საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პირველად არხოტის სოფლებში სამანქანე გზით ივლისში მივალთ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:38 - 25 აპრილი 2017 hits 19813

კავკასიონს გადაღმა, პირიქითა ხევსურეთის არხოტის სამ სოფელს – ამღას, ახიელსა და ჭიმღას სოფლის სტატუსს 6 ადამიანი უნარჩუნებს. ჭიმღაში მუდმივად ერთადერთი კაცი, გიგლა ოჩიაური ცხოვრობს, ახიელში კობა ცისკარაული და შიო ოჩიაური. არხოტში ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელი ამღაა სამი ადამიანით – დავით, თამარ და გიგი წიკლაურები. არხოტამდე პირაქეთა ხევსურეთიდან სამანქანე გზა არასდროს ყოფილა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და მესაზღვრეების ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. არხოტში სამანქანე გზა მხოლოდ ინგუშეთიდან შემოდიოდა.

უგზოობის გამო არხოტი ნელ–ნელა დაიცალა. უკანასკნელმა სამბავშვიანმა ოჯახმა ახიელი 2013 წელს დატოვა.

„ამ გზის მნიშვნელობა ძალიან დიდია როგორც სტრატეგიული დანიშნულებით, ასევე ამ მხარის ეკონომიკური განვითარების კუთხით. სტრატეგიული დანიშნულებით იმ მხრივ, რომ ამღას, პირიქითა ხევსურეთს ჩრდილოეთით ინგუშეთი ესაზღვრება. ჩვენი ინფორმაციით, სურვილი აქვთ ინგუშეთიდან აქეთ გადმოიწიონ. როგორც კი ინგუშეთიდან ამ ხალხის აქეთ გადმოწევა მოხდება, ავტომატურად შეიძლება მოხდეს საზღვრის გადმოწევა“, – განუცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა 2013 წლის დეკემბერში მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.

2014 წლის 2 იანვარს არხოტში 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული დაიღუპა. მას ყინულზე ფეხი მოუცურდა, მდინარეში ჩავარდა, დასველდა, სიარულის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გაიყინა. ვიდრე მესაზღვრეებს ხმა მიაწვდინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, სანამ თბილისში ვერტმფრენი იშოვეს და ექიმები არხოტში ჩაფრინდნენ, ერეკლე გარდაიცვალა.

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის მიხედვით, გზა სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე – ზღვის დონიდან 2960 მეტრზე და მთავრდება მდინარე ასას ხეობის გავლით სოფელ ჭიმღაში. სამუშაოებს შპს FIN –ESTATE ასრულებს. გზის მშენებლობისთვის 10 900 000 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლევან სუხიტაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაიჭრება 6 მეტრი  სიგანის საავტომობილო გზა. გზაზე ასევე დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. მათ შორის, გაკეთდება 7 ხიდი და მოეწყობა ნაპირდამცავი ნაგებობები.

„ძირითადად რთული რელიეფური სიტუაცია სადაც გვქონდა, ვგულისხმობ არხოტის უღელტეხილს, გავცდით და ახლა შეჩერებული ვართ მე–18 კილომეტრზე, სადაც რელიეფი სწორდება. საბოლოო ფორმირება გზას არა აქვს, თუმცა სამუშაოების 75–80% შესრულებულია. უკვე გაჭრილ გზაზე დარჩენილია ფერდობების დამუშავება, მიწის სხვა სამუშაოების ჩატარება და ა.შ.

– რა ფორმითაც გზა უკვე არსებობს, თოვლის დნობის შემდეგ არხოტის უღელტეხილის გავლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანებით?

– ნებისმიერი გამავლობის მანქანა შეძლებს უკვე არსებულ გზაზე მოძრაობას.

– პირველ სოფლამდე რამდენი კილომეტრია დარჩენილი?

– 6 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი სოფელ ამღამდე.

– როდის აპირებთ სამუშაოების განახლებას და რა დრო დასჭირდება ამღამდე გზის გაჭრას?

– სამუშაოების განახლებას 15–20 მაისიდან ვგეგმავთ თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა. რაც შეეხება ამღამდე დარჩენილი მონაკვეთის გაჭრას, ვვარაუდობთ, რომ ივლისის ბოლოს ამღაში მანქანით ასვლა შესაძლებელი იქნება. ამღამდეა მთავარი, თორემ ახიელსა და ჭიმღაში გადასვლა პრობლემა აღარ არის, მცირე სამუშაოებია ჩასატარებელი. კონტრაქტორი ვალდებულია, რომ გზის მშენებლობა ჭიმღას ჩათვლით წელს, ოქტომბრის ჩათვლით დაასრულოს. იქნება ხრეშოვანი საფარის გზა. გზის საფარში გათვალისწინებულია არსებული გრუნტის, კლდოვანი მასალის, თიხა–ქვის გაფხვიერება, რომ ტახალი არ იყოს და ზედაპირი გამაგრდეს.

– რა დრო დასჭირდება როშკადან ამღამდე ავტომობილით ასვლას?

– როშკადან ამღამდე დაახლოებით 30–40 წუთის სავალი იქნება.

– ზამთარში თუ გაიწმინდება ეს გზა, ვინ უპატრონებს მას?

– დასრულებულ სამუშაოებს გადავცემთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ის იღებს ვალდებულებას, შეძლებისდაგვარად გზა იყოს მუდმივად გავლადი. ეს საკმაოდ რთული იქნება ზამთარში, დიდთოვლობის გამო, რადგან არხოტის უღელტეხილი ზღვის დონიდან 2960 მეტრზეა (ინფორმაციისთვის: დათვიჯვრის უღელტეხილი, რომელიც პირიქითა ხევსურეთის შატილის მხარესთან გვაკავშირებს ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა. აბანოს უღელტეხილი კი, რომელზეც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა. ორივე უღელტეხილი დიდთოვლობის გამო ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით ან მაისის ბოლომდე ჩაკეტილია. ავტ).

– ბატონო ლევან, რაც შეეხება ბარისახო – როშკას არსებულ გზას, ხომ არ გეგმავთ მის რეაბილიტაციასაც?

– ბარისახო–როშკას 7 კილომეტრიანი გზა საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, ძირითადად გაფართოებას. საკმაოდ ვიწრო გზაა, დაახლოებით 3–დან 5 მეტრამდე მერყეობს სიგანე. ზოგიერთ ადგილზე ჯიბეებია გაკეთებული, შემხვედრმა ავტომობილმა გვერდის აქცევა რომ მოახერხოს. ამ ეტაპზე, გზის ამ მონაკვეთზე, როშკა–არხოტის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის. ბარისახოდან როშკამდე იმ 7 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლასაც იგივე დრო დასჭირდება, 30–40 წუთი, რაც როშკადან ამღამდე 28 კილომეტრის გავლას. საერთო ჯამში ბარისახოდან ამღაში ავტომობილით ასვლას დაახლოებით 60–70 წუთი დასჭირდება.

როშკა–არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნებას რამდენიმე ოჯახი აპირებს. ამ გზის მშენებლობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საუკუნის პროექტი უწოდა.

ახალმა გზამ 5 კილომეტრით უკვე შეამცირა საფეხმავლო მანძილი ისეთ პოპულარულ მარშრუტებამდე, როგორიცაა აბუდელაურის ფერადი ტბები და ჭაუხები.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში