საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის უიარაღო მცველები - რეპორტაჟი არხოტიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:11 - 17 აგვისტო 2017 hits 40883
ფოტო: გოგა ჩანადირი
საზოგადოება
ფოტო: გოგა ჩანადირი

გიგლა, შიო და გაბო. ეს არხოტის ხეობის სამი ძირითადი მკვიდრია. გიგლა ოჩიაური - ჭიმღაში, შიო ოჩიაური - ახიელში, გაბო წიკლაური კი ამღაში ცხოვრობს. არხოტს ინგუშეთი ესაზღვრება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკაა. სოფელ ამღას ინგუშეთის უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 20 კილომეტრი აშორებს.

„მტერი ადგილობრივის ნახნავ-ნათესმა უნდა შეაშინოს. ადგილობრივის ბოლმა და ადგილობრივი ბიჭის აკვანმა. მე რომ აქ 37 წლის წინ არ დავრუნებულიყავი, სამი ინგუში კვებავდა უკვე ცხვარს არხვატის მთებში. ერთს, აბდუსალამს 18 შვილი ჰყავდა, მეორეს 11 და მესამეს 7. ახლა ხომ ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა, ხოდა მიხედეთ“, - ამბობს გიგლა ოჩიაური.

არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარეობს და პირიქითა ხევსურეთის ხეობაა. არხოტის უღელტეხილის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3150 მეტრზეა. გარესამყაროსთან მას ორი გზა აკავშირებს – ერთ საფეხმავლო გზას სოფელ როშკამდე მთების, მდინარეებისა და კლდეების გადავლით მივყავართ, მეორეს კი ინგუშეთში. გზის სიგრძე ორივე შემთხვევაში 20 კილომეტრია. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინგუშეთის მხარეს მიმავალი გზის ლანდშაფტი ნაკლებად მკაცრია და ისინიც ზამთარში ამ უკანასკნელს ირჩევდნენ ექიმის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სხვადასხვა საქმეების მოსაგვარებლად. 1994 წელს, რუსეთმა საზღვარზე საგუშაგო გახსნა და არხოტელებს ინგუშეთში მიმავალი გზა ჩაუკეტა.

არხოტი წლიდან-წლამდე იცლებოდა. დიდი ხანია, რაც აქაურობა უკანასკნელმა ექიმმა, მასწავლებელმა და ბავშვმა დატოვა. სამანქანო გზის არ არსებობის გამო, ბარში ჩამოსაღწევად, ფეხით ათობით კილომეტრის გავლა საკმაოდ რთული იყო,ზამთარში კი შეუძლებელი.

არხოტი სექტემბრის ბოლოდან თეთრად იფერება და გარესამყაროს 8 თვით წყდება. ზამთრის გრძელი ღამეების სიბნელეს მბჟუტავი ნათურა ფანტავს. ჰესი, საიდანაც ადგილობრივებს სინათლე მიეწოდებათ, კარგა ხანია შეკეთებას საჭიროებს. მობილურ კავშირგაბმულობას აქამდე ჯერ არ ჩამოუღწევია. არხოტში დარჩენილი სამი კაცის ამბავს ახლობლები მხოლოდ ივნისში იგებენ.

დროის სვლას აქ ამინდით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კი ზაფხულობით შემთხვევით ჩამოსული ტურისტის მეშვეობით იგებენ. არხოტში ცვლილებები თითქმის არასდროს ხდება. ასე ცხოვრობს მუდმივად საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას სამი კაცი - გიგლა, შიო და გაბო, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო არ დატოვეს.

„37 წელი, ხან მომაკვდავი შვილი მეჭირა ხელში, ხან დედა, ხან მამა და ხან ძმა. ამ წვალებას ვერ გადაუთარგმნი ბედნიერებაში, ფუფუნებაში მყოფ ადამიანს. რატომღაც სულ გულცივი ხალხი მოდის ხელისუფლებაში... მაგრამ, ვერ შეაყვედრი სამშობლოს, მიყვარხარო. სამშობლოს გამო ვითმენთ ამ ყველაფერს“- გვიყვება გიგლა ოჩიაური.

წლების შემდეგ, პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში ცვლილებების დრო დგება. სოფელ როშკიდან არხოტამდე საავტომობილო გზა გაჰყავთ.  გზას არხოტის სამ მკვიდრთან იმედი მოაქვს.

 

გიგლა ოჩიაურის იმედი

„მე გიგლა ოჩიაური ვარ. 37 წელია ჭიმღაში მარტო ვცხოვრობ. ჩემს იქით არავინ ცხოვრობს. აქ (არხოტში) სამი ადამიანი ვართ. ვინმე რომ გარდაიცვალოს, მიწის ამომთხრელი არავინაა.

იქნებ ამ გზას ვინმე ამოჰყვეს, იქნებ ვინმე მოსახლდეს. ფქვილს და ნავთს მაინც ამოიტანს თავისით და გამგებელს აღარ დავუწყებთ ხვეწნას, რომ ერთხელ მაინც შეგვეშველოს ვერტმფრენით. რა გახდა ერთი ექთნის ხელფასი, ნემსი რომ გაგვიკეთოს. ეს ხომ სტრატეგიული ადგილია. არხოტი ხომ პატარა სახელმწიფოა. ასეთ ადგილებს ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება“.

გიგლა სოფელ ჭიმღაში დაიბადა. საშუალო განათლება ბარისახოს სკოლა-ინტერნატში მიიღო. ბარში ჩასვლის ცდუნებას, მიწა-წყლის სიყვარულმა სძლია და 37 წლის წინ, არხოტში დაბრუნდა. მთაში გატარებულმა წლებმა, მთის სიყვარულმა და გამოცდილებამ, მთის ამბებში საუკეთესო ექსპერტის წოდება მიანიჭა. ფიქრობს, რომ მთაში ხალხის დასაბრუნებლად გზის გაყვანა საკმარისი არ არის და სახელმწიფომ ახალგაზრდები სხვაგვარადაც უნდა დააინტერესოს.

„ეს გზა წელიწადში მაქსიმუმ 4 თვე იქნება, მეტი ხომ არა. მოვა თოვლი და დავრჩებით ისევ ხეობაში. აქ რომ ბავშვი დაიბადოს, ახალგაზრდებს, ოჯახებს დაინტერესება სჭირდებათ. იმათ სარჩო-საბადებელი უნდათ. გინდა საბაგირო გაიყვანე, ხალხი თუ არ დააინტერესე, ისე აქ არავინ მოვა“.

შიო ოჩიაურის იმედი

გიგლას ძმა ჰყავს, შიო ოჩიაური. ის ახიელში ცხოვრობს და გიგლასგან რამდენიმე კილომეტრი აშორებს.

„ეს გზა ბევრ შეღავათს მისცემს მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო პირობებს გაიუმჯობესებენ, საოჯახო ტურიზმს განვითარების საშუალება ექნება. ჩვენ პრობლემა-პრობლემაზე გვაქვს.

ქართული ტელევიზია გაგვითიშეს. ინფორმაციის მიღების არანაირი წყარო არ გაგვაჩნია. რადიო ვიყიდეთ და არ დაიჭირა. ტელეფონი არ მუშობს. ვთქვათ და ადამიანი ავად გახდა, რა უნდა ქნა? თოვლის დროს მესაზღვრეებთან ვერ გავდივართ, ანუ დაღუპულია კაცი“.

შიო ოჩიაური 26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის გარდაცვალების ფაქტს იხსენებს. ერეკლე 2013 წლის 2 იანვარს არხოტში დაიღუპა. ახალგაზრდა მდინარეში ჩავარდა და გაიყინა. შიოს აზრით, სამედიცინო დახმარების გამოძახება რომ შეძლებოდათ, ერეკლეს გადაარჩენდნენ.

არხოტელებს გულში ერთი წყენა უდევთ. ბოლო რამდენიმე წელია მათთან არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ ასულა.

„5 წელია არც რაიონის გამგებელი და არც დეპუტატი არ მინახავს. წინა ხელისუფლების დროს გამგებელიც მოდიოდა და გუბერნატორიც. დახმარებას კი ვითხოვთ, მაგრამ არაფერი კეთდება. აქ თუ ხალხი არ იცხოვრებს, მარტო მესაზღვრეებს ტერიტორიების დაცვა გაუჭირდებათ. ინგუშებთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ საფრთხეს რუსი მესაზღვრეეები ქმნიან“ - ამბობს შიო ოჩიაური.

ბარში წელიწადში ერთხელ ჩამოდის. მისი ასაკის კაცისთვის ფეხით 20 კილომეტრის გავლა საკმაოდ რთულია. არხოტში ამბობენ, რომ მათ პურს ცხენის ოფლის გემო აქვს. თუმცა, ხშირად, ბარისახოდან ცხენზე აკიდებული ფქვილის ტომარა დანიშნულების ადგილამდეც ვერ აღწევს. უგზოობისა და უამინდობის გამო, ცხენიც დაკარგულა და ბარგიც.

გაბო წიკლაურის იმედი

პასპორტში დავით წიკლაურია, თუმცა არხოტში ყველა გაბოს ეძახის.

„ტელეფონი ჩვენთვის არ არის. ვართ ღმერთის ანაბარა. გზა სექტემბრის ბოლოდან იკეტება და მაისის ბოლომდე  უგზო-უკვლოდ ვართ. სასაზღვრო პოლიცია რომ არა, ცხოვრება უფრო გაჭირდებოდა“.

სასაზღვრო პოლიციას არხოტელების ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. აქ ის პირველადი გადაუდებელი დახმარების ცენტრიცაა და მგზავრების გადაადგილების საშუალებაც. თუ არხოტიონს ექიმთან ეჩქარება, ან ბარიდან ფქვილის ტომარა აქვს წამოსაღები, სექტორი „ტანიე“ უარს არასდროს ეუბნება. ფრენა თვეში ერთხელ, მესაზღვრეების შეცვლის დროს სრულდება.

„გზა მნიშვნელოვანია, ხალხი მოვა“- გვეუბნება გაბო, „გადმოვიდნენ, მოგვხედონ“.

გზის გაყვანა სამივე არხოტიონს უკეთესი მომავლისა და მთაში ხალხის დაბრუნების იმედს აძლევს.

არხოტი ზაფხულობით ცოცხლდება. მშობლიურ კერას მთიდან წასულები 3–4 თვით უბრუნდებიან. უკან, ბარში ჩასვლა, სკოლაში სწავლის დაწყებამდე უნდა მოასწრონ. რამდენიმე მათგანი არხოტში უფრო დიდხანს რჩება.

შემოსავლის ერთადერთი წყარო აქ მესაქონლეობაა. ნატურალური რძე, ყველი და ერბო,  არხოტელებს ბარში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ - მუნიციპალიტეტის მიერ შვეულმფრენის გამოყოფის დროს გადააქვთ. გასაყიდი პროდუქციის ნაწილი ერთმანეთზე დაწყობისას გზაშივე ფუჭდება.

არხოტელები ხელისუფლების ავ-კარგიანობას გაკეთებული საქმის მიხედვით აფასებენ. ტელევიზიის არქონის გამო, ვერც პოლიტიკოსების გამოსვლას ადევნებენ თვალყურს, არც საგარეო პოლიტიკით ინტერესდებიან. მათთვის არხოტი მთებში ჩაკარგული პატარა სახელმწიფოა, სადაც ჯერ გზას არ ჩაუღწევია, არ ჩართულა მობილური ტელეფონი და ავადმყოფის ჯანმრთელობაზე ექიმს არ უზრუნია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში