საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი - კვდება სოფელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:23 - 27 ოქტომბერი 2020 hits 11631

რაჭაში, ონის რაიონის 64 სოფლიდან 46-ში 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 11 სოფელი გაუკაცრიელდა, 26 სოფელში კი 1 ან 10-ზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი.

ასეთი სოფლებიდან უბრალოდ გარბიან, დაბრუნებით კი მხოლოდ ის ბრუნდება, ვისაც ჯიუტად გადაუწყვეტია მამაპაპისეული სახლის გაცოცხლება, ან საბა ჩიხრაძის მსგავსად, მოხუცი მშობლების მიმართ მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს - „აქ მშობლების უძლურების გამო მოვედი“. საბამ რუსთავში სამსახური მიატოვა და რაჭაში, სოფელ წედისში მოხუცი დედ-მამისა და მცირე მეურნეობის მოსავლელად დაბრუნდა. ახლა ეს ერთადერთია, რითაც ოჯახი სულდგმულობს.

საბა ყოველ დილით საქონელს საბალახოდ უშვებს და თვალყურს ადევნებს საძოვრებზე გამავალი საოკუპაციო ხაზი არ გადაკვეთონ, რაც სოფელთან 2008 წლის ომის შემდეგ გაივლო. ბალახსაც აქ თიბავს, სათიბში ვერ ადის. კარგად ახსოვს წლების წინ მომხდარი ამბავი, როცა „რუსმა მესაზღვრეებმა“ მამა-შვილი მაისურაძეები დაიჭირეს, სცემეს, ხეზე მიაბეს და ხარები წაართვეს.

საბა ახლა შემოდგომის მოსავალს იღებს, ყველიც დაიმარაგა, ბაზრის დღეს ეშურება. ონში ოთხშაბათობით ბაზრობა იმართება, მაგრამ სურსათი იქამდე რით უნდა წაიღოს? მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც საკუთარი ავტომობილი ჰყავს. ცხენით მხოლოდ უახლოეს სოფლებში დადის.

ონის მერიიდან ოთხშაბათს ერთ მანქანას აგზავნიან. „ხუთადგილიან მანქანაში ათნი ვსხდებით, პროდუქტი სულ ათქვეფილი მიგვაქვს“, - საბასთან ერთად სოფლის სანახშოზე შეკრებილი მოხუცების ყველაზე დიდი ნატვრა, გამართული მუნიციპალური ტრანსპორტია, ისეთის, როგორიც ომამდე ახსოვთ. მაშინ სოფელიც ცოცხალი იყო. 2002 წელს წედისში 156 მოსახლეს ითვლიდნენ. ომის შემდეგ, ონიდან ცხინვალის მიმართულებით მოძრაობა რომ შეწყდა, ტრანსპორტი რომ მოიშალა და წედისი ჩიხად იქცა, სოფელში მხოლოდ 40-მდე ადამიანი დარჩა. საბასთან ერთად კიდევ ორი ახალგაზრდაა, სხვები წავიდნენ.

სოფლიდან ქალაქში ბაზრის გარდა ყოველდღე ათასი რამ ესაქმებათ. ერთი იუსტიციის სახლში ან ბანკშია მისასვლელი, მოხუცს ექიმი სჭირდება, ბავშვს ხელოვნების თუ სპორტულ წრეზე მისვლა სურს, ან ახალი უნარების შესაძენად ტრენინგს უნდა დაესწროს. ვინც სამსახური ქალაქში იშოვნა, ქალაქშივე დასახლდა, რადგან ყოველდღე ფეხით კილომეტრების გავლა შეუძლებელია.

ფეხით ათეულობით კილომეტრს ყოველი გადაუდებელი საჭიროებისას გიორგი ანსიანი გადის. საბას მსგავსად უტრანსპორტობის გამო ჭირნახულის ქალაქამდე წაღება მისთვისაც თავსატეხია. გიორგი ზემო სვანეთში, ჭუბერში ცხოვრობს. ონისგან განსხვავებით, ტურიზმის მხრივ ყველაზე განვითარებულ მესტიაში პროდუქტის გაყიდვა ყოველდღეა შესაძლებელი, მაგრამ გიორგის და მის თანასოფლელებს მესტიიდან 80 კილომეტრი აშორებთ, ამ გზაზე კი მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. მესტიიდან არცერთ სოფელში დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„ახალგაზრდას აქტიური ცხოვრება, ქალაქთან კავშირი სჭირდება. ადგილზე, მხოლოდ მეურნეობით ცხოვრება ძნელია“, - გიორგი ანსიანი მესტიამდე გულისხმიერი მძღოლის იმედად, ავტოსტოპით მგზავრობს: 

„საღამოს მესტიიდან ვერაფრით წამოხვალ. ერთხელ დამჭირდა და ზუსტად 2 დღე მოვდიოდი, ჭუბერში რომ ჩამომეღწია. ჩემს გარშემო ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც მესტიაში რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ ეს გზა და ამ სირთულის გადატანა რომ ახსენდებათ, გადაუფიქრებიათ.

მესტიაში დასაქმების შანსიც უფრო მეტია, ვიდრე სოფელში, მაგრამ უტრანსპორტობის გამო ვერაფერს ვახერხებთ“.

NDI-ის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოფლებში გამოკითხულთა 68 % თავს დასაქმებულად არ თვლის. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებიდან კი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონას ასახელებენ.

ჭუბერიდან მესტიამდე 2013 წლის ჩათვლით, კვირაში ერთხელ დადიოდა მიკროავტობუსი, რომელსაც მეურნეებთან ერთად ჭუბერელი ბავშვებიც დაჰყვებოდნენ და მესტიაში უცხო ენის, ცეკვისა თუ ჭიდაობის წრეებზე ვარჯიშობდნენ. მალე მიკროავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. ახლა 17 წლის მარიამ ანსიანისა და მისი მეგობრებისთვის ერთადერთი თავშეყრის ადგილი „ბირჟაა“ - „ორშაბათობით დადიოდა მარშუტკა.

როცა გარეთ წვიმდა, მარშუტკაშიც წვიმდა, სიცხეში - ყველა მტვრიანი ვიყავით. ამის გამო პროტესტი არ გვქონია, გვიხაროდა და მესტიაში ტრენინგების ჩატარებას ორშაბათობით ვთხოვდით, ჩვენც რომ ავსულიყავით.

გვიჩნდება არასრულფასოვნების შეგრძნებაც, არაფრით განვსხვავდებით ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისგან. გულდასაწყვეტია, რატომ უნდა ჰქონდეთ ყველაფერზე მათ წვდომა და ჩვენ არაფერზე. განა ბევრს ვითხოვთ? გვინდა თანაბარი პირობები გვქონდეს.“  ჭუბერში ნორმალური ინტერნეტიც კი არ აქვთ, სკოლაშიც მხოლოდ ქარგვისა და კალიგრაფიის წრეა.

მარიამს კალიგრაფიაში ხელის გაწაფვა და კონკურსში მონაწილეობის მიღება მაინც შეუძლია. ევას და ზარუჰის სკოლაში ესეც არაა. დები გაკვეთილების შემდეგ მეგობრებთან ერთად საძოვრებზე გამოეფინებიან და ხან ხბოებს დასდევენ, ხანაც კარტოფილის კვლებში დედას ეხმარებიან. სხვა რამ გასართობი არ აქვთ. თუ მათ სოფელში, აბულში ჩახვალთ, გამოგეცნაურებიან და შინ შეგიპატიჟებენ. 12 წლის ზარუჰიმ ქართული კარგად იცის. სტუმარი უყვარს და შეიძლება გიმღეროთ კიდეც. იქნებ ამ მხრივ განვითარებულიყო და დიდ სცენაზეც ემღერა, მაგრამ ვერ მიჰყავთ ახალქალაქში, სადაც კულტურის სახლია ხატვის, ცეკვის, სიმღერის, ქართული და ინგლისური ენების წრეებით. ზარუჰის მამას საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს. კერძო მიკროავტობუსი კი ქალაქში დღეში ერთხელ მიდის, ისიც ორ საათში უკან ბრუნდება. ამ შუალედში რაიმეს მოსწრება შეუძლებელია.

კერძო გადამყვანის იმედზე არიან პანკისის ხეობაშიც, ისიც ხან არის, ხან არა. ამის გამო ახალგაზრდები სამუშაოდ ვერ მიდიან. მაისში, ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ხეობის მცხოვრებლებმა 350-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და ახმეტის მერიას პეტიციით მიმართეს, თუმცა უსახსრობის მომიზეზებით მერმა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაზე უარი თქვა. არადა, პანკისის ხეობის 15 სოფელში ამ პრობლემის გადაწყვეტას, წლიურად მხოლოდ 70 ათასი ლარი სჭირდება. საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე პანკისელ ახალგაზრდებს უთხრეს, რომ ეცდებოდნენ, თბილისის მერისთვის ეთხოვათ, რამდენიმე მეორადი, ყვითელი ავტობუსი ახმეტისთვის გადაეცა.

დედაქალაქში ახლით ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსებით სცადა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის გადაწყვეტა ონის მერიამ. 2020 წლის თებერვალში თბილისის მერიამ ონის მუნიციპალიტეტს 4 ავტობუსი გადასცა. ტრანსპორტი დაინიშნა ონიდან ამბროლაურის, უწერას და შოვის მიმართულებით. იქამდე, ანასა და ირინეს ონიდან ამბროლაურში, საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიული განათლების მისაღებად, 30 კილომეტრის გავლა ხშირად ფეხით უწევდათ.

ამბროლაურის კოლეჯი ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. კოლეჯს ონიდან სულ ხუთი სტუდენტი ჰყავს, ცაგერიდან ერთი, ლენტეხიდან კი არცერთი. მთავარი მიზეზი აქაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონაა. ოთხივე ყვითელი ავტობუსი მწყობრიდან მალევე გამოვიდა, მხოლოდ რამდენიმე რეისი შესრულდა.

ახლა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები იგეგმება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა რეგიონებში მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯებს არცერთი მათგანი ითვალისწინებს. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის პასუხიდანაც ცხადია, რომ მარიამს და მის მეგობრებს კვლავ „ბირჟაზე“ მოუწევთ დროის გაყვანა, რადგან ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას უახლოეს პერიოდში არ განიხილავენ: „ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება. ჩვენი დათვლით, დაახლოებით 12 მილიონია საჭირო. ამხელა თანხა ბიუჯეტში ჯერ არ გვაქვს. მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები შევცვალეთ და გვირჩევნია, ყველა სოფლამდე შიდა გზები მოვაწესრიგოთ“.

წლიურად, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ რაღაც 221 ათასი ლარი უჯდება დუშეთის მუნიციპალიტეტს სოფლების მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 დაბა (ჟინვალი, ფასანაური) და 283 სოფელია. მოსახლეობის უკანასკნელი, 2014 წლის აღწერით, 25 659 ადამიანი ცხოვრობს, 2.6-ჯერ მეტი, ვიდრე მესტიის მუნიციპალიტეტში. დუშეთის რაიონის ფართობი 2981,5 კვადრატული კილომეტრია, რაც 81.5 კვმ-ით მეტია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

იაფი ტრანსპორტის პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მუშაობს. მერიის მიერ დაფუძნებულ შპს-ს „ავტოსატრანსპორტო საწარმო - 2006“ სულ 26 მარშრუტი აქვს და 116 სოფელს მოიცავს. აქედან, 19 მარშრუტზე მგზავრებს იაფი ტრანსპორტი კვირაში ორჯერ ემსახურება, 7 მარშრუტზე კვირაში ერთხელ. ფასიც ხელმისაწვდომია - დუშეთიდან გუდამაყრის ხეობის სოფლებში მგზავრობა 1 ლარი ღირს, ბარისახოსა და უკანაფშავშიც ამდენივე, უფრო ახლოს მდებარე სოფლებში (მანძილი 10-20 კმ) მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.

იაფი ტრანსპორტის პროგრამის განხორციელება 2014 წელს, პირველად, თიანეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 140 803 ლარია. ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს მგზავრები 9 მიმართულებით გადაჰყავს და ფაქტობრივად მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ვიდრე საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას გადაწყვეტენ, რაჭველი ელისო დვალიშვილი ონის სოფელ ნიგავზებიდან ვინმე გულისხმიერ მძღოლს დაეძებს, ქალაქში რომ წაიყვანოს და შემოდგომის მოსავალი გაყიდოს. ადრე ამ გზას ფეხით გადიოდა, ახლა, ხანში შესვლასთან ერთად, ჩანთებით აღმართებზე სიარული სულ უფრო და უფრო უჭირს. საბა ჩიხრაძემ კი დანარჩენ ცხრას უნდა დაასწროს და ბაზრის დღეს გამოგზავნილ მანქანაში ადგილი როგორმე იპოვნოს. გიორგი ანსიანმა კვლავ კეთილი გამვლელის იმედად უნდა დააღამოს მესტიის გზაზე. კეთილ გამვლელს ლიხს აქეთ მთის ზოგიერთ ხეობაში საერთოდ არც ელიან.

საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით 2018 წელს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019 – 2023 წლების სტრატეგია შეიმუშავა. 46 გვერდიან დოკუმენტში მაღალმთიან დასახლებებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაზე და მის გადაწყვეტაზე ერთ წინადადებასაც ვერ იპოვით.

ორ მოკლე აბზაცს მოიცავს პარაგრაფი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ, სადაც საუბარია ზემო იმერეთი-რაჭის, ხულო-ზარზმის, ახალციხე-მესტიის მაგისტრალების მშენებლობაზე. ასევე, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ფუნქციას ანიჭებს მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქი-კარწახის 150 კმ-იან მონაკვეთს ჯავახეთის მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისთვის. მაგრამ აეროპორტიდან თუ რკინიგზის სადგურიდან მგზავრმა საკუთარ სოფლამდე რით უნდა მიაღწიოს, სტრატეგია ამ კუთხით არაფერს გვთავაზობს.

ავტორი - ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში