საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

24 გადარჩენილი სიცოცხლე - რა პირობებში მუშაობს თუშეთის ერთადერთი ექიმი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:29 - 14 ივლისი 2017 hits 38935

ზაფხულში ცხენით ან ფეხით დადის, გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე, ორმეტრიან თოვლში კი - ხელნაკეთი თხილამურებით. ამბულატორიაში დენი არ აქვს, ღამით სანთლის შუქზე ადებს თაბაშირს და კერავს ჭრილობებს. იმ სოფლებამდე, სადაც ერთი ან ორი ადამიანიღა ცხოვრობს, მისი სახლიდან 25 კილომეტრია, თუმცა მანძილი არ აფრთხობს, ჩემი თავი მარტო დარჩენილებს კიდევ უფრო ხშირად სჭირდებათო, ამბობს. „ეს ცხენი მაჩუქა გაფრინდაულმა ფიდომ და ასე მითხრა, ერთ კაცსაც რომ სიცოცხლე აჩუქო, ის რად არ ღირსო ...“ 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ სიცოცხლე უკვე 24 ადამიანს აჩუქა. ის თუშეთის 52 სოფლის ერთადერთი ექიმია.

გომეწრის ხეობის სოფელ ბოჭორნაში 2010 წლიდან ცხოვრობს. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერისას ის ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მკვიდრი იყო. სწორედ მისი წყალობით, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტად აღიარეს. მანამდე ეს სტატუსი სვანეთის სოფელ უშგულს ჰქონდა, რომლის სიმაღლეც ბოჭორნას დაახლოებით 100–145 მეტრით ჩამორჩება.

 

ექიმი ზაფხულში ცხენით, ზამთარში ხელნაკეთი თხილამურებით

„ზამთარში გომეწრის ხეობაში, წოვათას ჩათვლით, 18 სოფელში ერთადერთი კაცი ცხოვრობს ალისგორში - ზეზვა ელიზბარიძე. ჩემი სოფლიდან დაახლოებით 25-26 კილომეტრია. იქ არც მობილური იჭერს. კაციშვილმა არ იცის მკვდარია თუ ცოცხალი. მარტო ის ხომ არაა, რომ ავადმყოფი ინახულო. ისიც ხომ ადამიანია. 1972 წლის შემდეგ კაციშვილი არ დარჩენილა ამ 18 სოფელში და ეს ხომ მეტად დასაფასებელია. შარშანაც დიდთოვლობას წავედი, მარტში. წელსაც მოსანახულებლად ვიყავი. რომ გაუჭირდეს, ვერც დამირეკავს“.

იანვრის 15-ს იხსენებს, ომალოდან ბოჭორნამდე, ამბულატორიიდან საკუთარ სახლამდე 10 თუ 11 საათი რომ მოუნდა გზას, - „საშინელი თოვლი იყო. მერე თვითონ გავაკეთე თხილამურები, რაც სახლში მქონდა იმით, ფიცარი, პლასტმასი, ბოთლები. დაახლოებით 7,5-ჯერ ამცირებს ჩემს წნევას თოვლზე. ამ თხილამურებით გადავედი წელს ალისგორში. 9 საათი მაინც მოვუნდი. ისე ვერ გავდივარ თოვლში, შეიძლება ჩავვარდე და ჩემზე მაღალია ხოლმე, ვეღარ ამოვალ“, – ამბობს ირაკლი ექიმი, თან თავის თხილამურებს გვიჩვენებს და გვიხსნის, როგორ იმაგრებს.

ზამთარში ძირითადად ბოჭორნაშია, საცხოვრებელ სახლში. ამბულატორიაში შუქი არ აქვს. ელექტროენერგია მთელ თუშეთში მხოლოდ სოფელ შენაქოშია, რომელსაც საკუთარი მცირე ჰესი აქვს. დანარჩენ სოფლებში მოსახლეობის ნაწილი მზის ელექტრომოდულებს იყენებს.

„ღამის საათებში თაბაშირს სანთლის შუქზე ვადებ და ჭრილობასაც სანთლის შუქზე ვამუშავებ, რადგან ამბულატორიაში შუქი არ მაქვს. არ დადგეს მზის დაფა. ყველაფერიც იციან. აგრეგატი რომ არის, ისიც გამგებელმა მოიტანა შარშან, მაგრამ იმას ხომ საწვავი უნდა? საწვავს ფული უნდა. სხვა ისეთი არაფერი პრობლემა არაა, ეგ არის, რომ სოფლებამდე გასვლა ფეხით მიხდება“.

ირაკლი ექიმს იმ ავტომობილს ვახსენებთ,  2014 წელს ჩეხეთის მთავრობამ თუშეთს საჩუქრად რომ გადასცა. მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანა „მიცუბიში – პაჯერო“ (28 669 ევროს ღორებულების), რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მხოლოდ თუშეთს უნდა მომსახურებოდა, ორი წლის განმავლობაში ახმეტაში იყო. ახალ ავტომობილს ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პირადი კომფორტისთვის იყენებდნენ. ავტომობილი თუშეთს გასული წლის ზაფხულში გადასცეს მას შემდეგ, რაც ამ ამბავზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა.

„ეგ მანქანა სამი ან ოთხი თვეა აქ. მერე ბარში მიაქვთ, ახმეტაში. ამაზე დიდი უკმაყოფილებებიც იყო. მე არავისი არაფერი მინდა, მე არც მძღოლობა ვიცი. აგერ ჩემი მანქანა (ცხენზე გვანიშნებს) მაგრამ კუთხეს და მოსახლეობას სჭირდება“, – გვეუბნება ირაკლი ხვედაგურიძე.

მთელ თუშეთში ერთი ტრაქტორი მაინც თუ დარჩა გზების გასაწმენდად, სოფლებს შორის მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება 7–8 თვის განმავლობაში შესაძლებელია. მართალია მიმდინარე წლის ზაფხულიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე უღელტეხილი ჩაიკეტება, ომალოს ამბულატორიაში ახმეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფიც მორიგეობს, თუმცა იმ სოფლებამდე, სადაც სამანქანო გზა არ მიდის, ასეთი კი ბევრია და ზაფხულში ხალხიც ცხოვრობს, ისევ ირაკლი ექიმის იმედად არიან.

 

დაცლილი ხეობები და ქართული ხმა ირანიდან და თურქეთიდან

თუშეთში 52 სოფელია. მათი ნაწილი დაცლილია. ზამთარში მთელ თუშეთში მუდმივად 20–25 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 19 ადამიანი სოფელ ომალოში, რომელიც თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. თითო ან ორი ადამიანი რჩება შენაქოში, კვავლოში, ბოჭორნასა და ალისგორში. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე იკეტება და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი, ისიც კარგი ამინდების შემთხვევაში.

„სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს დღევანდელი ზამთრის ყოფა მთა–თუშეთის სოფლებში.

მოსახლეობის არდარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფორმაციის ვაკუუმია. 46 სოფლიდან 31–ში მობილური არ იჭერს. მეტსაც გეტყვით, რადიო არ იჭერს. ინფორმაცია რომ გინდოდეს, ღამის 11 საათზე ირანიდან გამოდიან ქართულად ფერეიდნელები და დღის 12 საათზე გამოდის თურქეთი, 1 საათიანი გადაცემა აქვთ ქართულად“

ბოჭორნაში, ირაკლი ექიმის საცხოვრებელ სახლშიც ქართული რადიო მხოლოდ აივანზე და მის ოთახში იჭერს, ხარვეზებით, მაგრამ ხმა მაინც ისმის.

„შუქი მაქვს მთელი ღამე. ჩემს ასაკში ღამის 4-5-6 საათი საკმარისია ძილი და დანარჩენ დროს რა უნდა ვაკეთო, ან კროსვორდებს ვავსებ, სუდოკუს, ან ვკითხულობ და შუქი ხომ მინდა. არ შემიძლია მე უსაქმოდ“, – წუხს, რომ ინფორმაციას ვერც ტელევიზიით იღებს, რადგან მისი მზის ელექტრომოდული ტელევიზორსაც ვერ ამუშავებს, - „ბოლო-ბოლო დღევანდელ ამბავში ხომ იცით ყველაზე საშინელებაა ინფორმაციით შიმშილი. ეს უნდა გამოასწოროს დღევანდელმა მთავრობამ“.

 

„რა უჭირს მთავრობას ამისთანა?“

2017 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ვერტმფრენით მომსახურების შესაძენად 70 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც მოგვიანებით 48 ათას ლარამდე შემცირდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც „მთის ამბებმა“ ვრცელი მასალა მოამზადა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ფრენებისთვის გამოყოფილი თანხა თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებას ხმარდებოდა და რომ თუშებისთვის 1250 ლარის ღირებულების პროდუქტის ჩასატანად, ხელისუფლება ვერტმფრენის ერთ რეისში დაახლოებით 25 ათას ლარს იხდიდა.

ერთი რეისი, თუკი ვერტმფრენს თუშეთში დიდხანს ლოდინი არ მოუწევს, დაახლოებით 5-6 ათასი ლარი ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ბიუჯეტით 10-15 რეისის შესრულება იქნებოდა შესაძლებელი. იმ პერიოდში, როცა დიდთოვლობის გამო თუშეთის საავტომობილო გზა იკეტება, ადგილობრივები თვეში ორჯერ ან ერთხელ მაინც შეძლებდნენ გადაფრენას.

„ის სკამები დროებითაა გარდა რამდენიმე პროფესიისა. ბარათაშვილისა არ იყოს, „არცა ის ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და იმ სოფლისთვის არა იზრუნოსო“. იქ, ზეით, რომ ზიან არაა, რასაც იტყვიან უნდა გააკეთონ“ - ირაკლი ექიმი წელს პრემიერ-მინისტრის მადლიერია, რადგან გიორგი კვირიკაშვილმა კვირაში ერთი ავიარეისი დანიშნა მოსახლეობისთვის, ვიდრე საავტომობილო გზა გაიხსნებოდა.

„ეს იყო ეროვნული საქმე. ყოველკვირეულად და ორ კვირაში ერთხელ თუ ვერ იქნება სამოქალაქო ფრენა, თვეში ერთხელ მაინც იყოს, რომ 8 თვე მოწყვეტილები არ ვიყოთ დანარჩენ სამყაროს. ადამიანებს არ შეეშინდეთ, რომ 8 თვე ჩაკეტილები იქნებიან. თვეში ერთი რეისი მაინც, და რა უჭირს მთავრობას ასეთი, ვერ გავიგე მე“.

ექიმისთვის, რომელიც დაცლილ ხეობებს და სოფელში მარტო დარჩენილ ადამიანებს თითქმის ყოველდღე ხედავს, მხოლოდ ავიარეისი მთის გადასარჩენად გამოსავალი მაინც არ არის, - „რაღაც სამუშაო ადგილები უნდა გამოინახოს, რომ ახალგაზრდები დარჩნენ, შვილები ჰყავდეთ. თუნდაც 5 ბავშვი იყოს, სკოლა უნდა იყოს, საბავშვო ბაღიც. ეს რომ იქნება, ამოვა რამდენიმე ოჯახი. ბავშვი იქნება, მასწავლებელი იქნება, საბავშვო ბაღში აღმზრდელი, გაიზრდება მოსახლეობის რაოდენობა. ხალხსაც სტიმული მიეცემა. ხელის ერთი მოსმით უცებ ვერავის ვერ დაასახლებ, თუ წინასწარ პატარ-პატარა თანმიმდევრული პირობები არ შეუქმენი, რომ მოსახლეობა დააინტერესო. მოდიან, გვპირდებიან, ჩემს ჯიბეში კანფეტია, მერე გასცდებიან კავკასიონს და როგორც თიბათვის თოვლი, ასე იკარგება მათი დაპირებები“.

საქართველოს სხვა საზღვრისპირა მაღალმთიანი რეგიონების მსგავსად თუშეთშიც მესაზღვრეებს ემადლიერებიან. ესენი რომ არ გვყავდნენ, თვეში ერთხელ რომ არ იცვლებოდნენ, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ნახევარიც არ დარჩებოდაო.

„ის რეისები მათთვის კი არის განკუთვნილი, მაგრამ ძირითადი გაჭირვების დროს ვინც არის აქედან ჩასული, ან უჭირს ოჯახს, აყოლებენ ხოლმე. გარდა ამისა, ძალიან გვიწყობენ ხელს. თუნდაც ომალოში ზურაბ მოურავიძე, მეტსახელად კოდექსა. არ არსებობს გაჭირვების პერიოდი რომ არ დაგვეხმაროს. ერთი სიტყვით მესაზღვრეების დიდი იმედი გვქონდა და გვაქვს“.

 

რუსული საფრთხე

თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი ესაზღვრება, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი. ირაკლი ხვედაგურიძე 1961 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს:

„1949 წლიდან მთა–თუშეთიდან ხე-ტყე დაღესტანს გაჰქონდა. გაზაფხულზე მოდიოდნენ, ხეობების თავზე რაც არის, ფიჭვნარს ჭრიდნენ, მერე მდინარით დაღესტანში გაჰქონდათ. 1961 წელს ჩამოვიდა მჟავანაძე, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. თუშეთის მოსაზღვრე სოფელი ხუშეტია. დაღესტნელებს მოსკოვში საკითხი დაუყენებიათ, აგერ, ჩვენ, საბჭოთა კავშირის დიდი ოჯახის წევრები ვართ, გვიჭირს, ადგილები არ გვაქვს და თუშები, რომლებსაც ედემივით ადგილები აქვთ, მხოლოდ საზაფხულო საძოვრებად იყენებენო. ამ დროს ხრუშჩოვმა დაიბარა მჟავანაძე, ასეთი ამბავი ყოფილაო. არვიცი, ჩავალ და ვნახავო. ჩამოვიდა მჟავანაძე, ინაური ჩამოჰყვა, ხელახალი კოლექტივები შექმნა ომალოს, დიკლოს და შენაქოს სოფლებისგან, სასოფლო საბჭო ჩამოაყალიბებინა და 3 ძლიერი აგრეგატი ჩამოატანინა. ერთი შენაქოში დაიდგა, ერთი ომალოში და ერთიც დიკლოში. ბრძანება მისცა ყველას, რომ შუქი ღამე კი არა, დღეც არ ჩააქროთო. მაშინ კაგებე ხომ იცით როგორ მუშაობდა, გადმოდიოდნენ და ხედავდნენ შუქი ენთო და ხალხი ცხოვრობდა, თუშეთი შევინარჩუნეთ და დაღესტნელებს არ გადასცეს. 1961 წელს ხე-ტყის ჭრაც შეუჩერა მჟავანაძემ დაღესტანს. ამიტომ კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმრთისა, არავის არაფერი არ უნდა დავუკარგოთ.

თუ არ მიწყენთ, მე არც კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი, არც პოზიცია ვარ და არც ოპოზიცია, ჩემი თავი შემოევლოს ყველა ერისკაცს და ერისქალს. თუ არა მჟავანაძე დღეს აქ დაღესტანი იქნებოდა.

შევარდნაძემაც ბევრი რამ გააკეთა თუშეთისთვის. გზა გამოიყვანა აქამდე და კახეთთან დაგვაკავშირა. მარტო გზა კი არ შემოიყვანა, ფერმები ააშენა, ხალხი დაასაქმა. მეტსაც გეტყვით, სოფელ ნაფარეულიდან სამფაზიანი დენი შემოვიდა ომალოში, ჩაღმის ხეობებში, სოფლებში, პირიქითისკენ მიდიოდა, ჩვენს სოფლამდეც მოვიდა, მაგრამ ამ დროს უკვე მოაღწია 1990-91 წლებმა და მერე ეს მილიონობით ჩადებული ქონება დაიტაცეს. ანძებიდან მავთულები ჩამოყარეს და ჯართში ჩააბარეს. დღეს თუშეთი რომ დაცლილია უტელეფონობის, უშუქობის, უგზოობისა და ინფორმაციის ვაკუუმის შედეგია“.

თუშეთის სოფლებში ჭეროსა და ინწუხში, სადაც აღარავინ ცხოვრობდა, 2008 წლიდან რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარი გადმოწიეს და დაახლოებით 24 კვადრატული კილომეტრი მიითვისეს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში