საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უშგულში ლამარიას მონასტრიდან ადგილობრივებმა მონაზვნები გააძევეს - ეპარქიის განცხადება

20:18 - 04 აგვისტო 2026 hits 4780

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის განცხადებით, უშგულში მდებარე ლამარიას ტაძარი, რომელიც უკვე ორი კვირაა დაკეტილია და მომლოცველებსა და ვიზიტორებს შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, მღვდელმთავარს არ ჩაუკეტავს. ეპარქიის ცნობით, ტაძრიდან მონაზვნები 12-15-კაციანმა ჯგუფმა შეურაცხყოფისა და მუქარის შედეგად გააძევა, რის შემდეგაც ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაბარდათ.

„ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიის ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ, მეუფის განსაკუთრებული ძალისხმევით, გაიხსნა მანამდე მრავალი დაკეტილი ტაძარი და აღდგა რეგულარული საღვთო წირვა-ლოცვა.

რაც შეეხება მონაზვნების მონასტრიდან წამოსვლას, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას“, - წერია განცხადებაში.

ეპარქიის განცხადებით, სასულიერო პირების მისამართით გაისმა ბრალდებები, თითქოს „მათი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა“, რომ „მონაზვნები აქაურობას ბილწავენ“, „ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს“, და რომ „უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ“.

ეპარქიის შეფასებით, ეს ფაქტობრივად მონასტრიდან მონაზვნების გაძევებას ნიშნავს.

ეკლესია აცხადებს, რომ არავის ებრძვის და მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა იშველიებს სახარებისეულ სიტყვებს: „რომელსა ქალაქსა ანუ სოფელსა შეხვიდეთ და არა შეგიწყნარონ თქვენ, არცა ისმინონ სიტყვანი თქვენნი, გამოსლვასა თქვენსა მიერ სახლით ანუ ქალაქით მით, მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ დაიბერტყეთ.“ (მათე 10:14)

განცხადების თანახმად, მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს გადაეცათ. მომხდართან დაკავშირებით სოფელში მოსახლეობის შეკრება გაიმართა, თუმცა ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და განსხვავებული მოსაზრებები გამოიკვეთა.

ეპარქია აცხადებს, რომ უშგულის ლამარიას მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და მსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ სოფლის მოსახლეობის ნება წერილობით და ხელმოწერებით იქნება დაფიქსირებული.

ლამარიას კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის ტერიტორიაზე ეპარქიის წარმომადგენლები სატრაპეზოს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებდნენ. მედიაში ფაქტის გახმაურების შემდეგ, სააგენტოს მოთხოვნით უკანონო მშენებლობა შეჩერდა, თუმცა, სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას 2002 წლიდან ილარიონ ქიტიაშვილი ხელმძღვანელობს. 

როგორც „მთის ამბებმა“ გამოარკვია, ეპარქიასა და უშგულის მცხოვრებლებს შორის უთანხმოება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე სატრაპეზოს უკანონო მშენებლობას უკავშირდება.

ადგილობრივებმა უკანონო ობიექტის დანგრევა მოითხოვეს და ეპარქიას შესთავაზეს, რომ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული შენობა, რომელიც ძეგლის იერსახეს არ დაამახინჯებდა, ღობის გარეთ აეშენებინათ, რაშიც თვითონაც დაეხმარებოდნენ.

უშგულელების თქმით, მათ ეპარქიისგან პასუხი ვერ მიიღეს, სანამ მღვდელმთავარმა დღევანდელი განცხადება არ გაავრცელა. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებების გავრცელებით ეპარქია ცდილობს, ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი, რომელიც ძეგლზე უკანონო მშენებლობას ეხება, რელიგიურ დაპირისპირებად და სოფლის აგრესიულ ქმედებად წარმოაჩინოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში