საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შეიარაღებულ დაპირისპირებაში ბრალდებული სამველ პეტროსიანი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში დაასაქმეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:57 - 18 იანვარი 2022 hits 5973

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი, რომელიც ბოლოს, მედიის ყურადღების ცენტრში, ახალქალაქში მასსა და ენზელ მკოიანს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო მოექცა, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში დანიშნეს. ორმხრივი სროლის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა. პეტროსიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორის თანამდებობაზე განიხილება.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორის პოზიცია ვაკანტური 2021 წლის დეკემბერში გახდა. თამაზ მეტრეველი იმის გამო მოხსნეს, რომ თეთრობის აღკვეთილის ერთ-ერთ რეინჯერს ხელფასი 4 თვის განმავლობაში იმ პერიოდშიც ერიცხებოდა, როცა ის საქართველოში არ იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მეტრეველი ამბობს, რომ რეინჯერების ზედამხედველობა ევალებოდა მის მოადგილეს თამაზ კარაპეტიანს, რომელსაც არ განუცხადებია, რომ ერთთვიანი კუთვნილი შვებულების შემდეგ რეინჯერი სამსახურში არ გამოცხადდა. რეინჯერმა, რომელიც სომხეთში იყო წასული, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩარიცხული ხელფასი უკან სრულად დააბრუნა. თამაზ კარაპეტიანს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მკაცრი საყვედური გამოუცხადა, თამაზ მეტრეველი კი გაათავისუფლეს.

„მთის ამბებმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია, თამაზ მეტრეველის გათავისუფლებისა და მანამდე, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში სამველ პეტროსიანის დანიშვნის შესახებ. სააგენტომ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრა იმ განმარტებით, რომ ის პირის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

გავარკვიეთ, რომ სამველ პეტროსიანი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შტატგარეშე თანამშრომლად, უკონკურსოდ დაასაქმეს და ყოველთვიურ ხელფასად 1500 ლარი დაუნიშნეს. გასული წლის 01 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, პეტროსიანი სამსახურში მხოლოდ რამდენჯერმე მივიდა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ არ მოგვაწოდა დასაბუთება, რა აუცილებლობით იყო განპირობებული შტატგარეშე თანამშრომლის დამატება.

„მე ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ, სერიოზული ცხოვრება გავიარე, დიდი თანამდებობებიც მქონდა, მაგრამ ახლა სწორედ ასეთ უბრალო თანამდებობებზე მინდა მუშაობა“, - ამბობს სამველ პეტროსიანი.

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თქვენი დანიშვნა განიხილება.

- სერიოზულად? ეს თქვენი ნომერია? თუ დამნიშნავენ დირექტორად, კონიაკს გამოგიგზავნით. პირველად თქვენგან მესმის და ვინ გითხრათ? კონფიდენციალური ინფორმაციაა? გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვაკეთებ არაფერს ამისთვის. მე მაღალი თანამდებობები მქონია, ახლა ნამდვილად მინდა მშვიდად, ოჯახთან, შვილიშვილებთან ერთად მეტი დროის გატარება.

- ვიცით, რომ სასამართლო აგრძელებს ახალქალაქში 26 მარტს მომხდარი ინციდენტის საქმის განხილვას.

- ახლა ვის შეკვეთას ასრულებთ? სერიოზულად, აბა, მითხარით.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ როდესაც ჟურნალისტი კითხვას გისვამთ, ის ვინმეს შეკვეთას ასრულებს?

- აუცილებლად, მანდ სხვა ვარიანტი არაა. ვიდრე განაჩენი არ დამდგარა, მე უდანაშაულო ვარ და თუ უდანაშაულო ვარ, შემიძლია მაღალი თანამდებობაც დავიკავო. თქვენ არ იცით ამ პრეზუმფციის შესახებ?

- ცხადია, ვიცით.

- სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თქვენ ეს ვიღაცამ შეგიკვეთათ.

- ნამდვილად არაა ასე. თქვენ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ? პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აღიარებთ?

- რა პროფესიის ხართ?

- ჟურნალისტი.

- სპეციალობით?

- ჟურნალისტი.

- გირჩევთ, იურიდიულზე ისწავლოთ, რადგან ეს კითხვა რომელსაც მისვამთ, ამ კითხვის მოსმენისას, მე თქვენს ხმაში მოსამართლე ვიგრძენი. მხოლოდ მოსამართლეს შეუძლია ამ კითხვის დასმა. სასამართლო მიდის. ახლა ჩვენ ნორმალური ურთიერთობები გვაქვს მეორე მხარესთან. მათ თავისი დანაშაული გაიაზრეს, მე  - ჩემი, სუფთად მორალური თვალსაზრისით. ეს პროცესი კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ორივესთვის და მგონია, რომ ყველასთვის.

- რას ელოდებით სასამართლოსგან?

- სასამართლოსგან ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას. განაჩენს, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, მე მივიღებ. ძველებური კაცი ვარ, 70 წელზე მეტის. ვინც შეგიკვეთათ ეს, ჩემს ასაკსაც გეტყოდნენ. კედელთანაც რომ მიმაყენონ და დამხვრიტონ, დიდად არ განვიცდი. რასაც მიიღებს, დაე მიღოს ის გადაწყვეტილება. მე ვეღარც ციხით შემაშინებენ, ვერც ვერაფრით, ცხოვრებაში ყველაფერი ვნახე. და თუ გამოაქვეყნებთ, მარტო ამ ეპიზოდს ნუ გამოაქვეყნებთ, ისიც დაწერეთ, რატომ ვამბობ და ვფიქრობ ასე“.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დანიშვნის შემდეგ ის სამსახურში მხოლოდ რამდენჯერმე მივიდა, ამ თემაზე სამველ პეტროსიანმა განმარტა, რომ 1-ელი აგვისტოს შემდეგ სამსახურში ყოველდღიურად დადის და მისი ინიციატივით არაერთი ღონისძიება გაიმართა,  - „37 წლიანი სტაჟი მაქვს და ყოველთვის პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ჩემს ნებისმიერ საქმიანობას. აქაც, უკვე უამრავი შეხვედრა გავმართეთ. აი, ახლა, მაგალითად ფარავნის ტბის გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ვმუშაობთ, ტურისტებისთვის რომ მიმზიდველი გახდეს, თუმცა ამავე დროს, სოფლებშიც ვხვდებით ხალხს და ვუხსნით, თუ როგორი ბადეებით შეუძლიათ ითევზაონ, თუ რატომ არ შეიძლება ქვირითობისას თევზის ჭერა. გუბერნიასთანაც მქონდა კონტაქტი, აქ ბევრი ეკოლოგიური თემაა, რომელზეც ვმუშაობთ“.

 

ინციდენტის შესახებ:

2020 წლის 26 მარტს, იმ დროისთვის პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი და ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ მკოიანი ხალხით სავსე ქუჩაში იარაღს დამიზნებით ისვრის პეტროსიანის მიმართულებით. მხარეები შეიარაღებულ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შელაპარაკება მის ძმისშვილს, 19 წლის არმენ მკოიანსა და პეტროსიანის შვილს შორის მოხდა. მკოიანი აცხადებდა, რომ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ სამველ პეტროსიანი თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისი მოკვლა სცადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის მტკიცებით, მან ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. სამველ პეტროსიანის ვერსიით კი, მისი მიმართულებით პირველად მოქმედმა დეპუტატმა სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც თავადაც ამოიღო იარაღი და ჰაერში, თავდაცვის მიზნით ისროლა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ სამველ პეტროსიანმა და არმენ მკოიანმა ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

სამართალდამცველებმა პეტროსიანი და მკოიანი 28 მარტს დააკავეს. მათ ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით). დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ივნისში ორივე დაკავებული პატიმრობიდან 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლო თითქმის 2 წელია იხილავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში