საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ღვარცოფული პროცესების გამო დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

17:50 - 14 აგვისტო 2017 hits 4123

ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით მუშაობა შეწყვიტა ყაზბეგის საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა, საიდანაც თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

„ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა. შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

დარიალის ხეობაში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვასთან ერთად, ასევე შეჩერებულია ფიზიკური პირების გადაადგილება.

სტიქიურ პროცესზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას შეისწავლიან“, – განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

საავტომობილო გზაზე მოძრაობა სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად, რისკის შემცირების შემდეგ აღდგება.

შეგახსენებთ, 2014 წლის 17 მაისს, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას. სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

იმავე წლის 20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფულმა ნაკადმა კიდევ გაიარა ისევ იმ ადგილზე, სადაც 17 მაისს კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა. ღვარცოფის შედეგად, 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც საქართველო – რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა ლარსის ჰესი, დაიტბორა ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და „დარიალი ჰესის“ გვირაბი. „ლარსი ჰესზე“ დასაქმებული 2 მუშა გვირაბში დარჩა. ისინი გარდაცვლილები იპოვეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში