საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

21 წლის მესაზღვრე არხოტიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:24 - 05 მარტი 2017 hits 21044

27 მარტს 22 წლის ხდება, თუმცა დაბადების დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ვერ აღნიშნავს. შარშანდელის მსგავსად, მესაზღვრეების გარემოცვაში იქნება. გასულ წელსაც ამ დღეს არხოტში იყო, 20 წლის გადავიდა და უკვე 21 წლის დაბრუნდა შინ. მარტის ბოლომდე ახლაც არხოტში იქნება, „ტანიეს“ საგუშაგოზე მეკავშირეა.

გია არაბული ხევსურეთის მიმართულებით ყველაზე ახალგაზრდა მესაზღვრეა. ის  თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ნაძალადევში ცხოვრობს. თბილისის მე-14 საჯარო სკოლა დაამთავრა. მოკლედ, როგორც ამბობს, „ნახალოვკელი“ ხევსურია.  

„ოცდაერთი წლის ვარ და წელიწად-ნახევარია, რაც სასაზღვრო პოლიციაში ვმსახურობ. დანიშვნის დღიდან ამ სექტორზე ვარ, სექტორ „ტანიეზე“.

რამ განაპირობა ჩემი არჩევანი? მამაც 17 წელია სასაზღვრო პოლიციაშია. შეიძლება მისმა მაგალითმაც განაპირობა ჩემი არჩევანი. მკაცრი მთა არის, მაგრამ კარგი პირობები გვაქვს, ჩვენი ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირობები  გაუმჯობესდეს“, - ამბობს გია.

ახლა მიეჩვია, თავიდან უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხევსურია, სოფელიც ხევსურეთში აქვს და ზაფხულს უმეტესად ჩირდილში ატარებდა, არხოტში გადასულს სულ სხვა რეალობა დახვდა:

„აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი, ვერც კი წარმომედგინა დღეს ასეთი ყოფა. თბილისში სულ სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობ: მეგობრები, გასეირნება, კომუნიკაცია, გამოდიხარ მთებს აქეთ და არაფერია მსგავსი, აქ ხალხიც აღარ არის. მესაზღვრეების იმედად არის ეს კუთხე. არც ხალხი, არც რაიმე გასართობი, არც ტელეფონი, არც ინტერნეტი. პირველი თვეები მაინც ძალიან რთული იყო შეგუება. მაგრამ მერე შევეჩვიე“, - ამბობს გია.

- რა გევალება სამსახურში?

- მე კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა მევალება, განწესში გასულ მესაზღვრეებთან, სამმართველოსთან დაკავშირება.

- სირთულეები თუ შეგხვედრიათ?

- ყოველ ნაბიჯზე შეიძლება იყოს სირთულე. აი, ახლაც ხომ დაინახეთ, ზემოთ ზვავი წამოვიდა. ბიჭები განწესში რომ გადიან, ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმეს ფეხი დაუცდეს, რამე იტკინოს, თან აქ არც მანქანაა, არც ექიმი. ისეთი მესაზღვრეები გვყავს, არც მდინარეზე გადასვლა ეშლებათ, არც მთებში სიარული, მაგრამ მაინც ყოველთვის შეიძლება იყოს საფრთხე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით რაიმე სერიოზული პრობლემა არ გვქონია. ასე თუ ისე გამკლავებას ვახერხებთ.  

- გია, რა არის ყველაზე რთული?

- აქ არც ყურადღება გვაკლია, არც - საკვები. პირობებიც, ხომ ხედავთ, მართლაც, კარგი გვაქვს, მაგრამ ყველაზე რთული მაინც კომუნიკაციის არარსებობაა. ყველაზე მეტად რისი დეფიციტიც გვაქვს, ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვენს ახლობლებთან ურთიერთობაა.  უფრო ზამთარია რთული. სიცივეს და მკაცრ კლიმატურ პირობებს კიდევ გაუძლებდა კაცი, მაგრამ... ზაფხულში დარეკვა კიდევ შეიძლება, მთაზე ახვალ და შეეხმიანები შენებს, ზამთარში ესეც ვერ ხერხდება“.

თან გიას შეყვარებული ჰყავს. ისიც მთის შვილია, მთიული, თუმცა თბილისში ცხოვრობს.  

თოვლი რომ დნება, ტანიეს ტბიდან ასე 9 კილომეტრი უნდა იარო, რომ მთაზე ახვიდე და დარეკვა შეძლო.

„ზაფხულში ყველაზე ხშირად მე ავდივარ მთაში. ჯამში 18 კილომეტრი უნდა გაიარო. მეგობრები ტელეფონში აკრეფილ მესიჯებს მატანენ, მე ვაგზავნი. იქიდან პასუხს ველი, იქ დარჩენა შეუძლებელია, ამიტომ დროულად უნდა წამოვიდე, რომ დაღამებამდე ჩამოსვლა მოვასწრო. მთაში მყოფისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შინიდან მიღებული შეტყობინებაა“, - ამბობს გია.

ახლა ზამთარია და მთაზე ასვლაც შეუძლებელია. ერთი თვე საყვარელი ადამიანების ხმასაც ვერ გაიგებენ, მხოლოდ ბარისახოა ხაზზე.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში