საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დუშეთის გამგებლის უკანონო ბრძანებებით ბიუჯეტი 81 ათასი ლარით დაზარალდა

22:12 - 24 მარტი 2017 hits 9912

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის მიერ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2014-2016 წლებში ბიუჯეტიდან განაცდურისა და კომპენსაციის სახით 69 700 ლარი აუნაზღაურდათ. რიგში გასულ წელს გათავისუფლებული კიდევ ორი ადამიანია: გამგებლის უკანონო ბრძანების გამო ამ დროისთვის მათ განაცდურის სახით უკვე 11 560 ლარი ეკუთვნით.

2017 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დუშეთის გამგეობას თამაზ უნდილაშვილის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალა. დუშეთის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა პირველი მოადგილე, თამაზ უნდილაშვილი დასაბუთების გარეშე, ე.წ. დისკრეციული უფლების გამოყენებით 2016 წლის 26 აგვისტოს გაათავისუფლა. გამგებლის პირველი მოადგილის ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი 1040 ლარია. თამაზ უნდილაშვილს დღეისთვის განაცდურის სახით უკვე 8320 ლარი ეკუთვნის.

დუშეთის გამგებელს სასამართლო დავა მოუგო ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილმა წარმომადგენელმა, ზურა ბურდულმაც. ის გამგებელმა სამსახურიდან 2016 წლის 26 სექტემბერს გაათავისუფლა. ბურდულმა სარჩელით მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. მცხეთის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით კი, დუშეთის გამგეობას მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. ზურა ბურდულის ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი 648 ლარია. მას განაცდურის სახით ამ დროისთვის უკვე 3240 ლარი ეკუთვნის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2014-2015 წლებში გამგებელმა თანამდებობებიდან 18 დასაქმებული გაათავისუფლა. სამმა მათგანმა გამგებლის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა და დავაც მოიგო.

აუდიტის დასკვნაში დუშეთის გამგეობაში გამოვლენილი სხვა დარღვევებიც მოხვდა. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეებზე უკანონოდ იქნა გაცემული სამკურნალო თანხები, - ჯამში 2 800 ლარი. მათ შორის, საფინანსო სამსახურის განყოფილების ყოფილი უფროსის ირაკლი წიკლაურისთვის (იგი ამჟამად გამგებლის მრჩეველია) დაფინანსებულია ანალიზები და ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი) - 494 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამილა ნადირაშვილს და მის შვილს ანი ნათელაშვილს, - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზებზე - 740 ლარი, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ეკა აფციაურს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციაზე - 584 ლარი, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლაშა სალბიშვილს - თვალის მიკროქირურგიული მკურნალობისთვის გადაერიცხა 518 ლარი და სხვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში