საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პანდემიის დროს შეზღუდვების წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:33 - 24 ივნისი 2021 hits 3903

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.

ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

„პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქეებს 20 ლარით აჯარიმებდნენ. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო კი ფიზიკურ პირებს 2000 ლარით, ხოლო იურიდიულ პირებს 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ქვეყანაში 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალული იყო. შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური საშვის მქონე პირებზე. მიმდინარე წლის 17 მაისიდან მთავრობამ „კომენდანტის საათის“ ხანგრძლივობა შეამცირა და აკრძალვა 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებდა. გადაადგილებაზე შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან გაუქმდება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და ხელისუფლება ამომრჩევლების მიმხრობას ცდილობს. ამასთან, დოლიძის თქმით, ISFED მოქალაქეებისთვის ეკომიკური სიდუხჭირის შემსუბუქების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება არათანაბარ პირობებში აყენებს იმ მოქალაქეებს, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში