საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უსახლკარობის 30 წელი - როგორ ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი ცელოფნის ქოხში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:57 - 20 ივლისი 2021 hits 35133

რაჭის მიწისძვრა ხომ გახსოვთ - 1991 წლის 29 აპრილს მოხდა და კავკასიაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო. ზემო იმერეთსა და რაჭაში 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ერთი სოფელი - ხახიეთი მთლიანად მიწამ ჩაყლაპა. ამ მიწისძვრას, ერთი წლის შემდეგ, ძლიერი, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის „აფთერშოკი“ მოჰყვა ფშავ-ხევსურეთში. სოფელ ხომში ჭიკაიძეების საცხოვრებელი სახლიც მაშინ დაინგრა.

30 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება ოთხჯერ შეიცვალა, ადგილობრივი მთავრობა უფრო მეტჯერ - ჭიკაიძეების უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ყურადღება არავინ მიაქცია.

ამ ოჯახში ახლა ოთხი არასრულწლოვანი ბავშვია. მიწაზე ცხოვრობენ, ცელოფან შემოკრულ ქოხში. ჭერი თუნუქისა და შიფერის ძველი ფურცლებით გადაუხურავთ. წვიმის დროს წყალი ჩადის.

მთის წვერზე შეფენილ პატარა ფშაურ სოფელში ქარიც ძლიერი იცის, ძლივს შეკოწიწებულ სახურავს ყოველ შემობერვაზე ხდის.

„ორი ოთახი იყო სულ, ვიდრე მიწისძვრა დაანგრევდა. ერთი ხის იატაკით იყო, მეორე მიწური. სარდაფიც მქონდა. ძალიანაც კარგად ვცხოვრობდი და არაფერი მიჭირდა. დარჩა და დარჩა სახლი ოცნებად და ჩვენი ცხოვრებაც წავიდა. წავიქეცით და ვეღარ წამოვდექით. ახლა არაფრის გამკეთებელი აღარ ვარ. ამას ვნერვიულობ. ხან ისე შემომიტევს გული, რომ ან გადავრჩები, ან არა“, - ეთერ ანთაური-ჭიკაიძე ახლა 80 წლისაა. მიწისძვრის შემდეგ ეს მისთვის მეორე ქოხია. პირველი, უსახლკაროდ დარჩენისთანავე სახელდახელოდ რომ ააგეს,  დიდთოვლობის გამო მალევე წაიქცა. ესეც წაქცევაზეა. ეთერის შვილი და რძალი ხის ბოძებით ამაგრებენ, რომ შიგ არ მოჰყვნენ. ზამთარში სახურავიდან თოვლსაც ხშირად ყრიან. როცა ქარია, ფხიზლობენ - ნგრევა თუ დაიწყო, გაასწრონ.

ერთადერთხელ შეუთვალეს, რომ ჟინვალში ან დუშეთში, სადმე, ძველ, მიტოვებულ შენობაში ერთი ოთახი შეიძლებოდა გამოეძებნათ და იქ შეეფარებინათ თავი. უარი თქვეს - ხომიდან წასვლა ოჯახის არცერთ წევრს არ უნდა, არც ბავშვებს.

„არც მამაჩემთან მქონია კარგი სახლი და პირობები. როცა გაჭირვებაში ხარ გაზრდილი, ახალ გაჭირვებასთან შეგუება ისეთი ძნელი აღარ არის. მდიდარი რომ ხარ და ფუფუნებას მიჩვეული, გლეხის ოჯახში რომ ჩავარდები, გაგიჭირდება. სახლის გარდა, არაფერი პრობლემა არ გვაქვს. ბევრი ვერ შეძლებდა ამ პირობებში ცხოვრებას. მეუბნებიან, საქონელი გაყიდეო. ორი ძროხა მყავს და რომ გავყიდო, ბავშვებს რა ვაჭამო?”, - არჩევანის წინაშე მდგარმა შორენამ, ჭიკაიძეების რძალმა გადაწყვიტა, რომ ბავშვებს დღეს საჭმელი უფრო სჭირდებოდათ.

ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და ბებიის პენსიაა: თითოეულ ბავშვზე 100 ლარს იღებენ. ცდილობენ, თვიდან თვემდე პროდუქტებისა და წამლებისთვის როგორმე იმყოფინონ. Შორენას ქმარი ლადო ჭიკაიძე, რამდენიმე თვით, მწყემსად ცხვარშია წასული. სულ მთავრობისა და ხალხის იმედად ვერ დავრჩებითო. უნდათ, ბლოკის შესაძენად და სოფელში მის ასატანად საკმარის თანხას მოუყარონ თავი. სამშენებლო მასალას მომავალ წლამდე შეინახავენ, რომ წვიმამ და თოვლმა არ გააფუჭოს, მერე შემატებენ რამეს და იქნებ, ნანატრი სახლი ჰქონდეთ - ერთი ან ორი ოთახი.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსახლკარო პირები კიდევ უფრო დაუცველები გახდნენ, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით დადგენილი მოთხოვნები შეასრულონ - დარჩნენ სახლში, გადავიდნენ თვითიზოლაციაში, დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ა.შ. არასათანადო გარემოში ცხოვრების შედეგად უსახლკარო პირთა ნაწილს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება.

ხომი მაღაროსკარის თემში ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა. ოცამდე ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში ხშირად რჩებიან უგზოდ, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც კი. ბევრი ხვეწნისა და გაბრაზების შემდეგ აგზავნის მუნიციპალიტეტი ტრაქტორს თოვლისა და ნაშალისგან გზის გასაწმენდად.

წინაფშავში ერთადერთი სკოლა მაღაროსკარშია, ხომიდან დაახლოებით 18 კილომეტრში. 9 წლის გია და 7 წლის ალიკა სკოლაში ორშაბათს, ადრე დილით მიდიან, სკოლის მანქანას მიჰყავს (როცა გზა გაწმენდილია) და მაღაროსკარში პარასკევამდე რჩებიან, პანსიონში ცხოვრობენ. მომავალ წელს ძმებს 5 წლის მარიამიც შეუერთდება. სახლში მარტო ნაბოლარა 3 წლის დათუა დარჩება. საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მთელ ფშავში, წინაფშავშიც და უკანაფშავშიც ერთადერთი საბავშვო ბაღიც მაღაროსკარშია. სკოლისგან განსხვავებით ბაღში ბავშვების ტრანსპორტირებაზე სახელმწიფო არ ზრუნავს.

კანონმდებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირები აღრიცხოს და მათ შესაბამისი სტატუსი მიანიჭოს, რის შემდეგაც ისინი გარკვეულ დახმარებას მიიღებენ, რომ სათანადო საცხოვრებელი ჰქონდეთ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას რაიონში არცერთი უსახლკარო პირი არ ჰყავს რეგისტრირებული და მათ მხარდასაჭერად ადგილობრივი ბიუჯეტი არცერთ თეთრს არ ითვალისწინებს.

სამაგიეროდ, დუშეთის 2021 წლის ბიუჯეტიდან, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი ლარია, თითქმის 3 მილიონი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას ხმარდება.

მხოლოდ 30 ათასია გამოყოფილი სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. დუშეთის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ეს 30 ათასი ლარი არ მოიცავს, მაგალითად ხევსურეთის მიწისძვრის შედეგად, 30 წლის განმავლობაში უსახლკარო დარჩენილი ოჯახის დახმარებას.

ავტორები: გიორგი ბოლქვაძე, ნინო ბაიდაური

 

ჭიკაიძების მრავალშვილიან ოჯახს პატარა სახლის მშენებლობაში რომ დავეხმაროთ, აი, ისეთის, ხორხის ხეობაში საბედა ბებოს, სვანეთში კი კვანჭიანების ოჯახს რომ ავუშენეთ თქვენი, მაყურებლების მხარდაჭერით, ვიწყებთ კამპანიას.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #ჭიკაიძეებისოჯახისთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში