საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:48 - 11 დეკემბერი 2016 hits 11055

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.

მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.

მთებს ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედი უჭირავს და მასზე მოსახლეობის დაახლოებით 10 % ცხოვრობს. მთა უამრავი უნიკალური ჯიშის მცენარის, ცხოველისა და წყაროების საცავია.

საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი მთა არის შხარა, რომელიც მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 5203 მეტრია. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან - შხარის მყინვარი. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად 1933 წელს ავიდნენ.

ალპინისტური თვალსაზრისით, შხარა ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მთავარ შხარაზე პირველი წარმატებული ასვლა განახორციელეს ინგლისელმა ალპინისტებმა - ჯონ კოკინმა, ულრიხ ალმერმა და კ. როთმა (1888 წლის სექტემბერი). 1940 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კავკასიონის მთავარი ქედის 20-მდე მწვერვალი, მათ შორის შხარა, დალაშქრეს ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებმა, გოჯი ზურებიანმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა. ეს იყო სარეკორდო ტრავერსი. სამხრეთ ფასადიდან პირველნი ავიდნენ ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ილია გაბლიანი, მაქსიმე გვარლიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი (1952). მათვე წარმატებით განვლეს ხალდე-ბეზენგის კედლის კედელი.

იმავე პერიოდში წურუნგალა-შხარის ტრავერსი (ფიცხელას კედლით) გაიარეს ქუთაისელმა ალპინისტებმა ალექსანდრე ნემსვიწერიძემ, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა და ლევან ახვლედიანმა. მთავარ შხარაზე შესრულებული ასვლებიდან ყველაზე რთულად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც სამხრეთის კედლის ცენტრზე გადის. ეს მარშრუტი პირველად დაძლიეს შოთა მირიანაშვილმა, გიორგი აბაშიძემ, დიმიტრი დანგაძემ და ოთარ ხაზარაძემ (1969). მთავარ შხარაზე სულ გაკვალულია 10 მარშრუტი, რომელთა უმრავლესობა 5 B-6 A კატეგორიისაა. შხარის სამხრეთი კალთების მთისძირში, ზღვის დონიდან 2050-2170 მ სიმაღლეებზე მდებარეობს უშგულის თემი, რომლის ერთ-ერთი სოფელი - ჩაჟაში, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

საქართველო მთიანი რელიეფით მდიდარი ქვეყანაა, აქ მთებს 54% უჭირავს და ვრცელდება ზღვის დონიდან 5068 მეტრამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში