საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთის და რაჭის სოფლებში „მაგთიფიქსის“ აღსადგენად კომუნიკაციების კომისიას მიმართეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:22 - 08 სექტემბერი 2021 hits 4310

სვანეთის და რაჭის სათემო ორგანიზაციებმა საზღვრისპირა სოფლებში - ცანაში, ზესხოსა და გონაში „მაგთიფიქსის“ გათიშვის გამო კომუნიკაციების კომისიას მიმართეს. სათემო ორგანიზაციები კომისიისგან ითხოვენ, კომპანია „მაგთიკომს“ სატელეფონო კავშირის აღდგენა დაავალოს. მიმართვის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ მოსთხოვა, შეისწავლოს, რამ გამოიწვია აღნიშნულ სოფლებში „მაგთიფიქსის“ სიგნალის გათიშვა და მარეგულირებელ კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, რა ნაბიჯებს გეგმავს კომპანია იმისათვის, რომ სამივე სოფელს აღუდგეს სატელეფონო სერვისების მიწოდება, „მაგთიფიქსის“ ან ალტერნატიული სერვისის სახით.

ცანაში, ზესხოსა და გონაში, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა სოფლებია, „მაგთიფიქსი“ კომუნიკაციის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება იყო. სერვისი გასული წლის ზაფხულიდან აღარ მუშაობს.

გონაში ოთხი ოჯახი, ბავშვებით, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ნოემბრის ბოლომდე ცხოვრობს, რის შემდეგაც ღებში ან ონში იზამთრებენ. მკაცრი კლიმატური პირობების - დიდთოვლობის და იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სამანქანო გზას არ უვლის, არ წმენდს თოვლისგან და სოფელი გარესამყაროს თითქმის 5 თვე მოწყვეტილია, ზამთარში გონაში ცხოვრება რთული და სახიფათოა. უახლოესი დასახლებული პუნქტი - ღები, სადაც სატელეფონო კავშირია, გონადან 7 კილომეტრშია. სამანქანო გზა მდინარე ჩვეშურს მიუყვება, დაზიანებულია და ამ მანძილის უსაფრთხოდ გავლას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

„მაგთიფიქსი“ ერთადერთი საკომუნიკაციო არხი იყო ლენტეხის სოფლების ცანას და ზესხოს მცხოვრებლებისთვისაც. ცანა და ზესხო ზღვის დონიდან 1800 მეტრზეა. დიდთოვლობისა და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო ორივე სოფელი ნოემბრიდან აპრილ-მაისამდე გარესამყაროს მოწყვეტილია. 2006 წლის ოქტომბრიდან ცანაში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს, ზამთარში დაცლილია ზესხოც. გაზაფხულზე ორივე სოფელში 15-მდე მოსახლე ბრინდება და გვიან შემოდგომამდე რჩებიან.

სატელეფონო და ინტერნეტკავშირის არქონის გამო, გონაში, ცანასა და ზესხოში მცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებიც კი, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო დახმარებით უზრუნველყოფა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად ცანას მცხოვრებლებს 16 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მელეში ჩასვლა უწევთ ან 17 კილომეტრით დასორებულ უშგულში უნდა გადავიდნენ. ორივე შემთხვევაში ამ მანძილის დაფარვას დაახლოებით 2 საათი სჭირდება კარგი ამინდის პირობებში. გამოძახების შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ცანამდე 3 საათზე ნაკლებ დროში ვერ აღწევს. მესამე წელია, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ვიდრე გზას თოვლი ჩახერგავს, ცანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს.

გონადან კი უახლოესი დასახლებული პუნქტი - ღები, სადაც სატელეფონო კავშირია, 7 კილომეტრშია. სამანქანო გზა მდინარე ჩვეშურს მიუყვება, დაზიანებულია და ამ მანძილის უსაფრთხოდ გავლას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, გონასა და ზესხოში ფუნქციონირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზაფხულო სექტორები, სადაც მესაზღვრე პოლიციელები მსახურობენ. ისინი 2 კვირაში ერთხელ იცვლებიან. „მაგთიფიქსი“ მათთვისაც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება იყო.

„მაგთიფიქსის“ CDMA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსადენო სერვისი  „მაგთიკომმა“ 2008 წლიდან სწორედ იმიტომ დანერგა, რომ რთული რელიეფის მქონე რეგიონებში მოსახლეობას კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდა. „მაგთიფიქსი“ დღემდე კავშირის უალტერნატივო საშუალებაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, კონფლიქტის ზონებთან ახლოს მდებარე, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჯამში 10 ათასამდე აბონენტისთვის.

„მაგთიკომი“ 2019 წლიდან დაჟინებით ითხოვს „მაგთიფიქსის“ გაუქმებას და ამის მიზეზად ასახელებს, რომ სერვისი ფინანსურად არამომგებიანია და ტექნოლოგიაც მოძველებულია.

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის გაუქმებაზე უარი რამდენჯერმე უთხრა, მათ შორის, ბოლოს, წელს, მარტში. კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ უფლება აქვს „მაგთიფიქსის“ მომსახურების მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვიტოს, თუ ქსელის სრულად გათიშვისას მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით. კომისიამ „მაგთიკომს“ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. „მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს. „მაგთიკომი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მქონე კომპანიაა. მაგალითად, 2019 წელს შემოსავლის სახით 471.3 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც კომპანიის მოგება 171.3 მილიონია.

„მთის ამბები“ რაჭის და სვანეთის სათემო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს კამპანიას #ინტერნეტიმთისსოფლებს რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას. ადვოკატირების კამპანია USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში