საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის ცენტრში სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:06 - 17 იანვარი 2017 hits 6246

ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლიდან გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს თითქმის მთლიანად ფარავს, შეჩერებულია. როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “მთის ამბებს” განუცხადეს, მესაკუთრემ სანებართვო პირობები დაარღვია.

ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ყაზბეგის 21 ნომერში მრავალფუნქციური შენობა - სასტუმრო და კაფე-ბარი შენდება. “ეს ადგილი  კერძო მესაკუთრის -ელიზბარ ჯანუყაშვილის მფლობელობაში იყო. მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობაზე, რომელსაც 1-ქანობიანი სახურავი და ერთ მხარეს მანსარდა უნდა ჰქონოდა. როგორც ხედავთ, მესაკუთრემ სანებართვო პირობები დაარღვია და სამი სართული ააშენა. სანებართვო პირობების დარღვევის გამო 2016 წლის 14 ნოემბერს ელიზბარ ჯანუყაშვილი 200 ლარით დაჯარიმდა და მშენებლობა შეჩერდა. ჯანუყაშვილს კორექტირებული პროექტი გამგეობაში უკვე შემოტანილი აქვს. პროექტი სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს. ძნელი სათქმელია, კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს: მესაკუთრეს მესამე სართულის მონგრევა დაევალება თუ მისცემს მას არსებული სახით ნაგებობის შენარჩუნების უფლებას. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, შენობა ხედს არ უნდა ფარავდეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვერც კერძო მესაკუთრის უფლებებს შევლახავთ,” - აცხადებს mtisambebi.ge-სთან საუბარში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული სამსახურის უფროსი, ჯემალ სუჯაშვილი.

როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, კერძო მესაკუთრისთვის ალტერნატიული მიწის ნაკვეთის და კომპენსაციის შეთავაზების პრეცედენტი ჯერ არ ჰქონიათ და გამგეობა ასეთ ინიციატივას არც ახლა განიხილავს.

ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავდაპირველად მომხმარებელმა ლავან ღამბაშიძემ გამოაქვეყნა. ღამბაშიძე პოსტში წერს: “თბილისს და ბათუმს რაც სჭირს გასაგებია უკვე. პრინციპში აღარც არაფერი ეშველება ამ ქალაქებს. მაგრამ იგივე გაუაზრებელი და მავნებლური ხელწერა სხვა ქალაქებსაც გადაედო.

ეს არის სტეფანწმინდის ცენტრი. ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილია. ფოტოებს იღებდა აქ ხალხი ადრე. ამ ადგილიდან ერთდროულად ჩანს ყაზბეგის ძეგლიც და მყინვარწვერიც.

სტეფანწმინდა რომ ლამაზია, იმიტომ კი არ არის ლამაზი, რომ ლამაზი სახლებით არის ნაშენები. არც კოშკები აქვს მესტიის მსგავსად. სტეფანწმინდა ლამაზია ამ ხედის გამო. იმიტომ, რომ ნებისმიერი სახლიდან და საჯარო ადგილიდან, როგორიც არის მაგალითად ეს მცირე მოედანი შეგიძლია ამ ულამაზესი მთის დანახვა. ამ ხედის ამოშენება სუიციდის ტოლფასია.

გასაგებია, რომ კერძო საკუთრებაა მაგრამ არსებობს საზოგადოების ინტერესებიც. უბრალოდ რომ გადათვალო, ამ მოედნიდან დანახული ხედი საქართველოს ყველა მოქალაქის იყო. ახლა კი ერთი კონკრეტული სასტუმროს(ალბათ) მეპატრონის და მასთან გაჩერებული სტუმრების არის მხოლოდ. ვფიქრობ არასამართლიანი შეფარდებაა და თუ მთავრობას შეეძლო რომ ეს უსამართლობა არ დაეშვა, ეს უნდა გაეკეთებინა. თუ ახლაც შეუძლია რომ ეს მშენებლობა შეაჩეროს, ვფიქრობ ასეც უნდა მოიქცეს. (რა თქმა უნდა შესაბამისი კომპენსაციის ფასად).

მე პირადად, რომელსაც სტეფანწმინდა და ზოგადად ყაზბეგი ძალიან მიყვარს ამ ადგილას გავლისას მხოლოდ ერთი სიტყვა მადგას ხოლმე პირს: სამარცხვინო."

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში