტს; იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 2 მოწმის განცხადება; მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა);

3) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ქმნის სათათბირო ორგანოს - საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან გამგეობის/მერიის საჯარო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (მათივე თანხმობით).

წარდგენილ განცხადებას საბჭო იხილავს და შესაბამის რეკომენდაციას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში. რეკომენდაცია მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. რეკომენდაციები აისახება სხდომის ოქმში, რომელიც 10 დღის ვადაში ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ვებგვერდზე ან შესაბამის ბეჭდვით ორგანოში, ან/და ცხადდება საჯაროდ (ღიად განთავსდება გამგეობის/მერიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე).

რეკომენდაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, იგი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს რეკომენდაცია და მიიღოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

უფლებამოსილი პირისა და საბჭოს რეკომენდაციები ცალკე არ საჩივრდება. მათი გასაჩივრდება დასაშვებია მხოლოდ გამგებლის/მერის შესაბამის ბრძანებასთან ერთად.

გამგებლის/მერის ბრძანება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, - მისი გაცნობის (ჩაბარების) დღიდან 1 თვის ვადაში.

აღსანიშნავია, რომ სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტებმა 2016 წლის 15 თებერვლამდე საკუთარი ინიციატივით (ე.ი. დაინტერესებულ პირთა განცხადების გარეშე) განახორციელეს იმ პირების მიმართ, რომლებიც:

1) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და, შესაბამისად, დასაქმებულნი არიან (ან ირიცხებიან, ანდა მათი შვილები ირიცხებიან) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, - 2015 წლის 25 ნოემბრამდე 9 თვის ან უფრო მეტი ვადით ადრე;

2) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, - 2015 წლის 25 ნოემბრამდე 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

3) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, - 2015 წლის 1 ნოემბრამდე მინიმუმ წინა 9 თვის განმავლობაში უწყვეტად.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში