საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რეპორტაჟი პირაქეთა ხევსურეთის ერთადერთი სკოლიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:37 - 12 დეკემბერი 2016 hits 8652

დღეს მთელ ხევსურეთში მხოლოდ ორი სასწავლებელია: ერთია პირიქეთა ხევსურეთში - შატილის სკოლა, რომელიც არღუნის ხეობის 9 სოფელს ემსახურება და სადაც სულ 7 მოსწავლე ჰყავთ, მეორე კი - ბარისახოში. პირიქეთა ხევსურეთის მეორე ხეობა - არხოტი, კარგა ხანია სკოლის გარეშეა დარჩენილი. იქ აღარც ბავშვები არიან, უფრო სწორედ, როგორც ვიცი, სკოლის არარსებობის გამო წამოვიდა ახიელიდან ბოლო ბავშვებიანი ოჯახის დედა თავისი სამი შვილით, მამა დღემდე არხოტში რჩება.

ბარისახოს სკოლა დათვიჯვარს აქეთ, ანუ პირაქეთა ხევსურეთის ოფიციალურად 38 სოფელს ემსახურება, თუმცა 38-დან 10 სოფელს, 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის გრაფაში 0 უწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ აღარავინ ცხოვრობს. სხვაგანაც უმეტესად 1-5, მაქსიმუმ 10 კაცია, თან უმეტესად მოხუცები. რეალურად, სკოლაში - ბარისახოს (ოფიციალურად, 153 მცხოვრებით) და კორშის (69 მცხოვრებით), ასევე ალაგ-ალაგ მიმდებარე სოფლების მოზარდები დადიან. დღეს სკოლაში სულ 65 ბავშვია, ადრე 300-400 მოსწავლეც ჰყოლიათ.

„მთის სოფლების კვალობაზე თითქოს ცოტა ბავშვი არ გვყავს, მაგრამ 65 ბავშვი კატასტროფაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სკოლა მთელ პირაქეთა ხევსურეთს ემსახურება“, - გვეტყვის მერე ქართულის მასწავლებელი ტრისტან არაბული.  

როგორია ხევსურეთის ყველაზე ხალხმრავალი სოფლის ყველაზე ხალმრავალი დაწესებულების ერთი დღე, ამის სანახავად ერთი კვირის წინ ბარისახოს მივაშურეთ. ის დღე თოვლიანი იყო.  

***

თბილისიდან ადრე კი გავდივართ, გზაც იწმინდება, მაგრამ 11 საათია დაწყებული, სკოლამდე რომ ვაღწევთ.  

გარეთ ხვავრიელად ბარდნის. დარაჯი კიბეს თოვლისგან წმენდს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს საჯარო სკოლა“ - წერია აბრაზე. აბრა ახალია, მაგრამ შენობაში შიგნით შესულს გული გტკივა. როგორც ჩანს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჯერ აქამდე არ მოუღწევია, თუმცა, როგორც გვითხრეს, მალე ბარისახომდეც მოვლენ.

დერეფანში საკმაოდ ცივა, გარედან ვხედავთ, რომ საკლასო ოთახების ფანჯრებიდან კვამლი გამოდის. აქ გაზი დღემდე არ არის და შენობას ისევ შეშით ათბობენ.   

ბოლო დროს, ბევრ სკოლაში შესვლისას სამინისტროს ნებართვას გვთხოვენ და ჩვენც კიდევ ერთხელ ვრეკავთ სამინისტროში, დუშეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში. სკოლის დირექტორი მარინა გიგაური ამ თოვლში ქუჩაში ხომ არ დაგვტოვებს და ნებართვის მოლოდინში სამასწავლებლოში შევდივართ.   

„საგაკვეთილო პროცესზე ნუ შეხვალთ და შესვენებებზე გადაიღეთო“, - ნაწილობრივ ნებას გვრთავენ სამინისტროდან.

***

სამასწავლებლოში ყოფნისას პირველი, რაც გვახარებს, მასწავლებელთა საკმაოდ ახალგაზრდული კოლექტივია (ახალგაზრდა - ამ შემთხვევაში პირობითი ნათქვამია და მხოლოდ ასაკს არ გულისხმობს).

კედელზე, ტრადიციულად, გაკვეთილების ცხრილია გაკრული. მეორე კედელზე  პლაკატი ვაჟას სიტყვებით: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება“.  

პირველივე თოვლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბარისახოში ელექტროენერგია გათიშულიყო. ელექტროზარის მაგიერ ისევ ძველ, ტრადიციულ ზარს რეკენ, რომლის ხმა, სამწუხაროდ, არც  გვესმის. ამიტომ „ზარი არ ირეკება?“, - ვკითხულობ, მუშაობის საშუალება რომ მოგვეცეს. მანამდე მასწავლებლებს ვესაუბრები. გაკვეთილი მთავრდება და დერეფანში გავდივართ.

სამასწავლებლოსთან ყველაზე ახლოს მდებარე საკლასო ოთახის კარს ვაღებ და გულს უხარია: ხუთი ისეთი ხევსური ბიჭუნა გვხვდება კლასში, თვალებში  ვარსკვლავები რომ უკიაფებთ. მათი ერთადერთი თანაკლასელი გოგონა, ალბათ თოვლის გამო, დღეს არ არის. ასაკისთვის შეუფერებლად  და ჩვენდა გასაოცრად, ოთხი ბიჭი საკმაოდ დინჯად ზის მერხთან, მეხუთე კი - ღუმელთან. სხედან და ლელა მასწავლებელს ელიან.

„ქართული გაქვთ, მოდი, აბა, ვნახოთ, როგორ იცით. აბა, ვინ მეტყვის, როგორ არის ქართულად დალაიქება?“, - კითხულობს გოგა ჩანადირი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს ამ რეპორტაჟზე.

- მოწონება.

- დაშეარება?

- გაზიარება.

- ფეჩი?

- ღუმელი

- ტუფლი?

- ფეხსაცმელი...  

ბიჭები კარგად ართმევენ თავს გოგას დავალებას.  

***

შემდეგ დასვენებაზე პირველი კლასისკენ მივდივართ, მაგრამ კარი დაკეტილი გვხვდება. პატარებს გაკვეთილები ადრე უმთავრდებათ. პირველ კლასში ორი მოსწავლე ჰყავთ. ერთი მოსწავლე დღეს არც იყო, მეორე კი, სანამ გაკვეთილები დამთავრდება, მეორე-მესამე კლასელებთან არის შესული, ხატვის მასწავლებელი ფანჯარაზე თოვლის პაპას ხატავს. ცოტაც და ახალი წელი მოვა, საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. ხევსურეთში თოვლიც მოვიდა. ბავშვებს ერთი სული აქვთ, გარეთ გაიქცნენ.

***

სკოლის დირექტორი მარინა გიგაური გვეუბნება, რომ მასთან საუბარს მასწავლებლებთან საუბარი სჯობს.

55 წლის ტრისტან არაბული ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მთელი მისი ცხოვრება ხევსურეთს, ამ სოფელსა და ამ სასწავლებელს უკავშირდება: იყო მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი. დღეს აქ ძირითადად მისი ნამოწაფრები მუშაობენ. ტრისტანს სულ რამდენიმე წელი ახსენდება, როცა დილას სკოლისკენ მიმავალ აღმართს არ მიუყვებოდა: მაშინ, უნივერსიტეტში რომ სწავლობდა და მეორედ - რამდენიმე წლით შუაფხოს სკოლაში რომ გადავიდა სამუშაოდ.

„სკოლას რომ მიეჩვევა კაცი, მერე ვეღარსად წავა. მე აქაური ვარ და რა გასაკვირია, აქ რომ ვიყო, მაგრამ ახლა ჩვენს სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით წამოსული მასწავლებლებიც არიან. ისინი ნამდვილი გმირები არიან, ამ სიცივეში, ამ რთულ ზამთარში რჩებიან ჩვენთან, ჩვენს ტკივილსა და სიხარულს იზიარებენ. ახლა რომ თოვს, შეიძლება ერთი თვე აღარ გამოიდაროს და ეს ადამიანები იქნებ მთელი თვეც ვერ წავიდნენ შინ, მათი შრომა უდავოდ დასაფასებელია, რადგან ბევრი ხევსურიც აღარ რჩება აქ“.

გაკვეთილების ბოლოს, მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ, პროგრამით მომუშავე რამდენიმე მასწავლებელი რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს: პარასკევს მასწავლებელთა ნაწილი მიდის, ახლაც თოვლის გამო აჩქარდნენ, გზა არ მოიყინოსო. გამორჩეულთა შორის გვისახელებენ ამირან მასწავლებელს, რომელიც ყოველგვარი პროგრამის გარეშე თბილისიდან დადის ბარისახოში და ფიზიკას ასწავლის. დღეს არც მას აქვს გაკვეთილები. ვფიქრობთ, რომ მერე ამირანსაც აუცილებლად შევხვდებით.   

პროგრამის ფარგლებში „ასწავლე საქართველოსთვის“ მესამე წელია ბარისახოში ქიმიას ასწავლის მზია გამხიტაშვილი, რომელიც შვილებთან ერთად წავიდა ხევსურეთში. ის ბარისახოში, სკოლასთან ახლოს ქირით ცხოვრობს და ყოველკვირა ვერც ახერხებს თბილისში ჩასვლას.  

„ჩემთვის გამორჩეულია ეს სამი წელი. ფაქტობრივად, აქ დავიწყე მასწავლებლობა, რადგან მანამდე მხოლოდ ორი წლის სტაჟი მქონდა. პროგრამის შესახებ რომ გავიგე, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო, მაღალი ქულები მივიღე, გამანაწილეს და წამოვედი.

უმცროსი გოგონა, რომელიც მაშინ მეცხრე კლასში იყო, წამოვიყვანე, მერე უფროსი გოგონაც გადმოვიდა ჩვენთან. ის წელს გახდა სტუდენტი და თბილისშია“, - ამბობს მზია.

რას ფიქრობენ ხევსური ახალგაზრდები  

მეთერთმეტე კლასი, რვა მოსწავლით, ბარისახოს სკოლაში ერთ-ერთი „მრავალრიცხოვანია“. თუმცა ახლა კლასში ოთხნი არიან: ცოტნე არაბული, თამუნა ჭინჭარაული, თორნიკე ქისტაური და თათია ბოდაველი.

თათია მესამე წელია ბარისახოში სწავლობს. დედას, მზია გამხიტაშვილს გაჰყვა. მანამდე თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა.

„დღესაც მენატრებიან კლასელები, მაგრამ აქაურობაც უკვე ძალიან მიყვარს. ჩემს ახალ კლასელებსაც ძალიან მივეჩვიე. ჩამოსვლას არ ვნანობ. ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე. რა კონკრეტულად? ვნახე, როგორ ცხოვრობენ ხევსურები, ჩემი თანატოლები. აქ გაზაფხულიც ლამაზია და ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც. შემოდგომა მაინც ყველაზე ლამაზი სეზონია ხევსურეთში. ზამთარი მკაცრია, მაგრამ თოვლი ყველას უხარია“.

თათია ხევსურეთის პრობლემებზეც ბევრს ფიქრობს. მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მთის განვითარებას: „ჩემი თბილისური სკოლა გარემონტებული იყო, საპირფარეშოებიც შიგნით იყო შენობაში, ბუფეტიც გვქონდა. ეს სკოლა სარემონტოა. კარგი იქნება, გვქონდეს სპორტდარბაზი“.

სკოლის გარემონტება და ინფრასტრუქტურის განახლება სხვა მოსწავლეებსაც უნდათ.

- ხევსურეთის პრობლემებიდან რომელს გამოყოფთ? - ვეკითხებით.  

- გზა - თითქმის ერთხმად გვპასუხობენ. ასევე ადარდებთ წყლის, ნაგავსაყრელის საკითხი.

– კიდევ ერთი, ძალიან ბევრი ძაღლია, ხან მათი შიშით გარეთ ვერც გამოვდივართ, – ამბობს თათია.

„ერთი მხრივ, ჩვენმა მშობლებმა უნდა შექმნან იმის პირობა, რომ აქ ვიყოთ და მეორე მხრივ, ჩვენ შევქმნათ უკეთესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა აქ იცხოვრონ“, - ამბობს ცოტნე არაბული. „ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის და კარგად ვხედავთ, რა უჭირს ხევსურეთს. აქ კიდევ რა უჭირს და, ზემოთ (იგულისხმება ბარისახოს ზემოთ ხეობა. ავტ) ყველას გვაქვს სოფლები. ვიცით, როგორი რთული პირობებია საცხოვრებლად. კარგია, რომ ამოქმედდა მთის კანონი, კარგია, რომ არსებობს ისეთი პროგრამა, როგორიც არის „აწარმოე საქართველოსთვის“, იქნებ ბევრ ადამიანს გაუჩნდეს მთაში დაბრუნების სურვილი. ჩვენს სკოლაშიც, როგორც ვიცი, მამაჩემის დროს 300-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა კი 60-მდე ვართ“, - ამბობს ცოტნე არაბული, რომელიც მომავალში ჟურნალისტობას აპირებს: „უნივერსიტეტის მერე აუცილებლად დავბრუნდები ხევსურეთში და ჩემი პროფესიითაც შევძლებ აქ საქმის გაკეთებას“.

თამუნა ჭინჭარაული ფიქრობს, რომ მომავალშიც ხევსურეთში იქნება, შეიძლება ტურიზმის სფეროში იმუშაოს: მის ოჯახს გუდანში ახლაც აქვს საოჯახო სასტუმრო.  კარგია, რომ ზაფხულში ხევსურეთს ბევრი დამსვენებელი და მნახველი ჰყავს, თუმცა ძალიან ბევრია პრობლემაც: „ზოგიერთ სოფელში არც გზა არის და არც ტელეფონი იჭერს.

პაპაჩემი, გიგლა ოჩიაური, არხოტში, ჭიმღაში ცხოვრობს. სოფელში მარტოა, თან არც დენი აქვს და არც სატელეფონო კავშირი არსებობს იქ. რამე რომ გაუჭირდეს, შეიძლება ვერც გაიგო ადამიანმა“.

მეთერთმეტეკლასელებთან საუბარს რომ ვასრულებთ, მთელი სკოლა უკვე გარეთ არის. ბავშვები გუნდაობენ.  

პანსიონშიც გვინდა შესვლა, მაგრამ ახლა იქ არავინ არის. პანსიონში 10 ბავშვი რჩება, ისინი ლიქოკისჭალიდან და კაწალხევიდან დადიან. კაწალხეველებს სკოლის მანქანა ვერ ემსახურებათ, რადგან მათი სოფელი ადმინისტრაციულად მაღაროსკარის თემს ეკუთვნის, არადა, იმ ოჯახის ყველა თაობა ბარისახოშია გაზრდილი. ამიტომ, აქ ამჯობინებენ სიარულს. თოვლის გამო ბავშვები დილას გააყოლეს ბარისახოს ავტობუსს, ლიქოკელებიც წავიდნენ უკვე.  

სკოლის ქვემოთ, სადამდეც გზაა გაწმენდილი, თეთრი „დელიკა“ დგას. ეს თემური ბიძიას მანქანაა, რომელიც სკოლას ემსახურება, კორშიდან და მისი მიდამოებიდან მოჰყავს ბავშვები. ახლაც უკვე ყველა მანქანაშია და დირექტორს ელიან. მარინა გიგაურიც, რომელიც კორშაში ცხოვრობს, ამ მანქანას დაყვება. მანამდე ხშირად ფეხითაც დადიოდნენ. მარინას ახლაც ხშირად უწევს დარჩენა, მაგრამ თოვლსა და სიცივეში ფეხით სიარული რთულია. კორშელებს აღარ ვაყოვნებთ, ვემშვიდობებით და სოფლის ექიმთან მივდივართ სასაუბროდ.  

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში