საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მიხეილ ჭინჭარაული – პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმი, მესაზღვრე, პოეტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:20 - 07 იანვარი 2017 hits 28337

შობა ღამეს შატილში დარჩენილი ათამდე ადამიანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში შეხვდა, სადაც საშობაო ლიტურგია ჩატარდა.

„მადლობა ღმერთს, რომ მამა შიო და ბერები არიან აქ და წირვა-ლოცვა ტარდება. ისე სულ 10-მდე ადამიანი ვიქნებით შატილში დარჩენილი: მაყვალა დაიაურ-ჭინჭარაული, სკოლის დირექტორი, თავისი ბიჭებით, ზვიად ჭინჭარაული ოჯახით და ჩვენ ოთხნი: მე, მიხა და ბავშვები. ჰესზე კიდევ რამდენიმე ადამიანი მუშაობს, რაღაც გაფუჭდა და გადმოაფრინეს მუშები. უკვე წლებია აქ ვარ, მაგრამ წელს დეკემბერში რომ სიცივეები იყო, ასეთი არ მახსოვს, დეკემბერშივე კარგი თოვლი დადო“, - სატელეფონო საუბარში გვეუბნება ელისო ჭინჭარაული. ის მედდაა, მისი მეუღლე კი ცნობილი ექიმია.

დოხტური - ასე იცნობს მთელი ხევსურეთი და ყველა ის ადამიანი, რომელსაც მთა და მთაში სიარული უყვარს მიხეილ ჭინჭარაულს. უკვე წლებია, მიხა ექიმი, ზამთარ-ზაფხულ, თითქმის გაუსვლელად ცხოვრობს შატილში და მთაში დარჩენილ მესაზღვრეთა თუ შატილიონთა (ასევე  ყველა სტუმრის), მთელი მიღმახევის სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურება.

მიხეილი და მისი ძმები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 80-90-იან წლებში მთაში დაბრუნდნენ. მანამდე მიხა ექიმი თბილისში, რუსთავში, ბარისახოში მსახურობდა ექიმად.

„ბარში სულ მთა მესიზმრებოდა, ჰოდა, ავდექი და წამოვედი“, - ამბობს მიხეილი. ეს 1999 წელს იყო. მაშინ და ახლაც პირიქითა ხევსურეთში მიმავალი გზა გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული გვიან გაზაფხულამდე იკეტება. ადრე არც ტელეფონი და ინტერნეტი იყო. ახლა კომუნიკაცია მაინც გაიოლდა.

როგორც ექიმს, არაერთი რთული შემთხვევა ახსოვს, როცა ცარიელი ხელებით უხდებოდა პაციენტის გადარჩენისთვის ზრუნვა. სამაშველო ვერტმფრენის ლოდინში ხან დღეებიც გასულა.

მერე ტკივილიც იყო, ძმების, მეუღლის გარდაცვალებაც. თუმცა არ გატყდა, არც თავისი საქმისთვის უღალატია და არც შატილისთვის.

ელისო გუდამაყრელი ხევსურია, 2003 წელს დაოჯახდნენ. ორი შვილი ჰყავთ: მანგია მეექვსე კლასშია, კოტე - მეოთხეში. მიხეილის უფროსი შვილები უკვე დიდები არიან.

თოვლში სრიალით დაღლილმა კოტემაც ბარელ თანატოლებთან მოკითხვა დამაბარა.

„ყველაზე მეტად ფორთოხალი და მანდარინი მომენატრაო“, - ერთი ის კი თქვა.

ერთხელ კოტეს ეთქვა დედისთვის, კი, მაგრამ შატილში რატომ არ მოდისო თოვლის პაპა. თოვლის პაპა არც წელს ყოფილა, თუმცა 31 დეკემბერს შატილიონებს ახალი წლის დადგომა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიულოცა.

„პატარა ყურადღებაც კი გვახარებსო“, - გვეუბნებიან შატილიონები, რომლებიც ზამთარში მაინც ერთმანეთის და ღმერთის იმედად არიან. იქ ექიმის ყოფნაც ასევე ძალიან დიდი იმედია.

მთაში მოსიარულე ადამიანებსაც არაერთხელ დაგვჭირვებია მიხა ექიმის დახმარება. ამ ზაფხულის ერთი შემთხვევაც მახსენდება:  

„მიხა ექიმო, როგორი ცხოვრება გაქვთ ექიმებს, თქვენთვის არც სპეტაკლია და არც გართობა“, - გვერდით ამოვუდექი შატილობისას მიხეილ ჭინჭარაულს, რომელიც კოშკებზე გამართულ სპექტაკლს უყურებდა. სხვა გზა არ იყო, სპექტაკლისთვის უნდა მოგვეწყვიტა, რადგან  ცხენზე ჯირითობისას დაზარალებული ქალი გვყავდა. ექიმმა, ცხადია, მიატოვა ყველაფერი და პაციენტთან მიგვყვა. „გარეგნულად რაც ჩანს, მოტეხილობა არც უნდა იყოს, გამაყუჩებელს გავუკეთებ, რომ მგზავრობა შეძლოს და თბილისში როგორც კი ჩახვალთ, სურათიც აუცილებლად გადაუღეთო“, - დაგვარიგა ექიმმა და პაციენტს ჭრილობები დაუმუშავა.

როგორ არიან შატილიონები?

„ყველანი ჯანმრთელად ვართ, მოკითხვას გითვლითო“, - „მთის ამბების“ მკითხველებთანაც დამაბარა დოხტურმა.

P.S. მთელ ხევსურეთში ორი ექიმია და ორივე პოეტი, პირაქეთ - ლელა გაბური და პირიქით - მიხეილ ჭინჭარაული. აბა რა გააძლებინებთ ისე? რა გაატანინებთ ლექსების გარეშე ამ ცივ თოვლიან ზამთარს.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში