საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვაქცინირებული პირებისთვის 100-დან 10 000 ლარამდე ოდენობის ჯილდოები გათამაშდება

14:25 - 07 სექტემბერი 2021 hits 6548

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია.

ლატარიის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის.

„100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი.

გათამაშება შედგება ყოველდღიურად. ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის გზით შეარჩევს გამარჯვებულებს, შეატყობინებს ამ ადამიანებს და გადასცემს შესაბამის პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა ტექნიკურ მხარეზე ლატარიის კომპანია გაავრცელებს უფრო დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა.

პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 567 922 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 523 669 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7917 ადამიანი. დღეს ქვეყანაში 36 310 ინფიცირებულია, რომელთაგან 6766 საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პაციენტი.

დღეს, 7 სექტემბერს, ინფიცირების 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 50 ადამიანი კი დაიღუპა. სექტემბრის პირველ კვირაში კორონავირუსით 509 ადამიანი გარდაიცვალა.
 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში