საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:42 - 16 იანვარი 2017 hits 4127

„ხულოს რაიონიდან ჯავახეთში 2008 წელს ჩამოგვასახლეს. იქ ჩემი სახლი და ეზო მეწყერმა წაიღო. მას შემდეგ აქ, სოფელ გორელოვკაში ვცხოვრობთ. ცუდი ის არის, რომ დღემდე სახლი ჩვენ საკუთრებაში არ არის. კარგი იქნება, ხელისუფლებიდან ცოტა ყურადღებას თუ მოგვაქცევენ, რომ სახლები დაგვიკანონდეს“, -ამბობს აკაკი (ნური)ბერიძე, სოფელ გორელოვკის მცხოვრები, ეკომიგრანტი.

„გორელოვკაში ადრე დუხობორები ცხოვრობდნენ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დუხობორების ბევრი ოჯახი წავიდა. შემდეგ სოფელში ჯავახეთის სოფლებიდან სომხური მოსახლეობა გადმოსახლდა, აჭარლებიც ჩავსახლდით. კარგად და ლამაზად, მეზობლურად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ.

რა გვაწუხებს? მიწა ცოტა გვაქვს. წარმოიდგინეთ, აქ ხეხილი არ ხარობს, მოდის მხოლოდ კარტოფილი და კიდევ საქონელი შეიძლება გყავდეს. თუ გაქვს სათიბი, ბალახი, შეგიძლია საქონელი შეინახო. თუ სათიბი არ გაქვს, პირუტყვს ვერ გამოაზამთრებ.

ყველას გვაქვს 2-2 ჰექტარი, საიდანაც ამოდის 180 „ტუკი“, მაქსიმუმ 200, თუ კარგი ადგილია. ამით შეგიძლია გამოაზამთრო 2 სული პირუტყვი.

ვაშლი, მსხალი, კიტრი, პომიდორი - ასეთი აქ არაფერი მოდის და ყველაფერი უნდა იყიდო.

ასე ცენტრალურ გზაზე ჩამოატარებენ ხოლმე ხილს და ბაღანას რომ მოუნდეს, ხომ უნდა უყიდო? სხვა ყიდულობს, მასაც ხომ უნდა?

რა შემოსავალი გვაქვს? თუ მეტი რძე გაქვს და ჩააბარებ, ან ყველს თუ გაყიდი - ეს არის ჩვენი შემოსავალი. და პენსია კიდევ. აქ არიან ფერმერები, რომლებიც რძეს იბარებენ, ზამთარში 80 თეთრად და ზაფხულში 70 თეთრად. იაფია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო და ვაბარებთ ჩვენც ასე.

ერთი სათხოვარი გვაქვს მთავრობასთან, არის აქ საშუალება და მიწა რომ მოგვცენ, ვიღაცას წაართვან და ჩვენ მოგვცენო, ამას კი არ ვითხოვთ, არის რეზერვი ადგილები. აქ ზაფხულში კახეთიდანაც ჩამოჰყავთ საქონელი, აზერბაიჯანელებიც მოდიან. იმათზე აქირავებენ მიწებს და ჩვენ სათიბი არ გვაქვს.

მიწა რომ გვქონდეს, ხომ უფრო ძლიერად ვიქნებით. როდესაც ძლიერია სახლმწიფოს მცხოვრები, სახელმწიფოც ხომ ძლიერია?!“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში