საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიები რეციდივისტის ხელშია

20:47 - 12 იანვარი 2022 hits 38261
ფოტოზე - გიორგი ნინიკაშვილი
საზოგადოება
ფოტოზე - გიორგი ნინიკაშვილი

რაჭაში, სოფელ შქმერში ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ „ტექნოლოჯი 2021-მა“, რომელსაც 23 ჰექტარზე, მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ათწლიანი ლიცენზია აქვს, წიაღისეულის ამოღება ისე დაიწყო, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. კომპანიას გარემოს დაცვის სამინისტროსთვის არ წარუდგენია შეფასების დოკუმენტი, თუ რა გავლენას მოახდენს წიაღისეულის მოპოვება ევროპული კონვენციით დაცულ „ზურმუხტის ქსელზე“. „ტექნოლოჯი 2021-ს“ არც სკოპინგის პროცედურა გაუვლია, რაც იმას ნიშნავს, რომ უცნობია, როგორ აისახება მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფერთან ერთად, „ტექნოლოჯი 2021“ კერძო საკუთრებაში შეიჭრა, მიწა მესაკუთრის თანხმობის გარეშე გადათხარა და მანგანუმი ისე ამოიღო.

 არასანდო კომპანია რამდენჯერმე ნასამართლევი დირექტორით

კომპანიებს, „ტექნოლოჯი 2021-სა“ და „მნ ნორთს“, რომლებიც შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაყიდვამდე 4 დღით ადრე დარეგისტრირდნენ, ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს - გიორგი ნინიკაშვილი. „მთის ამბების“ მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გიორგი ნინიკაშვილის მიმართ, სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, ჭიათურაში მადნის უკანონოდ მოპოვების გამო, დამდგარია სამი გამამტყუნებელი განაჩენი. ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება], 218-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით [წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდება], 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჯგუფურად], 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით [ფულის გათეთრება ჯგუფურად], 297-ე მუხლის პირველი ნაწილით [საქმიანობისას მიწის დეგრადაცია ან მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, მისდამი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაზიანება] გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გიორგი ნინიკაშვილს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი, ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა.

„მთის ამბები“ გიორგი ნინიკაშვილს არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ დაუკავშირდა, სასამართლოებიდან კი ჯერ კიდევ ელოდება ინფორმაციას, როდის და რის საფუძველზე გათავისუფლდა გიორგი ნინიკაშვილი პატიმრობიდან.

გასული წლის 18 ნოემბერს, სოფელ შქმერში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ნინიკაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებს სთავაზობდა, რომ მათთან მემორანდუმს გააფორმებდა და შქმერში მანგანუმის ამოსაღებად მიწას 200-200 მეტრით გადათხრიდა, მერე შეავსებდა და ისე იმუშავებდა, რომ რაჭაში ჭიათურის მსგავსი სურათი არ მიეღოთ. „მემორანდუმი გავაფორმოთ და 200-200 მეტრს გადავთხრით. აქ ეკოლოგიური კატასტროფა გამორიცხულია. მემორანდუმში ჩაგიწერთ, რომ ამ 200 მეტრს თუ დავარღვევ, მეორე 200 მეტრს აღარ გავაგრძელებ. მე თვითონ მოვითხოვ ლიცენზიის გაუქმებას წიაღის ეროვნული სააგენტოდან. ჭიათურაში მიწა იხსნება მასიურად, მე გეუბნებით, რომ აქ 200-200 მეტრით გადავთხრი. რა წუთშიც დავარღვევ, გამაჩერეთ“, - ჰპირდებოდა ადგილობრივებს გიორგი ნინიკაშვილი, რომელსაც, პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, იმ დროისთვის უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ჩადენილი მსგავსი დანაშაული. შქმერში შეთანხმება ვერ შედგა. სოფელში მუდმივად თუ სეზონურად მცხოვრები ადამიანების უმრავლესობამ სახნავ-საძოვრების გადათხრასა და იქ მანგანუმის მოპოვებაზე უარი თქვა.

ადგილობრივების წინააღმდეგობის მთავარი არგუმენტი, მეზობლად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი კონტრაქტორები პირდაპირ საცხოვრებელ უბნებში არიან „შეჭრილები“. გადათხრილია სახლების ეზოები, ნაკვეთები, ტყის ნაწილი, გზები - ყველაფერი, სადაც მანგანუმის არსებობას ვარაუდობენ. გაღატაკებული მოსახლეობა მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ ან თავად აძლევს „ჯორჯიან მანგანეზს“ ტერიტორიის აოხრების უფლებას ან კომპანია და მისი კონტრაქტორები ისე შეუსევენ მძიმე ტექნიკას, რომ განმარტებას რამდენიმე მეტრში მცხოვრებ იმ ადამიანებსაც კი არ აძლევენ, ვისი საარსებო გარემოც რადიკალურად უარესდება. კომპანია ამბობს, რომ მას მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია 16 430 ჰექტარზე აქვს.

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ შქმერში შპს „ტექნოლოჯი 2021-ის“ საქმიანობა „მწვანე ალტერნატივის“ საჩივრის შემდეგ, ნოემბერში შეამოწმა. ინსპექტირების დასკვნაში არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევაა გამოკვეთილი:

  • კომპანიას შქმერში არ აქვს დამტკიცებული მანგანუმის მოპოვების მარაგები, ისე დაიწყო მადნის მოპოვება;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ წარუდგენია ე.წ. „ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება“, არადა იმ ტერიტორიდან, სადაც მანგანუმი უნდა მოიპოვონ, 0.6 ჰექტარი რაჭა 4-ის ზურმუხტის დამტკიცებულ ტერიტორიას ემთხვევა.
  • კომპანიას არ აქვს გავლილი სკოპინგის პროცედურა;
  • გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, არ აქვს მოწყობილი საბურღი მოედნები და არ წარმოებს 2021 წლის პერიოდში განსახორციელებელ საძიებო-გეოლოგიურ ბურღვით სამუშაოებს.
  • ლიცენზიით გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, სალიცენზიო საქმიანობას ახორციელებს მიწის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე.

რა არის ზურმუხტის ქსელი

ესაა ეკოლოგიური ქსელი, რომელიც შედგება სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისგან. ჯერ კიდევ 1979 წელს შეიქმნა ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია, რომელიც „ბერნის კონვენციით“ არის ცნობილი და ხელმომწერი ქვეყნებისთვის სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია. კონვენციის მიზანია ველური ფლორისა და ფაუნის, ასევე ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ბუნების დაცვის სფეროში. 1989 წელს ბერნის კონვენციის მხარე ქვეყნებმა ევროპის ბუნებრივი ჰაბიტატების დასაცავად შექმნეს სპეციალური მექანიზმი - ზურმუხტის ქსელი.

იმ შემთხვევაში, თუ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე დაგეგმილ ნებისმიერ საქმიანობას, შესაძლოა, რაიმე ზეგავლენა ჰქონდეს ტერიტორიის ეკოლოგიურ კომპონენტებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქმიანობის დაწყებამდე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს ე.წ. ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება, რაც შპს „ტექნოლოჯი 2021-ს“ არ გაუკეთებია. ევროდირექტივის თანახმად, ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისგან და საქმიანობა ისე დაგეგმოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას იმ ეკოლოგიურ მახასიათებლებს, რომელთა დასაცავადაც ზურმუხტის ტერიტორია შეიქმნა.

********

15 ნოემბერს, წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურმა შპს „ტექნოლოჯი 2021-ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, თუმცა ამ ოქმის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ერთხელ დანიშნული სხდომა გადაიდო, მორიგი სხდომის გამართვის თარიღი კი უცნობია.

22 ნოემბერს, წიაღის სააგენტომ, შქმერში მანგანუმის უკანონო მოპოვებაზე მასალები რეაგირებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი მუკნიაშვილსაც გადაუგზავნა. „მთის ამბებმა“ დეპარტამენტს მიმართა შეკითხვით, რა რეაგირება მოახდინეს წერილზე, რომლის მიღებიდანაც თვეზე მეტი გავიდა. დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, წიაღის ეროვნული სააგენტოდან შემოსული წერილის საფუძველზე, სოფელ შქმერის მიმდებარედ, შპს „ტექნოლოჯი 2021-ის“ დათვალიერება/შესწავლა განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კომპანიის მიერ მანგანუმის ნედლი მადნის უკანონო მოპოვების ფაქტი, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში დღეს გადაიგზავნა“.

დავა ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით

 შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების შესახებ, 2021 წლის 9 ივლისს გაყიდული ორი ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით დავა გრძელდება. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებს, შქმერის მკვიდრს გოგა გაგნიძეს, „მწვანე ალტერნატივას“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ მიაჩნიათ, რომ როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები - გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა არ ყოფილა ჩართული და ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ. მოსარჩელეების მტკიცებით, დარღვეულია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას გვაკისრებს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებების მის გარეშე მიღებას.

საჩივრის მოსმენა ეკონომიკის სამინისტროში 15 დეკემბერს გაიმართა. საჩივრის განსახილველად კანონით განსაზღვრული ორთვიანი ვადა 28 დეკემბერს გავიდა, თუმცა წერილობითი სახით გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. უწყების წარმომადგენლისგან, თემურ მეშველიანისგან გავიგეთ, რომ სამართლებრივად გადაწყვეტილების მიღების ვადის გადაცილება ე.წ. „ვირტუალურ უარად“ ითვლება: „ხშირად, სასამართლო ამას არ იზიარებს და ავალებს ხოლმე ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს დასაბუთებული წერილობითი აქტი. ამ საჩივართან დაკავშირებით სავარაუდოდ იმ კვირაში მზად იქნება გადაწყვეტილება და ჩაგაბარებთ“.

„მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში 28 იანვრამდე გაასაჩივრებენ. სასამართლოსთვის მიმართვა ლიცენზიის მოქმედებას არ აჩერებს. ამავე დროს, სასამართლო საქმის განხილვას ზოგჯერ წლების შემდეგ იწყებს. ამასობაში, თუ კომპანიამ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობები დააკმაყოფილა, შესაძლოა, მოპოვებაც დაიწყოს.

ჩაშლილი შეხვედრა

26 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შეხვედრა უნდა გამართულიყო, მოძრაობის „შქმერისთვის“, ეკონომიკის სამინისტროს, წიაღის სააგენტოს და რაჭის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა ჩაიშალა, რადგან სამინისტროს და წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

შქმერის გადასარჩენად და იმისათვის, რომ ზემო რაჭის ეს ნაწილი გადათხრილ ჭიათურას არ დაემსგავსოს, საინიციატივო ჯგუფი აპირებს, შქმერის დაცული ტერიტორიების შექმნის კანონპროექტი მოამზადოს.

უკვე არსებობს „რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას პარლამენტში 2019 წლის იანვარში აქვს წარდგენილი, მაგრამ დღემდე არ განუხილავთ. ეს კანონპროექტი შქმერის ტერიტორიას არ მოიცავს. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რაჭის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში ვერც მდინარე რიონი და მისი ჭალები, ასევე, მდინარეები ზოფხიტური და ჩვეშური მოხვდება, რადგან ამ ტერიტორიებზე ჰესების მშენებლობის ნებართვებსა და ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები ფლობენ.

 

ამ თემაზე:

ახალი და საეჭვო დეტალები შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე

რა ემუქრება შქმერს - მანგანუმის მოპოვების 2 ახალი ლიცენზია, 1.5 მილიონ კვმ-ს გადათხრიან

შქმერში მანგანუმის მოპოვება სურთ - გაიზიარებს თუ არა ზემო რაჭა ჭიათურის ბედს

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში