საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში, უშუქოდ, უტელეფონოდ, უინტერნეტოდ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:07 - 28 აგვისტო 2021 hits 30014
გიორგი ნიკოლავას ფოტო
საზოგადოება
გიორგი ნიკოლავას ფოტო

რაღაცნაირად დაჩაგრულია რაჭა - ბევრი რამ აქვს ამ კუთხეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ მაინც ყველაზე ღარიბი და დაცლილია.

  • ონისა და ამბროლაურის რაიონებში მოსახლეობის ნახევარი (ონში 48.7%, ამბროლაურში 50.7%) ღატაკი ოჯახებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს.
  • ზემო რაჭის 13 სოფელში ერთი ან ორი ადამიანიღა ცხოვრობს, 6 სოფელი უკვე ნასოფლარია, ზაფხულობითაც აღარავინ ადის.
  • რაჭის სოფლებში ბავშვიც იშვიათად იბადება. 2020 წელს ამბროლაურის რაიონში 88 ბავშვი დაიბადა, ონში კი მხოლოდ 46. სიკვდილიანობა შობადობას სამჯერ აღემატება.

რუკაზე გონაც ნასოფლარადაა მონიშნული, მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. ონიდან 39 კილომეტრში, მდინარე ჩვეშურის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ამ სოფლის შესანარჩუნებლადაც არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას. არც ახლა აკეთებს, მაგრამ გობეჯიშვილებისა და ლობჯანიძეების ოთხი კომლი, კავკასიონის მყინვარებს მიბჯენილ გონას გაზაფხულიდან დაზამთრებამდე მაინც აცოცხლებს.

ირინე და გია გობეჯიშვილები გონაში მესაზღვრეებზე ადრე ადიან და ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს მოდიან. ასე მომთაბარეობენ ყოველ წელს. არ იფიქროთ, რომ ეადვილებათ, მაგრამ ზამთარში გონაში მარტო დარჩენა უფრო ძნელია. ზამთარი აქ 6 თვე მაინც გრძელდება, თოვლი კი ზოგჯერ მათ სახლს მთლიანად ფარავს. გზას თოვლისგან არავინ წმენდს - ორი გლეხის გამო აქამდე ტრაქტორს ვინ გამოგზავნისო. ადამიანი ავად რომ გახდეს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდეს, არც ექიმის იმედი უნდა გქონდეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხმას ვერავის მიაწვდენ - 2020 წლის მაისიდან, კომპანია „მაგთიკომმა“ გონას კავშირის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება, „მაგთიფიქსი“ გაუთიშა. ეს სერვისი, „მაგთიკომისთვის“, რომლის წლიური მოგება 170 მილიონზე მეტია, მომგებიანი აღარ ყოფილა.

გონა ახლაა ასე დაჩაგრული, თორემ იყო დრო, სოფელში სკოლაც ჰქონდათ, საბავშვო ბაღიც, საავადმყოფოც, კლუბიც, ფოსტაც, საპარიკმახეროც, სურსათის და ოქროულობის მაღაზიაც კი.

გონაში 60 წლის წინ გადაღებულ ძველ ფოტოზე ჩანს, რომ გია გობეჯიშვილს დაწყებით კლასებში 25 თანაკლასელი ჰყავდა.

კლუბს დიდი ვარსკვლავი ჰქონია დამაგრებული. კინოჩვენების ან სპექტაკლის დროს ვარსკვლავს აანთებდნენ და მაყურებლები ჭიორადან და ღებიდანაც კი ადიოდნენ. დები იშხნელების კონცერტები ყველაზე მეტად ახსოვთ.

საბჭოთა ხელისუფლება გონაში მოლიბდენს მოიპოვებდა. მოლიბდენი ფოლადის ზოგიერთ მაღალხარისხოვან და სხვა მეტალთან შენადნობებში გამოიყენება. ირინეს მამამთილის ნაამბობი ახსოვს - სოფლიდან მოლიბდენით სავსე 45 სატვირთო მანქანა ყოველდღე გადიოდა. წარმოების გაჩერების შემდეგ, სოფელში მოსახლეობის რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. 1991 წელს, ზემო იმერეთსა და რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მერე კი თითქმის სულ დაიცალა. 2002 წელს მხოლოდ ორი მუდმივი მოსახლე იყო დარჩენილი.

ორი-სამი წელია გონას მნახველი მოემატა. ადგილობრივებს უკვირთ კიდეც. დედა მართა (მზია) ლობჯანიძე გვიყვება, ბოლო დღეებში იმდენ მანქანას აუვლია და ჩაუვლია, დაფიქრებულა, რა გაიგოო ხალხმა გონაზე ასეთი.

არც ღებამდეა კარგი გზა, გონა კი ღების მერეა. 2020 წლის ივლისში ადიდებულმა რიონმა უწერაში გზა რამდენიმე ადგილას რომ წაიღო, გზების დეპარტამენტმა ამ დრომდე ვერ დაასრულა დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. ღებს ზემოთ გზა კიდევ უარესდება. გონამდე 7 კილომეტრის უსაფრთხოდ გავლას თითქმის ერთი საათი სჭირდება. გზა ცალკე უპატრონობით არის გავერანებული და ცალკე მდინარე ჩვეშურის ხეობაში „ჭიორა ჰესის“ მშენებლობის გამო.

15.85 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ჭიორა ჰესის“ სათავე ნაგებობები მდინარე ჩვეშურასა და მდინარე ხვარგულაზე შენდება. ჰესისთვის წყლის შეგროვება 4 მეტრის სიმაღლის კაშხლითაა დაგეგმილი, საიდანაც ძალურ კვანძს 2720 მეტრი სიგრძის მილსადენით მიაწვდიან. მილსადენის დიამეტრი 1.70 მეტრია. ბურღვა-აფეთქების მეთოდით მიმდინარეობს გვირაბის მშენებლობაც.

გონასთან ახლოს ჰესს კი აშენებენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სოფელი უშუქოდ აღარ იქნება. ელექტროენერგიის ხაზის გაყვანა დაგეგმილი არ არის, მზის პანელები კი მხოლოდ ირინე და გია გობეჯიშვილების ოჯახს აქვს.

მთავარი პრობლემა მაინც კომუნიკაციის არქონაა. ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერც მესაზღვრეები ახერხებენ. უმეტესად ახალგაზრდები არიან. მონაცვლეობით, ყოველთვიურად ორი კვირით ოჯახებს სწყდებიან და საზღვარს იცავენ. ის ორი კვირა არც შვილების ამბავი ესმით და არც ოჯახის სხვა წევრების. სასაზღვრო პოლიციის რაცია გონა-ონის არასამსახურებრივ კავშირს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს.

„მთის ამბები“ მთის სათემო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს კამპანიას #ინტერნეტიმთისსოფლებს რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას. ადვოკატირების კამპანია USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში