საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საროს დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციას 2 მლნ 300 ათასი ლარი მოხმარდება

15:00 - 31 იანვარი 2017 hits 15024

სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციაზე 2 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგორც „მთის ამბებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

სარეაბილიტაციის სამუშაოები, სავარაუდოდ, 2017 წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის სექტემბერში დამთავრდება.

სარო სამხრეთ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში, ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ისტორიული საზღვარია სამცხესა და ჯავახეთს შორის.

საროს ისტორია 3500 წელს ითვლის. საროს დარბაზის ტიპის სახლებს შორის ყველაზე გამორჩეული ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზია. მესხურ დარბაზს არა აქვს დედაბოძი, ის 12 ბოძზეა განლაგებული. 12 ბოძით შეკრულია კუბი, კუბზე კი ზემოდან ხისგან გაკეთებული, წაკვეთილი პირამიდის ფორმის თაღია დაშენებული.

12 ბოძისგან შემდგარი ხის კუბი კედლებისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციაა, რაც შენობას სეისმური თვალსაზრისით ძალიან დაცულს ხდის: ხის საფეხურებიანი პირამიდა მიწისძვრის დროს ქუდის პრინციპით იშლებოდა და იქ მყოფ ადამიანსაც გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. დარბაზს დამხმარე ნაგებობების მთელი კომპლექსია აქვს.

საროს დარბაზის ტიპის სახლების უმეტესობა დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში