საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არის თუ არა ზემო სვანეთში უშუქობის მიზანი მოსახლეობის იძულება - ელენერგია ფასიანი გახდეს

16:09 - 10 იანვარი 2021 hits 4601

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეჩოს, ლატალისა და ლენჯერის მოსახლეობის განცხადებით, 2020 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ადგილობრივებმა სამივე თემის ყველა სოფელი საკუთარი ძალებით გაწმინდეს კრიპტოვალუტის ფერმებისგან, თუმცა ელექტროენერგია მაინც ყოველდღიურად ეთიშებათ, ხშირად დღის განმავლობაში რამდენჯერმე და ზოგჯერ რამდენიმე საათით.

ზემო სვანეთს ბუნებრივი აირი არ აქვს და მოსახლეობის დიდი ნაწილი გასათბობად ელექტროენერგიას იყენებს, უშუქობა კი ზამთარში, რომელიც სვანეთში თითქმის 6 თვე გრძელდება, ადამიანების მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

მოსახლეობას მიაჩნია, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიას ხშირად სპეციალურად თიშავს, რათა ხალხი შეაგუოს და აიძულოს, რომ ზემო სვანეთში ელექტროენერგია ფასიანი გახდეს.

„2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ზამთრის პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო ელექტროენერგია, „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგულარულად თიშავს მესტიის ცენტრალურ გამანაწილებელ ქვესადგურში ფიდერ „ლენჯერს“, რომელზეც დამოკიდებულია ბეჩოს, ლატალისა და ლენჯერის თემების სოფლების მოსახლეობა, სულ მცირე 600 ოჯახი. არაერთხელ მივმართეთ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ადგილობრივ თუ რეგიონულ ხელმძღვანელობას, მაგრამ ვერ მივიღეთ დასაბუთებული პასუხი შეზღუდვებთან დაკავშირებით. სიტყვიერად „ენერგო პრო ჯორჯია“-ს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეს ე.წ. „ბიტკონების“ გამო ხდება.

2020 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ბეჩოს, ლატალისა და ლენჯერის თემების მოსახლეობამ, საკუთარი ძალებით, თითოეული სოფელი შემოვიარეთ და პრაქტიკულად, დეკემბრის შუა რიცხვებიდან, სამივე თემის სოფლები გასუფთავებულია „ბიტკოინების“ დანადგარებისგან. ამის მიუხედავად, კვლავ გაგრძელდა „ლენჯერის“ ფიდერზე დამოკიდებული სამივე თემის მოსახლეობის ყოველდღიური გამორთვები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან.

სამივე თემის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს და შობის ღამესაც სიბნელესა და სიცივეში შევხვდით“, - ნათქვამია ადგილობრივი მცხოვრებლების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სპეციალისტების ჩართულობით შეისწავლეს შეზღუდვების გამომწვევი მიზეზები და გამოარკვიეს: „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიზანმიმართულად აქვს შემცირებული მესტიის ცენტრალურ გამანაწილებელ ქვესადგურში „ლენჯერის“ ფიდერზე დატვირთვა იმგვარად, რომ საღამოს, მაქსიმალური დატვირთვის დროს, ფიდერი ავტომატურად გამოირთოს და მოსახლეობას ელენერგია შეუწყდეს.

„ლენჯერის“ ფიდერზე დამოკიდებულია სულ მცირე, 600 ოჯახი. აქედან, ერთ ოჯახს პიკური დატვირთვისას ესაჭიროება სულ მცირე 10 კილოვატი სიმძლავრე (გათბობის ჩათვლით), რაც 600 ოჯახზე გადაანგარიშებით შეადგენს 6000 კილოვატს, ანუ 6 (ექვს) მეგავატს. სინამდვილეში კი, „ლენჯერის“ ფიდერზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დატვირთვა დაყენებული აქვს 2,5 მეგავატ სიმძლავრეზე (150 ამპერზე). ყოველგვარი ბიტკოინების გარეშე, ზამთარში მოსახლეობისთვის აუცილებელ სიმძლავრეს „ენერგო-პრო ჯორჯია“ თვითნებურად ამცირებს 2-ჯერ და უფრო მეტად, რაც იწვევს მოსახლეობის ავტომატურ ჩაბნელებას“.

2020 წლის 26 დეკემბერს, სამივე სოფლის მოსახლეობამ წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამ უწყების შემადგენლობაშია ენერგიტიკის მიმართულებაც. სამინისტრომ წერილი განსახილველად „ენერგო პრო ჯორჯიას“ და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაუგზავნა, საიდანაც მოსახლეობას პასუხი არ მიუღია.

„შობის დღესასწაულის ღამეს, როდესაც ისევ უშუქოდ დავრჩით, მივმართეთ მესტიის ქვესადგურის მორიგეს, რომ მომხდარიყო ქვესადგურის სრული დატვირთვის შემოწმება. ჩვენი მხრიდან არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება უსაფრთხოების წესების დარღვევებს, უმჯობესია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ საზოგადოებას პასუხი გასცეს უსაფრთხოების წესების იმ უამრავ დარღვევაზე, რაც მითითებული გვაქვს სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ წერილებში“, - ამბობენ ადგილობრივები.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებით, 6 იანვარს, შობის დღესასწაულის ღამეს მესტიასა და მიმდებარე სოფლებში უშუქობა ავარიით არ ყოფილა გამოწვეული, არამედ ადგილობრივების ჯგუფი მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში უსაფრთხოების წესების იგნორირებით შევიდა და მორიგე აიძულეს, ქვესადგური სრულად გაეთიშა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ზემო სვანეთში ენერგეტიკული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას კრიპტოვალუტების მწარმოებელი პუნქტების მიერ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებას უკავშირებს. კომპანიის განცხადებით, 2020 წელს მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა და მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტი საშუალოდ 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც ქსელი ვერ უძლებს და ხშირია ავარიული გათიშვები, კომპანიის თანამშრომლებს კი ადგილზე არ აქვთ უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება.

მესტიის მუნიციპალიტეტში წლების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სტატისტიკა ასეთია:

  • 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;
  • 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;
  • 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;
  • 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
  • 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;
  • 2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;
  • 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;
  • 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;
  • 2020 წელი - 91 117 245 კვტ.სთ;

გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზეზად, კომპანია 2020 წლის იანვარში ჩატარებულ ინსპექტირების ღონისძიებებს ასახელებს, რა დროსაც ზემო სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი ფერმა ჩახსნეს ქსელიდან. თუ ისინი მუშაობას გააგრძელებდნენ, კომპანია ვარაუდობდა, რომ 2020 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტში ელენერგიის მოხმარება 160 მლნ კვტ. სთ-ს მიაღწევდა.

2018 წლის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 960 ადამიანია (დაახლოებით 4000-მდე კომლი), მათ შორის, 2 511 პირი ცხოვრობს დაბაში, ხოლო 8 449 – სოფლად. მოსახლეობა 2009 წელთან შედარებით შემცირებულია 28.6%-ით, მაგრამ გაზრდილია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 17,8%-ით.

„ზემო სვანეთში, სადაც სულ მცირე ექვსი თვე ზამთარია, სახელმწიფოს არ შემოუყვანია ბუნებრივი აირი. გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგიაა. ამასთან, ზემო სვანეთის მოსახლეობა არაერთხელ წავიდა კომპრომისზე სახელმწიფოსთან თუ კერძო კომპანიებთან, სვანეთში ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში.

იგივე, ენგურჰესის წყალსაცავის გამო დატბორილია ზემო სვანეთის კუთვნილი ათასობით ჰექტარი მიწა. ზემო სვანეთის მოსახლეობის საარსებო პირობების და ჯანმრთელობის გაუარესების ფასად, სახელმწიფო ყოველწლიურად იღებს მილიარდობით კილოვატსაათ იაფ ელექტროენერგიას (მთელი სახელმწიფოს მოხმარების სულ მცირე 30 პროცენტს იძლევა ენგურჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია ღირს - 2 თეთრი). ამასთან, უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია აფხაზეთის რეგიონს.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ უგულებელყოფს ამ ყველაფერს და ცდილობს, გამრიცხველიანების გზით, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გადაახდევინოს საშუალოდ 20 თეთრი, რაც დანაშაულია. ამ მიზანს ემსახურება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ „ლენჯერის“ ფიდერზე დამოკიდებული მოსახლეობის ყოველდღიური მიზანმიმართული ჩაბნელება მესტიის ცენტრალური გამანაწილებელი ქვესადგურიდან.

ყველას ვთხოვთ, გაითავისონ, რომ სიბნელესა და სიცივეში ყოფნას ვერავინ გაუძლებს დღეების და კვირების განმავლობაში. ბეჩოს, ლატალისა და ლენჯერის თემების მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, საჭიროებს გადაუდებელ გადაწყვეტას შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მხრიდან“, - აღნიშნულია მოსახლეობის განცხადებაში.

ზემო სვანეთში მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან. კომერციული აბონენტების ტარიფი მესტიაშიც 31.960 თეთრია, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში.

კრიზისიდან გამოსვლის გზად, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა ზემო სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაასახელა.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში შეიძლება გაფართოვდეს კომერციული ობიექტები, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა 2020 წლის თებერვალში მინისტრის მოადგილემ.

„მთის ამბები“ დაუკავშირდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, ასევე, ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს. სემეკში განაცხადეს, რომ კომისია ზემო სვანეთში ელენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე კომპლექსურად მუშაობს. კომისიისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოსაზრებებს, როგორც ცდილობენ ისინი პრობლემის გადაწყვეტას, უახლოეს დღეებში ვრცლად გაგაცნობთ.

 

ამ თემაზე:

უფასო შუქი და მსხვილი დამტაცებლები ზემო სვანეთში - მესტიაში ელენერგია ფასიანი გახდება

მესტიაში კრიპტოვალუტის ფერმა აღმოაჩინეს, რომელიც 4-5 სოფლის სამყოფ ელენერგიას იტაცებდა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში