საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უშბის ბიჭები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:11 - 28 თებერვალი 2018 hits 52516

იმ დღესაც, 34 წლის წინ, 28 თებერვალი იყო... წინა დღეს, 27-ში, მთამსვლელთა საქართველოს ნაკრების პირველმა ჯუფმა გაბრიელის მარშრუტად წოდებული გზით უშბა დალაშქრა და პიკიდან დაშვება დაიწყო. კედლის თავში, ტრასიდან 40-50-იოდე მეტრში მეორე ჯგუფის წევრები კარავში იყვნენ, ისინი 28-ში დილას უნდა აჰყოლოდნენ მწვერვალისკენ დაკიდებულ თოკებს...

3 თუ 4 საათი იყო. გელდიაშვილის ექვსეულის ბიჭები არც გაჩერებულან, კედელზე ექვსი კაცის დაშვება მარტივი არ იყო და კედლის ძირამდე, ღამისთევის ადგილამდე უნდა მოესწროთ ჩასვლა. შორიდან მოიკითხეს ერთმანეთი. ამ დროს მთამსვლელები ჯერ არ ულოცავენ ერთმანეთს გამარჯვებას, წესია ასეთი: მშვიდობიანი დაშვება მშვიდობიან ასვლაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ გამარჯვებას იქ, ქვემოთ აღნიშნავენ...

„ბიჭებიდან მხოლოდ დევი მოვიდა ახლოს. „სიგარეტი თუ გაქვთო“, - გამოგვძახა. ის მწეველი იყო, მე და ჩემი ბიძაშვილი, მიტოც ვეწეოდით. ასვლისას ირაკლიმ ერთი კოლოფი სიგარეტი დაგვიტოვა. ერთი ღერიღა გვქონდა გადანახული, მაგრამ არც დავფიქრებულვართ, „კიო“, - ერთხმად ვუპასუხეთ ორივემ, მეც და მიტომაც. დევის ჩაი დავალევინეთ, მივაწოდეთ ერთი ლუკმა და ის ერთადერთი სიგარეტიც... რომ არ მიმეცა, ალბათ გული გამისკდებოდა და თავს ვერ ვაპატიებდი ვერასოდეს“, - იგონებს იმ დღის ამბებს მთამსვლელი თამაზ შარაშენიძე.

***

მანამდე ზამთრის უშბაზე არავინ ასულა.

„1976 წელს სცადეს ქართველმა მთამსვლელებმა, მაგრამ ისეთი თოვლი მოვიდა, იძულებული გახდნენ, მობრუნებულიყვნენ. დევი თარხნიშვილს, რომელიც იმ ექსპედიციის წევრიც იყო, როგორც ჩანს, ეს იდეა არ ტოვებდა. 1983 წლის ზაფხულში, აგვისტოში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მივდიოდით და მაშინ ვთქვით, თუ მშვიდობით დავბრუნდებოდით, ზამთარში უშბაზე წავსულიყავით“, - იგონებს თამაზ შარაშენიძე. ქართველმა მთამსვლელებმა პამირზე მწვერვალ 6100-ზე ბრინჯაო, ხოლო მწვერვალ ტაჯიკეთზე ოქროს მედლები აიღეს. პირობა პირობა იყო და უშბაზე ზამთრის ასვლისთვის დაიწყეს მზადება.

მაშინ საბჭოთა კავშირში ჩემპიონატებზე გამარჯვება რთული იყო, მწვერვალებზე მეტად რუს ჩინოვნიკებთან უხდებოდათ ბრძოლა. თუმცა დაფინანსება არსებობდა და ექსპედიციების ჩატარების მეტი საშუალება იყო.

„უშბაზე წამსვლელ ჯგუფში უნდა ვყოფილიყავით: დიმიტრი შარაშენიძე, ირაკლი გელდიაშვილი, დევი თარხნიშვილი, მურად ჭიჭინაძე, ჯემალ ქელეხსაშვილი და მე. მერე ირაკლიმ გადაწყვიტა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაგვემატებინა და ჯგუფი ორ ნაწილად გაგვეყო. ირაკლი ლიდერი იყო, მის სიტყვას ფასი ჰქონდა და ასეც დაიგეგმა ასვლა. პირველ ჯგუფს შედარებით ახალგაზრდა დავით კობახიძე და გია ტუშური დაემატნენ, ასევე გოგი ზუმბაძე, რომელსაც ორი წელი აღარ ევლო მთაში.

თებერვლის დასაწყისში თბილისიდან გავედით და სვანეთში განვაგრძეთ მზადება.

ექსპედიციაში დამხმარეების ჩათვლით, 20-მდე კაცი ვიყავით. დიდი თოვლი იდო და ყველას მძიმე შრომა გვიწევდა. ექსპედიციის უფროსი დიმიტრი (მიტო) შარაშენიძე იყო, ასვლის ხელმძღვანელი ირაკლი გელდიაშვილი“ - გვიამბობს თამაზ შარაშენიძე.

უშბისკენ მიმავალი გზა ბეჩოს გადასახვევიდან იწყება... ალპინისტებიც, როგორც წესი, ბეჩოს თემში, სოფელ მაზერში ბანაკდებიან.

იმ დროს, 1984-ში, იქვე, სოფელ უშხვანარში ცხოვრობდა მაკრინე ქურდიანი, „უშბის დიასახლისი“ და „მთამსვლელთა დედა“. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლებიდან უშბაზე ქართველთა თუ უცხოელთა არაერთი ექსპედიცია სწორედ მისი სახლიდან გადიოდა. ადრე დაქვრივებული უშვილო მაკრინე ყველა მთამსვლელს შვილივით პატრონობდა. სვანეთში ამბობდნენ: მაკრინე უშბას ესაუბრება და მისი მესაიდუმლეაო. იქნებ ახლაც გაენდო უშბას საიდუმლო და მხცოვან დიაცსაც დაეშალა ბიჭებისთვის მწვერვალზე გასვლა, მაგრამ ამხელა ჯგუფის მასპინძლობა აღარ შეეძლო თურმე... თუმცა უშბისკენ მიმავალი მთამსვლელები, ტრადიციულად, მაინც შეუვლიდნენ და მოიკითხავდნენ ხოლმე.

მაკრინეს არა და ჭიჭიკო ჩართოლანს ეთქვა, ცოტა ხანს დაიცადეთ და მერე წადითო, მაგრამ არ დაუჯერებიათ... იმ წელს ნაკიანი წელი კი იყო, მაგრამ მწვერვალზე ასვლას 4-5 დღე მაინც სჭირდებოდა... რამდენიმე დღის მერე უკვე მარტი დადგებოდა და ზამთრის ასვლა აღარ გამოვიდოდა... ქალაქელ მთამსვლელებს, როგორც ჩანს, გამორჩათ, რომ უშბა უშბაა, გოროზი და ზვიადი, „სვანეთის ზამთარიც სხვაა, ულმობელი და მუხანათი“...

თებერვლის 23-24-ში გივი წერედიანის ოჯახიდან გავიდნენ ორ ჯგუფად. მსმენია, ირაკლი გელდიაშვილმა დიასახლისს ერთი ბოთლი ღვინო დაუტოვა და დაუბარა, მაშინ გამოიტანეთ, როცა გამარჯვებულნი დავბრუნდებითო...

***

ალპინიზმში ასეა: მარშრუტს მისი პირველი გამვლელის სახელს არქმევენ. 1937 წელს უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. მარშრუტსაც ჯგუფის ხელმძღვანელის, გაბრიელის სახელი დაერქვა. 1984 წელს გელდიაშვილის ჯგუფი სწორედ ამ გზით ავიდა მწვერვალზე... 

უშბაზე პირველად ჯერ კიდევ 1868 წელს სცადეს ასვლა ინგლისელმა მთამსვლელებმა დუგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მაშინაც და მერეც მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

1888 წელს ისევ ინგლისელებმა ჯონ კოკინმა და ულრიხ ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთ პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს მწვერვალზე პირველი წარმატებული ასვლა იყო.

სამხრეთი უშბა კი მეთექვსმეტე ცდაზე პირველად გერმანია-შვეიცარიის გაერთიანებული გუნდის წევრებმა დალაშქრეს ადოლფ შულცეს ხელმძღვანელობით. შემდეგ, 60 წლის განმავლობაში სამხრეთ უშბაზე მხოლოდ ოთხი ექსპედიცია აღმოჩნდა წარმატებული.

1934 წელს უშბაზე პირველად ავიდა ქართული ჯგუფი: და-ძმა ალექსანდრა და ალექსანდრე ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით. ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბაზე ფეხი დადგა.

მთამსვლელებისგან ხშირად მსმენია, მწვერვალი ქალს ჰგავსო... ზოგი ამბობს, თუ არ მოეფერე, არ მიგიშვებსო, ან მწვერვალებსაც თავიანთი დამპყრობლები უყვართო... ალბათ, მწვერვალებს, ქალებივით უყვართ ისინი, ვინც მათთვის იბრძვის. შეცდომებს კი ქალებზე მეტად არც პატიობენ თაყვანისმცემლებს ან გამორჩეულთ გულში იხუტებენ და თავისთან იტოვებენ: 1945 წელს უშბამ იმსხვერპლა ალექსანდრე ჯაფარიძე.

1984-ში ირაკლი გელდიაშვილის ჯგუფიც...

***

გზად მწვერვალამდე რამდენიმე ღამისთევა მოუხდათ. პირველ ჯგუფში ექვსნი იყვნენ: ირაკლი გელდიაშვილი, გოგი ზუმბაძე, დევი თარხნიშვილი, მურად ჭიჭინაძე, დათო კობახიძე, გია ტუშური, მეორეში ხუთნი: დიმიტრი და თამაზ შარაშენიძეები, თამაზ ბაქანიძე, რომან გიუტაშვილი, ჯემალ ქელეხსაშვილი.

27 თებერვალს პირველმა ჯგუფმა უშბის კედელი სძლია, მიზანს მიაღწია, მწვერვალზე ავიდა. მეორე დღეს, 28-ში მეორე ხუთეულმაც მშვიდობით დალაშქრა უშბა. ხუთეულის ბიჭები საღამოსკენ ისევ იმ კარავს დაუბრუნდნენ კედლის თავში, წინა ღამე რომ გაათენეს, იქ, სადაც მეგობრები ნახეს ბოლოს...

„დაღლილები კი ვიყავით, მაგრამ არ დამეძინა, რაღაც არ მომწონდა ან იქნებ გული მიგრძნობდა კიდეც ცუდს. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო, ქვემოთ კი ლამპრებით დადიოდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. რაციით ბანაკთან კავშირზე გავედით, მაგრამ იმ დღეს არაფერი უთქვამთ, ალბათ გაგვიფრთხილდნენ მთაზე მყოფებს. მხოლოდ მეორე დღეს დაგვიკავშირდა ომარ ერქომაიშვილი: ბიჭებო, გენაცვალეთ, თქვენ მაინც იარეთ ფრთხილად! ბიჭები აღარ არიანო...“ - იხსენებს თამაზი.

თითქმის უშეცდომოდ ეშვებოდნენ მთამსვლელები, მაგრამ ულმობელი გამოდგა სტიქია. აქაც, ბევრი სხვა წარუმატებელი ექსპედიციის მსგავსად, „რაც მოხდა დაშვებისას მომხდარა“: ნაკიანი თებერვლის იმ ბოლოსწინა დღეს საქართველოს მთამსვლელთა ექვსეული ზვავმა დაიტანა...

ირაკლი გელდიაშვილი, გოგი ზუმბაძე, დევი თარხნიშვილი, დათო კობახიძე, გია ტუშური და მურად ჭიჭინაძე „დაუნდობლად იმსხვერპლა თოვლის ზვავად ქცეულმა ბედისწერამ, რომელსაც ჯერ ვერსად, ვერასდროს, ვერავინ გაქცევია“.

ჯგუფში ყველაზე უფროსი გოგი ზუმბაძე 42 წლის იყო, ყველაზე უმცროსი გია ტუშური 22-ის, ჯგუფის ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, ირაკლი გელდიაშვილი 35-ის. 

ფეხზე დადგა ბეჩო-მაზერი, მთელი სვანეთი, დაღუპულთა საძებნელად ყველა თაობის ალპინისტი წავიდა.

„სიცოცხლე აღარ გვინდოდა, ჩემს ბიძაშვილს, მიტოს ვუსაყვედურე: ცოცხალი რომ ვარ შენი ბრალია-მეთქი... მერე ერთმანეთს ვამხნევებდით. რომ ჩავედით, ბიჭები უკვე ნაპოვნი ჰყავდათ, - იგონებს პირველი ექვსეულიდან მეორეში, გადარჩენილებში გამწესებული თამაზ შარაშენიძე - ვერც ვეუბნები ახალგაზრდებს, მთაში იარეთ-მეთქი, იმდენი ტკივილი ვნახე, მაგრამ მე დღემდე ვერ ვძლებ მთის გარეშე“.

ზამთრის უშბაზე პირველები ავიდნენ და იქნებ ეს არ აპატია მწვერვალმა, ვინ იცის ან იქნებ შეუნდო და თავისთან დაიტოვა.

„უშბის ბიჭები“, - ამიტომაც ასე შეარქვეს იმ ექვსეულს, რომლებიც მუდამ ბიჭებად დარჩნენ, უშბასთან მებრძოლ ბიჭებად...

 

P.S. 2001 წლის აგვისტოში ქართველ მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად უშბის ძირას მწვერვალზე ასული მთამსვლელების დაბრუნებას ველოდი. ქართულ-რუსული ექსპედიცია ამჯერადაც სამხრეთ მხრიდან ავიდა მწვერვალზე. ასვლა კი მიხეილ ხერგიანს მიუძღვნეს. 

დაბრუნებისას უშხვანარელთა ფერმებს ჩამოცდენილებს გზად ზაალ ქიქოძე შეგვხვდა, გვერდით ცხენი მოჰყვებოდა და 17 წლის მერე „უშბის ბიჭების“ - ირაკლი გელდიაშვილის ჯგუფის მემორიალური დაფა მოჰქონდა. ზაალმაც რა იცოდა... ან იქნებ გრძნობდა კიდეც... რამდენიმე წლის შემდეგ, 2005 წელს, 58 წლის ზაალ ქიქოძეც მერაბ ხაბაზთან ერთად უშბაზე დაიღუპა.

„არასოდეს გაბრაზდე მთაზე“, - უყვარდაო თქმა ირაკლი გელდიაშვილს. 

ასეთი ტრაგედიების მიუხედავად, უშბაზე მაინც მიდიან... მიდიან, რადგან ერთხელ თუ ახვედი მწვერვალზე, არ შეიძლება გაგინელდეს კიდევ ასვლის სურვილი...

ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელთა ბოლოდროინდელი წარმატებული ზამთრის ასვლების შესახებ „მთის ამბები“ უახლოეს დღეებში გიამბობთ.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში