საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სტიქიის გამო უშგულისა და შატილის გზებზე მოძრაობა აკრძალულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:49 - 28 ივლისი 2021 hits 10490
უშგულისკენ მიმავალი გზა / გიორგი რატიანის ფოტო
საზოგადოება
უშგულისკენ მიმავალი გზა / გიორგი რატიანის ფოტო

ძლიერი წვიმისა და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სვანეთსა და ხევსურეთში ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები და საავტომობილო გზები დააზიანა. უშგულისკენ მიმავალ ორივე გზაზე, მესტიიდან და ლენტეხიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მდინარემ რამდენიმე ადგილას დაანგრია ბარისახო-შატილის გზაც, კორშა-გუდანის მონაკვეთზე. ქვემო და ზემო სვანეთში 30-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს მარცხენა ბურჯი გამოურეცხა და ბეტონის გზის ნაწილი ჩაანგრია.

ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ადიშში მანქანით მისვლა შეუძლებელია. სტიქიამ დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც. ადიშთან ერთად უშუქოდაა დარჩენილი იფარის, კალას და უშგულის სოფლების მოსახლეობა.

უშგულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს.

სოფელ იფარში, მდინარე ლასილურამ სავარგულებისკენ მისასვლელი გზა წაიღო. მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც მერძეული საქონელი ჰყავთ დატოვებული.

მულახის, ბეჩოს, ცხუმარის, ლენჯერის თემებში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ხიდები.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვემო სვანეთშიც. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის, ჟახუნდერის, ჩიხარეშის და ზესხო-ცანას თემებში სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დურაშში, საყდარში, ესიერსა და ტვიბში გზები მდინარემ წაიღო. მდინარე ხელედურამ ლესემისა და ჩხალვარის დამაკავშირებელი გზა დააზიანა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს  მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

განახლებული ინფორმაცია: დღის მეორე ნახევრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია როგორც შატილის, ასევე უშგულის მიმართულებით. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში