საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვახტანგ ჩოლოგაური - ჭიჩოს ერთადერთი ბინადარი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:32 - 19 თებერვალი 2017 hits 21678

„მოვხუცდი, ძალა გამომელია. შარშან საქონელიც გავყიდე - ვეღარ ვუვლიდი. ერთადერთი სახედარი მყავს, ისიც დათვმა დამიგლიჯა. ზედ სახლის კართან მომივარდა, ძლივს გადავარჩინეთ. ჭირს აქ ცხოვრება, მაგრამ ცოლ-შვილის საფლავები აქ მაქვს და სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია,“ - ამბობს 79 წლის ვახტანგ ჩოლოგაური. 20 წელზე მეტია ის უკანაფშავის სოფელ ჭიჩოში, ნახევრადდანგრეულ ფიცრულ სახლში მარტო ცხოვრობს.

ჭიჩო ზღვის დონიდან 1660 მეტრის სიმაღლეზეა. ერთკაციან სოფელში არც ელექტროენერგიაა და არც მობილური ტელეფონი იჭერს. ვახტანგი პაპას მზის ბატარეა კი აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს გაჭირვებით მუშაობს და ნათურაც ძლივს ბჟუტავს. ზამთარში წყალი იყინება და სასმელი წყალი შორი მანძილიდან ზურგით უნდა მოიტანოს.

„აღარავინ ჰყავს, ძალიან გულგატეხილია. ვცდილობ, ცხოვრება შევუმსუბუქო. იშვიათი ნებისყოფის კაცია. მის ადგილზე ბევრი ვერ გაუძლებდა ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრებას. მთავრობაც ვერ უდგას გვერდში სათანადოდ მთის მოსახლეობას. 4 წელია არაგვზე უბრალო ხიდის გადებას ვითხოვთ. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ზამთარში, არაგვში ფეხით გასვლა გვიწევს. ჩემ სოფელში - ლაფანანთკარში მინდოდა ჩამომეყვანა, მაგრამ არ წამომყვა, არ ეთმობა იქაურობა და აღარც მე ვაძალებ,“ - ამბობს მისი ძმისშვილი ნუკრი ჩოლოგაური, -  „პენსია და სოციალური დახმარება აქვს, ფინანსურად არ უჭირს. მთელ სოფელში ერთადერთი მოხუციღა ცხოვრობს, ეს არის მისი ტრაგედია.“

ჭიჩოდან უახლოესი მეზობელი სოფელ მუქოშია. მასთან რომ მივიდეს, ვახტანგი პაპამ ტყის ბილიკებით, ფეხით, 5 კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროს. უკანაფშავში, არაგვის მარცხენა მხარეს ჭიჩოს გარდა არცერთი სოფელი აღარ არის. ახადშიც აღარავინ ცხოვრობს, მისრიათკარიც და ბინდაურთაც დიდი ხანია ნასოფლარია. ჭიჩოსაც მხოლოდ ვახტანგ ჩოლოგაურიღა ასოფლებს.  

ჭიჩოს მოპირდაპირედ, არაგვის მარჯვენა მხარეს სოფელ მუქოში 81 წლის ფილიპე ბაღიაური ცხოვრობს, გოგოლაურთას ხევისბერი. „ჭიჩოს სამანქანე გზა არასდროს ჰქონდა. კომუნისტების დროს იმ სახლში მეტეოსადგური იყო. მახსოვს, სახლის ასაშენებლად მასალები ვერტმფრენით მოიტანეს. ვახტანგს ცოლიც ჰყავდა და შვილიც, მაგრამ ოთხ – ხუთ თვეში ერთად გარდაეცვალნენ. იქ დაასაფლავა და მარტო დარჩა. ძმისწულები პატრონობენ. აქედან გავხედავ ხოლმე, ცოცხალია თუ არა. კვამლი თუ ამოდის, ე.ი. ცოცხალია“, – გვითხრა ფილა პაპამ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანაფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა. დარჩენილი სოფლების უმეტესობაშიც ხალხი მხოლოდ ზაფხულობით ადის.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, უკანაფშავის 13 სოფელში 143 ადამიანი ცხოვრობს. 53 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ თხილიანაში, 35 - შუაფხოში, 15 - უძილაურთაში, 13 - მუქოში. დანარჩენ სოფლებში - ბინდაურთაში, გოგოლაურთაში, მათურაში, უკანაფშავში, ცაბაურთაში, ჭიჩოსა და ხოშარაში ერთი ან რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ახადი და ბეტისჩრდილი კი ნასოფლარად იქცა.

ამ თემაზე:

ფილიპე ბაღიაურის ვიდეობლოგი – 240 კომლი ყოფილა გოგოლაურთას, სამნიღა დავრჩით

რეპორტაჟი უკანაფშავიდან - მთის კანონი აქ ხალხს ვერ დაამაგრებს

გვანცა დადალაური

Mtisambebi.ge–ს მოქალაქე–რეპორტიორი. აშუქებს ფშავის ამბებს. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით ფსიქოლოგია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში