საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა შეზღუდვები მოიხსნება 25 თებერვლიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:14 - 24 თებერვალი 2021 hits 8114

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 25 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება. 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება.

  • 25 თებერვლიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით სამთო კურორტებზე გაიხსნება სასტუმროები; სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.
  • 25 თებერვლიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
  • 1-ლი მარტიდან ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან; რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ლი მარტიდან;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
  • 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
  • საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1-ლი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 226 PCR ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  269 438-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  263 257-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 463 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარაში - 15, იმერეთში - 61, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 37, გურიაში - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 39, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ დროისთვის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 302 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 ადამიანი. 899 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი. 6 ოქტომბრიდან - 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 107 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში