საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ოჯახი, რომელიც 25 წელია ქოხში ცხოვრობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:48 - 23 თებერვალი 2017 hits 17183

ჭიკაიძეების ოჯახი დუშეთის რაიონის სოფელ ხომში 25 წელია ქოხში ცხოვრობს. ფიცრებს შორის დარჩენილ ნაპრალებში ქარი რომ არ შევიდეს და სითბო შეინარჩუნონ, ქოხს ცელოფანი აქვს შემოკრული. ოჯახში შვიდი სულია, აქედან სამი მცირეწლოვანია: 5 წლის გია, 3 წლის ალიკა და 7 თვის მარიამი. ისინი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრობენ. დიდმა თოვლმა ან ძლიერმა ქარმა ქოხი შეიძლება ნებისმერ დროს დაანგრიოს.

ბავშვებისთვის არც სკოლამდელი განათლებაა ხელმისაწვდომი. უახლოესი საბავშვო ბაღი სოფელ მაღაროსკარშია, 25 კილომეტრის მოშორებით. ხომიდან ცენტრალურ გზამდე მანძილი 4 კილომეტრია. სოფლის გზა ტყეზე გადის, არის ნადირის თავდასხმის საფრთხე, ზამთარში კი ამ გზის გავლა თოვლის და ტალახის გამო მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაც შეუძლებელია: გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულამდე სოფელში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა ადის

ბავშვებთან ერთად ქოხში კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს: მათი უფროსი ძმა, 21 წლის გიორგი, მშობლები - ლადო ჭიკაიძე და ჩიმნაზი მუსაევა და ბებია, 76 წლის ეთერ ანთაური-ჭიკაიძე.

ხომში ჭიკაიძეების სახლი 1992 წლის 23 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მიწისძვრის ეპიცენტრი მაშინ ბარისახოში იყო. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ხომში ყველა სახლი დაზიანდა, ჭიკაიძეები კი საერთოდ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

„ღია ცის ქვეშ რომ არ ვყოფილიყავით, სახელდახელოდ ეს ქოხი გავაკეთე. მას შემდეგ 25 წელი გავიდა და ისევ აქ ვცხოვრობთ. ყველა ხელისუფლება მპირდებოდა დახმარებას - ოღონდ ხმა მოგვეცით და სახლის აშენებაში დაგეხმარებითო. არჩევნები რომ მთავრდება, დაპირება აღარავის ახსოვს. დუშეთის გამგებელთან, ვაჟა ჩოხელთან დახმარების თხოვნით ბოლოს 2 წლის წინ შევედი. წერილიც დავტოვე, მაგრამ რად გინდა, არავის ვახსენდებით,“ - ამბობს ლადო ჭიკაიძე.

ჭიკაიძეების ოჯახი სოციალურ დახმარებასაც იღებდა, თუმცა მესამე ბავშვის დაბადების შემდეგ დახმარება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ.

„დახმარების ფულით ბავშვებისთვის საჭმელს და ტანსაცმელს ვყიდულობთ. სოციალური დახმარებით ჩვენ სახლის აშენებას ვერ შევძლებთ, სხვა შემოსავალი კიდევ არ გვაქვს. ერთი ძროხის მეტი არაფერი გვყავს. ორი თვეა სოციალური დახმარებაც არ აგვიღია. მესამე ბავშვის შეძენისა და ოჯახში სულადობის შეცვლის შემდეგ დახმარება შეგვიჩერეს. შეგვპირდნენ, დახმარებას მალე აღგიდგენთო, მაგრამ ჯერ არ მიგვიღია,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ჩიმნაზი მუსაევამ.

გასული საუკუნის 40-იან წლებში ხომში 32 კომლს უცხოვრია. ახლა იქ  მხოლოდ 6 ოჯახი, 18 ადამიანიღა ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლის დაცარიელების მთავარი მიზეზი გზა - უფრო სწორად კი  უგზოობაა. ზამთარში ხომში იშვიათად ორხიდიანი მანქანით, უფრო ხშირად კი ცხენით და ფეხით თუ შეიძლება ასვლა. უგზოობა აქ განათლების ხელმისაწვდომობასაც ზღუდავს.

„ზამთარში აქ დიდი თოვლია. წელს გზა კი გაწმინდეს, მაგრამ მაინც რთული გასავლელია. მანქანა ხშირად ვერ ამოდის. 2 წლის წინ ალიკა გაგვიხდა ცუდად. მაღალი სიცხე ჰქონდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ამოვიდა. ქვემოთ, ცენტრალურ გზასთან გაჩერდა. ავადმყოფი, სიცხიანი ბავშვი აქედან სასწრაფო დახმარების მანქანამდე ცხენით ჩავიყვანეთ. გარდა ამისა, ბავშვებმა ხომ უნდა ისწავლონ, ბაღი და სკოლა ხომ აუცილებელია ბავშვისთვის? უახლოესი ბაღი მაღაროსკარშია. იქამდე 25 კილომეტრია. ბავშვები იქ როგორ ვატარო? ცხენზე უნდა დავსვა, ჩავიყვანო დილით, შემდეგ იქ დავრჩე საღამომდე, „ბირჟაზე“ დავდგე  და მერე უკან წამოვიყვანო? გიას მალე სკოლაში მოუწევს მისვლა. არვიცი, რა უნდა გავაკეთოთ,“ - ამბობს ლადო ჭიკაიძე.

„მთის ამბები“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს დაუკავშირდა.

  • ბატონო ვაჟა, ალბათ გაქვთ ინფორმაცია ხომში მცხოვრებ ჭიკაიძეების ოჯახზე. რას აკეთებს დუშეთის გამგეობა იმისთვის, რომ ამ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ჯანდაცვის და განათლების სერვისები ხელმისაწვდომი იყოს?
  • ჩვენ გვაქვს მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი. ასეთი ცენტრი არის მაღაროსკარში, ბარისახოსა და შატილში. ცენტრებში რჩებიან ის ბავშვები, რომელთა სოფელშიც სკოლა არ არის, უახლოეს სკოლამდე კი დიდი მანძილია გასავლელი. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ამ ბავშვების ცენტრში ყოფნის და კვების ხარჯებს დუშეთის გამგეობა აფინანსებს. ასეთი ცენტრი სხვა არცერთ მუნიციპალიტეტს აქვს.
  • სასკოლო განთლებამდე სკოლამდელი განათლებაც ხომ არის აუცილებელი?
  • ნუ, რა ვქნათ ახლა, 2 ბავშვისთვის ხომში საბავშვო ბაღი ავაშენოთ?
  • საბავშვო ბაღს თუ ვერ ააშენებთ, ხომ შეგიძლიათ ამ ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში მაინც დაეხმაროთ. იცით, ალბათ, ეს ოჯახი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში რომ ცხოვრობს: თოვლმა ან ძლიერმა ქარმა ქოხი ნებისმიერ დროს შეიძლება დაანგრიოს, ბავშვები მიწურში ცხოვრობენ.
  • ამ ოჯახს დახმარება უკვე გაეწია. მართალია, ეს არ იყო გამგეობის მიერ გაწეული დახმარება, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ამ ოჯახს სამშენებლო ხის მასალა აუტანა. მაგრამ არ გამოიყენეს და დაწვეს ღუმელში. შემოტანილი აქვს განცხადება, სახლის მასალებს ითხოვს. გამგეობაში კომისიაა შექმნილი სტიქიით დაზარალებულებისთვის და უკიდურესად გაჭირვებულებისთვის. ამ კომისიაზე განიხილება ეს საკითხი და თუ ეკუთვნით, შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. ალბათ მარტის შუა რიცხვებში ჩავატარებთ ამ კომისიას. ბევრი განცხადებებია დაგროვილი ამასთან დაკავშირებით და ბიუჯეტს არა აქვს იმის საშუალება და არც ვალდებულება, რომ ყველას სახლები ვუშენოთ. როცა შეუძლია შრომა, ჯანმრთელია, ინვალიდი არ არის.
  • სხვა ადამიანების მიერ გაწეულ დახმარებაზე არ გეკითხებით, დუშეთის გამგეობა რით დაეხმარა მათ?
  • ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სამსახური და შევთავაზეთ კიდეც, მაგრამ სამუშაო არ უნდა ამ ადამიანს. სამუშაოები ძალიან ბევრია. ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ფშავში, მაგრამ სურვილი არა აქვს ამ კაცს“, – განაცხადა დუშეთის გამგებელმა.

ლადო ჭიკაიძის თქმით, მას არც სამშენებლო მასალებით დახმარებია ვინმე და გამგეობიდან არც დასაქმება შეუთავაზებიათ.

ჭიკაიძეების ოჯახის დახმარების მსურველები საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრს 16 100 (კოდის გარეშე).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში