საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი და საეჭვო დეტალები შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:07 - 12 ნოემბერი 2021 hits 20971

რაჭაში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოსაპოვებლად აუქციონამდე 4 დღით ადრე რეგისტრირებულმა კომპანიებმა, 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართეს და დირექტორად ერთი და იგივე პირი, გიორგი ნინიკაშვილი დანიშნეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ნინიკაშვილს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მოპოვებას, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებასა და ათობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის მიღებას ედავებოდა.

რა ვიცით გიორგი ნინიკაშვილზე

გიორგი ნინიკაშვილი, მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურმა 2016 წლის 2 დეკემბერს დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს პირები მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის“, შპს „მარსის“ და შპს „მარსი 2014“-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას. ბრალდებულებმა აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი.

ამავე საქმეზე 7 დეკემბერს, ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელები ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძეც დააკავეს.

„რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს. მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. აღნიშნულ საწარმოებს შორის, ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენდენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

დამნაშავედ სცნო თუ არა სასამართლომ გიორგი ნინიკაშვილი და რა მიესაჯა, ამ კითხვით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, საიდანაც ინფორმაციას ველოდებით და სტატიაში მოწოდებისთანავე დავამატებთ.

ლიცენზიები

შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე ამ დროისთვის 3 ლიცენზიაა გაცემული:

შპს „Feroex“ 4.42 ჰექტარზე 5000 ტონა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2014 წლიდან ფლობს, 2028 წლის 18 ნოემბრამდე. კომპანიას უკვე მოპოვებული აქვს 4 950 ტონა მანგანუმი. შპს „ფეროექსი“ 2013 წელსაა დაფუძნებული და წილის 100 %-ის მესაკუთრე და დირექტორი ელიზბარ ოქრუაშვილია.

კიდევ ორი ლიცენზია წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 9 ივლისს გაყიდა. შქმერის და კოლოსი-ბლაშეს, ასევე ჭარნათის უბნებზე ორივე ლიცენზია 150 ჰექტარს მოიცავს. აუქციონში გამარჯვებული კომპანიები 4 დღით ადრე დაფუძნდნენ. ვიდრე 2 ნოემბერს, ორივე კომპანია საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართავდა და დირექტორად გიორგი ნინიკაშვილს დანიშნავდა, „მნ ნორთის“ და „ტექნოლოგი 2021“-ის დირექტორი გიორგი ჟამუტაშვილი იყო.

წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, შქმერში, მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაყიდვამდე, ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგ, 2021 წლის იანვარში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ისინი თაღლითობაში დაადანაშაულეს და წაართვეს მიწის ნაკვეთები, რომლებიც შქმერელებმა საკუთრებაში 2018-2020 წლებში დაირეგისტრირეს, ანუ მას შემდეგ, რაც საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო და შქმერის დაცლილ სოფლებში ხალხის დაბრუნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები გაჩნდა. შქმერელების წინააღმდეგ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორმა ირაკლი ნოზაძემ მიმართა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ის კომპანიაა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს და რომლის საქმიანობასაც უმძიმესი პრობლემები უკავშირდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე თავად იყო დაინტერესებული შქმერში მანგანუმის მოპოვებით, რასაც წიაღის ეროვნული სააგენტოში 2020 წლის ივლისში წარდგენილი მისი განცხადებებიც ადასტურებს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაყიდვამდე, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ხალხს უნდა სცოდნოდა საქმიანობის ყველა დეტალი და ამ საქმიანობის შესაძლო ზეგავლენა მათ საცხოვრებელ პირობებსა და გარემოზე.

სწორედ ამას ავალდებულებს სახელმწიფოს „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენცია, რომელიც ორჰუსის კონვენციად არის ცნობილი.

კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად, „იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ახლანდელი და მომავალი თაობების ყოველი ადამიანის უფლება იცხოვროს საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას“.

კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

„მწვანე ალტერნატივას“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრს 9 ივლისს გაყიდული ლიცენზიების შესახებ გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული წესით აქვთ გასაჩივრებული და გაუქმებას ითხოვენ.

შქმერელებმა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაყიდვის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პროკურატურამ ნაკვეთები წაართვა, შიშითა და მუქარით, რომ დაიჭერდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და სასამართლომ დამნაშავეებად სცნო საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

გამონაკლისი, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 16 სექტემბერს გაყიდული კიდევ ერთი, ათწლიანი ლიცენზიაა. ამ საქმის მასალებში შქმერის მცხოვრებლების კრების ოქმი დევს, სადაც ნათქვამია, რომ ხელმომწერი ადამიანები თანახმა არიან დაინტერესებულმა კომპანიამ მათი სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმი მოიპოვოს,  თუ იგი ქოლოსის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავის ეზოს შემოღობავს და სოფელს სასმელი წყლის 500 მეტრიანი მილის შეძენაში დაეხმარება. დოკუმენტი და ხელმოწერები ორ ფურცელზეა. საყურადღებოა, რომ დოკუმენტის პირველ ფურცელზე მხოლოდ კრების ოქმია, რომელსაც ხელს სოფელში ონის მერის წარმომადგენელი აწერს, მეორე ფურცელზე კი ხელმოწერებია გაკეთებული. 16 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონში, კოლოსი-ბლაშეს და მელეშურას უბნებზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზია შპს „მაინერ მენმა“ შეიძინა, თუმცა 15 ოქტომბერს კომპანიის დირექტორმა შალვა სირაძემ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და დარჩენილი თანხის გადაუხდელობის გამო, აუქციონის ჩაშლილად გამოცხადება მოითხოვა.

სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ქოლოსის უბანზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წინააღმდეგი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

2021 წლის 18 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აწერს, ვკითხულობთ, რომ სალიცენზიო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ქოლოსის წმ გიორგის ეკლესია. ძეგლის უსაფრთხოების მიზნით კი სააგენტო ძეგლის დამცავ ზონებში კარიერის ამოქმედების წინააღმდეგია, მით უფრო, რომ გეოსაინფორმაციო პაკეტში დაკონკრეტებული არაა, რა სახით მოხდება მადნის მოპოვება. დღევანდელი მდგომარეობით კოლოსი-ბლაშეს უბანზე (იგივეა, რაც ქოლოსის უბანი) მანგანუმის მოპოვების ლიცენზია წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მაინც გაყიდა.

რამდენიმე დღის წინ, შქმერში მოსახლეობა შეიკრიბა, იქ მუდმივად მცხოვრებლები და ისინიც, ვინ შქმერში მუდმივად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ სახლები აქვთ, ნაკვეთები, საფლავები, საჩხერე-ონის გზის მშენებლობისა და გახსნის შემდეგ, ტურისტული სერვისების შექმნას, სოფლის მეურნეობაში ჩაბმას და განვითარებას გეგმავდნენ. ახალი გზით თბილისიდან შქმერში 2.5 - 3 საათში ასვლაა შესაძლებელი, მაშინ როცა ტყიბული-ამბროლაურის გავლით შქმერში ასასვლელად 5-6 საათია საჭირო. შქმერი ზემო რაჭის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. ზამთარი აქ სულ მცირე 5 თვე გრძელდება და დიდთოვლობის დროს შქმერის სამივე სოფელი უმეტესად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. უგზოობის, მკაცრი კლიმატური პირობების, სკოლის არქონის გამო შქმერი დაიცალა და ოცამდე ადამიანიღა დარჩა. საჩხერე-ონის გზის გახსნის შემდეგ სოფელში უკვე დაბრუნდა რამდენიმე ოჯახი. მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით, შქმერში საპროტესტო აქცია 21 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში