საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალგორის იზოლაციის 16 მსხვერპლი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:33 - 11 დეკემბერი 2020 hits 18043

მე-16 მსხვერპლი ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი, 68 წლის ონისე გათენაშვილი იყო. „ის რა ექიმია, გაჭირვებულს კარს რომ არ შეუღებს, როცა იცი, რა თვალებით გელოდებაო“, - გულზე ორჯერ გაკეთებული ოპერაციისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სასწრაფო გამოძახებებსაც დაჰყვებოდა ახალგორის სოფლებში, ოკუპაციისა და იზოლაციის შემდეგ კვალიფიციური ექიმების გარეშე რომ დარჩა.

„ერთ საღამოსაც ციებით დაბრუნდა. მეშინოდა, მასაც არ გადასდებოდა კორონავირუსი. ვთხოვდი, სასწრაფოს მაინც არ გაჰყვე მეთქი, მაგრამ არ იშლიდა. ხალხს შველა სჭირდება, რა უფლება მაქვს, აქ ვიყო და არ დავეხმაროო“, - გვიყვება მზია მწითური, ონისე გათენაშვილის მეუღლე. თვითონ ახალგორში ცხოვრობდნენ, შვილები თბილისში.

მზია მწითურს ახალგორის დე ფაქტო გამგებლისა და „წითელი ჯვრისთვის“ მიუმართავს, რომ ონისე ექიმი სამკურნალოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ. ხუთი დღის შემდეგ, როცა უკვე სუნთქვა უჭირდა, ახალგორის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ონისე გათენაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანა. თბილისის კლინიკაში გადასაყვანად სპეციალური ნებართვის მოლოდინში, ონისე ექიმს სიცოცხლეს ჟანგბადის ბალონით უხანგრძლივებდნენ.

„ცხინვალში თუ არავინ გყავს, ვერაფერს გახდები. თვითონ ექიმებმა დაწერეს გადმოსაყვანად საბუთები, მე არაფერი მიმიტანია. ცხინვალელები, ოსები, სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებოდნენ, იცნობდნენ ონისეს. შაბათი იყო, დასვენების დღე, ზოგი სახლიდან მოვიდა, ზოგი გასვენებიდან, დოკუმენტზე ხელმოსაწერად. უამრავი საბუთი შედგა. ერთ-ერთი მათგანი „პრეზიდენტთან“ შევიდა, ეუბნებოდა, გზა გახსენი, ხომ ხედავ, ხალხი იხოცებაო.

უმძიმეს ვითარებაში ვართ ახალგორში. წამალი აღარ იყიდება. ძალიან გვიჭირს აქ ყოფნა, მაგრამ როგორ დავტოვოთ ჩვენი სახლ-კარი? ხალხი ხმას ვერ იღებს, ეშინიათ. რაღა აშინებთ? მეტი რაღა უნდა მოგვივიდეს?“

მზია მწითურმა ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მეუღლის ტრანსპორტირების ნებართვა მე-8 დღეს მიიღო.

„წითელი ჯვრის“ ჩართულობით, 14 ნოემბერს, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ონისე ექიმი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ონისე ექიმს გული გაუჩერდა. 

„ნეტავ, ონისე იყოს ბოლო და სხვა აღარავინ დაიღუპოს. სიკვდილის წინ მითხრა, დღევანდელ ცხოვრებაში, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დიდი სხვაობა არ არისო. შვილებისა და შვილიშვილების ნახვა სურდა. ახლა არც იმას აქვს მნიშვნელობა, ცოტა ადრე მოვკვდები, თუ ცოტა გვიან. მთავარია, როგორ ვიცხოვრე და როგორ მივდივარო“- მეუღლის უკანასკნელ სიტყვებს იხსენებს მზია მწითური.

ჩაკეტილი ახალგორი

ახალგორის რაიონი 1917 წლამდე თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1922-1990 წლებში ლენინგორის რაიონი ერქვა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში იყო. 1995-2008 წლებში ახალგორის რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ეკუთვნოდა. 2008 წლის აგვისტოდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს საბჭოთა სახელწოდება ლენინგორი დაუბრუნა.

ახალგორის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სამხრეთით კასპის, დასავლეთით გორის, ჩრდილოეთით კი ყაზბეგისა და ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჯავის მუნიციპალიტეტი.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ახალგორის რაიონში 7650 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის 85.1 % ქართველი იყო, 14.3 % ოსი. რუსეთის მიერ ახალგორის ოკუპაციის შემდეგ, 6000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. ომის შემდეგ ახალგორში შესვლა მკვიდრ მოსახლეობას მხოლოდ სპეციალური დოკუმენტებით შეეძლო, თუმცა 2019 წლის 4 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი (ოძისი (ე.წ. რაზდახანი), ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. პენსიონერებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ, 2020 წლის თებერვალში, 10 დღით გაიხსნა.

ახალგორი მე-16 თვეა ჩაკეტილია. რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია. საკვების დეფიციტის გამო პროდუქტზე ფასები გასამმაგებულია, მედიკამენტები აღარ იშოვება. კანტი-კუნტად შემორჩენილი მეზობლები, ადამიანების ცხედრებს დღეების შემდეგ, ეულ სახლებში პოულობენ. თუ ჩაკეტვამდე ახალგორის რაიონში 1500-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ადგილობრივების მონაცემებით, ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 700-800-ის ფარგლებშია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მოსახლეობა ახალგორს მასობრივად ტოვებს, თუმცა ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პროგრამით, რომელიც ოჯახების გაერთიანებას ითვალისწინებს, 47-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნათესავებთან გადასახლდა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის გახსნას იქამდე არ აპირებს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს არ გააუქმებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა, სოფელ წნელისის განაპირას, ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო 2019 წლის 20-24 აგვისტოს მოაწყო. საგუშაგო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით მდებარეობს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას წინ უძღოდა 2019 წლის იანვრიდან, წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე, ხეებზე ფერადი მონიშვნები, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა ოსურმა მხარემ არ აიღო.

ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრნახევრით შემოიწია და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყო.

მთებს იქით, ნებართვის მისაღებად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ ახალგორში უკვე 16 ადამიანი იმსხვერპლა. არაოფიციალური მონაცემებით, 25-ზე მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობის გამო დაიღუპნენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ დადგენილი წესით, ნებისმიერმა პაციენტმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კლინიკებში მკურნალობისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს. ამისათვის ავადმყოფმა ჯერ ახალგორის საავადმყოფოს უნდა მიმართოს, სამედიცინო კომისიის დაკვირვებისა და თანხმობის შემთხვევაში, ცხინვალში მკურნალობის კურსი გაიაროს და იქაც თუ შეუძლებელი გახდა გამოჯანმრთელება, მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლოა, გასცენ დასკვნა თბილისში გადაყვანაზე. ამ ბიუროკრატიას 10-20 დღე მაინც სჭირდება, ამასობაში ადამიანები კვდებიან. 

დაგვიანებული ნებართვის გამო, თბილისში გადმოყვანისას კიდევ ერთი ახალგორელი გარდაიცვალა. 63 წლის ჯუმბერ მილაძე მეუღლესთან ერთად სოფელ ალევში ცხოვრობდა. მაისის შუა რიცხვებში ინსულტი გადაიტანა. ისიც ჯერ ახალგორის კლინიკაში მოათავსეს. მეუღლე თბილისში გადმოყვანის ნებართვის გაცემას ემუდარებოდა ყველას, მაგრამ არავინ ისმინა.

ტვინში სისხლჩაქცეული პაციენტი მაინც ცხინვალში გადაიყვანეს. მიხვეულ-მოხვეული გზებით 65 კილომეტრი ატარეს. ამ გზაზე, საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან 780 მეტრია. დაკლაკნილი გზა ჯერ ლეხურას ხეობაში გადის, შემდეგ მეჯუდას ხეობას უერთდება, ნაქალაქის მთაზე ზღვის დონიდან 1593 მეტრ სიმაღლეს აღწევს და ბოლოს, 10 კილომეტრი სიგრძის სერპანტინით სოფელ ზარდიანთკართან ეშვება. აქედან ცხინვალამდე გზა მეტნაკლებად სწორდება. ახალგორიდან ცხინვალამდე გზის გავლას საათნახევარი სჭირდება.

ჯუმბერ მილაძე ცხინვალში ხუთი დღე გააჩერეს. 19 მაისს თბილისში გადმოყვანის ნება დართეს. თბილისისკენ „წითელი ჯვრის“ მანქანით დაიძრნენ, მაგრამ ჯუმბერი კარალეთის გზაზე გარდაიცვალა.

ახალგორიდან პირდაპირ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ნებართვა რომ მიეღოთ, შესაძლოა, ჯუმბერი გადარჩენილიყო. ახალგორიდან კასპის ჰოსპიტალი 27 კილომეტრშია და მისვლას მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება. 40 წუთის სავალი გზაა გორის სამხედრო ჰოსპიტლამდეც, თბილისამდე ჩამოსასვლელად კი ერთი საათიც საკმარისია.

ვერ სვამენ დიაგნოზს

ცუდი გზა კიდევ ასატანი იქნებოდა, ცხინვალში გამართული სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა რომ იყოს. ცხინვალის საავადმყოფოში მედპერსონალის კვალიფიკაციაც არასახარბიელოა, მომსახურების ფასები კი მაღალი.

ოქტომბრის დასაწყისში ახალგორელ მასწავლებელს, 79 წლის ვერა კოტოლოვას ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ახალგორის საავადმყოფოში შვილებმა მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. მაშინვე თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, მაგრამ ისინიც ცხინვალში გაგზავნეს. პაციენტს დიაგნოზად ინსულტი ჩაუწერეს. შვილები დე ფაქტო მთავრობას ათი დღის განმავლობაში სთხოვდნენ დედის თბილისში გადაყვანას. ვერაფერს გახდნენ. ვერა კოტოლოვა 14 ოქტომბერს, შვილებისა და შვილიშვილების თვალწინ დაიღუპა. 

დიაგნოზი ვერ დაუსვეს 49 წლის ბესიკ კორბესოვსაც, სოფელ მოსაბრუნში მცხოვრებ მეხანძრეს. გულის არეში ძლიერი ტკივილების შეგრძნებით, ახალგაზრდა კაცი თვითონ მივიდა ახალგორის საავადმყოფოში. ექიმებმა ინფარქტი ივარაუდეს. რამდენიმე საათის შემდეგ ბესიკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგორი ჩაკეტილი რომ არ ყოფილიყო, ბესიკისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გამოიძახებდნენ და სულ რაღაც ნახევარ საათში, რომელიმე ქართულ კლინიკაში მოათავსებდნენ. წეროვანში მცხოვრები დედაც მოუვლიდა, რომელიც შვილის დასაკრძალად მოსაბრუნში არ შეუშვეს.

ნათესავებმა 14 აპრილს დაკრძალეს 65 წლის ზაურ ჩიტიშვილი. მის დაკრძალვას ვერ დაესწრნენ შვილები, რომლებიც მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში ცხოვრობენ, იქ, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ, ახალგორიდან დევნილები კომპაქტურად დაასახლეს.

ზაურ ჩიტიშვილი ავად აპრილის დასაწყისში გამხდარა. ორი კვირის მანძილზე, მუცლის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა, დიარეა ჰქონდა. ახალგორში გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს.

„იხვეწებოდა, ოღონდ მაცოცხლეთ, რამე მიშველეთ, თბილისში წამიყვანეთო. საავადმყოფოში დიმედროლს და ანალგინს ასმევდნენ. ექიმი სახლში წასულა და დაუძინია, მეტი რაღა გავაკეთოო. ასე უყურადღებოდ დარჩენილი დილით გარდაცვლილა და გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი გაუფორმებიათ“, - უთხრა „მთის ამბებს“ თამარ მეარაყიშვილმა, ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა.

გამოუვალი სიტუაციის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 40 წლის გელა გარიევია. გელა ახალგორში მარტო ცხოვრობდა და მუშაობდა. დაოჯახებული არ ყოფილა. ორი ძმიდან  ერთი წეროვანში და მეორე ფრეზეთში ცხოვრობს. გელას ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ახალგორის საავადმყოფოში კი სათანადოდ ვერ მკურნალობდნენ.

გამუდმებით ითხოვდა თბილისში გადმოყვანას, მაგრამ ნებართვას არ აძლევდნენ. ბოლოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, მეზობლებმა ახალგორის საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტმა ორ დღეში გონება დაკარგა, რის შემდეგაც ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის დასაწყებად რამდენიმე ათასი რუბლი მოითხოვეს, რაც თანმხლებ მეზობლებს არ აღმოაჩნდათ.

გარიევი 14 ივლისს გარდაიცვალა. ძმებს მიცვალებულის დასაკრძალად ახალგორში ჩასვლის უფლება არ მისცეს. გელა მეზობლებმა დამარხეს.

ქართული მხარე გარიევებს ვერაფერში დაეხმარა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ფინანსური თანადგომა შეეძლო - 400 ლარი ყოველი გარდაცვლილის ჩასასვენებლისთვის. ხოლო, დე ფაქტო ხელისუფლებისგან ახალგორში ჩასვლის, დაკრძალვისა თუ გადმოსვენების ნებართვის მიღებაზე ჭირისუფალმა თავად უნდა იზრუნოს.

ზოგჯერ ვერც „კარგი პატრონი“ გშველის

73 წლის შოთა დრიაევს, 2019 წლის აპრილში, ოპერაცია თბილისში გაუკეთეს და შინ გაწერეს. ექვს თვეში, გეგმურ პროცედურებზე, პაციენტი კვლავ დედაქალაქში უნდა ჩამოსულიყო. ახალგორის ჩაკეტვა ზუსტად ამ ექვსი თვის თავს დაემთხვა. შოთა დრიაევს პერიტონიტი დაემართა, ცხინვალში ვეღარ მკურნალობდნენ. ოჯახი ავადმყოფის თბილისში გადმოყვანას ცდილობდა. მათ ვერც ნათესაურმა კავშირებმა უშველა. შოთას ბიძაშვილი ზაზა დრიაევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრია, რომელმაც ე.წ. არჩევნებში ახალგორელთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

თბილისში შოთას გადმოყვანის უფლება ოჯახმა 17 დეკემბერს მიიღო, როცა მდგომარეობა ურთულესი გახდა. შოთა დრიაევი, იმავე დღეს, თბილისის საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

ოკუპირებულ ახალგორში ხალხი ტუბერკულოზით იღუპება, მაშინ როცა ეს ინფექცია დიდი ხანია სასიკვდილო დაავადებათა სიიდან ამოღებულია.

78 წლის გურამ გიგაური მარტო ცხოვრობდა. ერთი შვილი თბილისში ჰყავდა, მეორე შვილი საზღვარგარეთ. გურამი ყველა უწყებაში ინტენსიურად დადიოდა, სისუსტეს უჩიოდა და თბილისში გაშვებას ითხოვდა. რაკი ფეხზე იდგა, არ უჯერებდნენ, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო. გურამ გიგაური იანვარში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი იმავე დღეს დაკრძალეს.

ზაფხულში, ახალგორის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით ქურთაში მცხოვრები 58 წლის ვაჟა პაპიაშვილი გარდაიცვალა. ისიც მარტო იყო, ახლობლები წეროვანში ცხოვრობენ. არც მათ მისცეს დასაკრძალად ჩასვლის უფლება. ვაჟაც მეზობლებმა დაკრძალეს.

ცხინვალში არც დამწვრობის ცენტრია და არც საავადმყოფოს აქვს ასეთი განყოფილება. ამის მიუხედავად, პაციენტები ახალგორიდან მაინც ცხინვალში გადაჰყავთ, მთებზე გამავალი მიხვეულ-მოხვეული გზებით. იქ საბუთებს შეუვსებენ და მხოლოდ ამის შემდეგ, ბეჭდით თუ დაუმოწმებენ საშვს თბილისში გადმოსაყვანად.

იკოთში მცხოვრებ 85 წლის ვარდო გიგაურსა და მის მეუღლეს, 87 წლის სონიას სახლში ხანძარი გაუჩნდათ. ცოლ-ქმარი ჯერ ახალგორის კლინიკაში გადაიყვანეს. სონია ბებოს გაუსაძლისი ტკივილისგან შოკი ჰქონდა, კანის ქსოვილის დაზიანების გამო ტანსაცმელსაც ვერ აშორებდნენ. ვარდოს მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. მოხუცები იმავე დღეს ცხინვალში გადაიყვანეს, „წითელმა ჯვარმა“ კი თბილისში წამოიყვანა. ხანდაზმული ქალი თბილისის დამწვრობის ცენტრში შოკით გარდაიცვალა, ქმარი გადარჩა და ახლა შვილებთან ერთად, წეროვანში ცხოვრობს.

იზოლაციის პირველი მსხვერპლი

ახალგორის ჩაკეტვის პირველი მსხვერპლი, 79 წლის მარგო მარტიაშვილია. ის სოფელ იკოთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მოხუცი ცოლ-ქმარი იკოთს, ახალგაზრდა შვილის საფლავის გამო არ ტოვებდა. ორი შვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, რომელთაც 4 სექტემბრის შემდეგ დედ-მამა აღარ უნახავთ.  

27 ოქტომბერს, მარგო მარტიაშვილი ინსულტის გამო ახალგორის საავადმყოფოში მიიყვანეს. „ჟორა ჯანგირაშვილი მთელი ღამე ხმამაღლა ტიროდა, მეუღლის თბილისში გადაყვანას იხვეწებოდა, იქ ჩემი შვილები მიხედავენო, მაგრამ არ გაუშვეს. ცხინვალში იმ საშინელი გზით გადაიყვანეს, რის გამოც ავადმყოფის მდგომარეობა გზაშივე დამძიმდა. მეორე დღეს, გამთენიისას გავიგეთ, რომ მარგო მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, გზას ვერ გაუძლო“ - გვიყვება მარტიაშვილების ახალგორელი მეზობელი.

შვილები დედის დაკრძალვას ვერ დაესწრნენ. დახმარება ახალგორის დე ფაქტო გამგებელს ვიტალი მამიტოვს სთხოვეს, მაგრამ „პოლიტიკური სიტუაციიდან“ გამომდინარე უარი მიიღეს - „დასჯის“ მიზეზად ჩორჩანას საგუშაგო დასახელდა.

რიმა ნაროზაშვილმა ბებიისა და პაპის ტრაგედიის ამბავი მოგვითხრო. ბებიას, 75 წლის მარიამ გურწულიევს ფილტვებში წყალი ჩაუდგა. ახალგორიდან გამოყვანის უფლება ვერ მიიღო. შვილებმა „წითელი ჯვარიც“ ჩარიეს, მაგრამ უშედეგოდ. მარიამი ივნისის ბოლოს გარდაიცვალა. ახლობლები დაკრძალვაზე არ გაუშვეს. ბებია მიწას პაპამ და მეზობლებმა მიაბარეს.

მარტო დარჩენილი 80 წლის პაპა, შალვა წიპტაური ნერვიულობას გადაჰყვა. ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მალევე, 2 სექტემბერს დაიღუპა.

შვილებმა გარისკეს და მამის დაკრძალვაზე ჩავიდნენ. 4 სექტემბერს გადმოსასვლელები ჩაიკეტა. ოკუპირებულ ახალგორში ჩარჩნენ სამნი - ერთი ძმა და ორი და. იზოლაციაში ყოფნა 4 თვე გაგრძელდა. ბოლოს ძმამ დები მთებზე გადმოაპარა, გამყოფ ხაზამდე მოიყვანა და უკან, მშობლების სახლში დაბრუნდა. ერთი თვის შემდეგ თვითონაც დატოვა ხეობა. ახლა სამივე სოფელ წილკანში ცხოვრობს.

ამ ადამიანებთან ერთად, 2019 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე, თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანაზე დაგვიანებული ნებართვის ან ნებართვაზე უარის თქმის გამო გარდაიცვალნენ (ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია) მარო ხრიკული, ნაზი შავდათუაშვილი, ილია ყარაშვილი, ნინო წინამძღვრიშვილი, გურამ ლოთიშვილი, სერგო ჯარმელაშვილი, სირანა ელკანოვი, ზამინეთ ჩიგოევი, რომან დურგლიშვილი და მზია ბურდული.

ავტორი: ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში