საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

OSGF-ის მხარდაჭერით, ზემო სვანეთში სათემო რადიო შეიქმნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:19 - 19 აგვისტო 2020 hits 6276

„ხოჩა ლადაღ. ისგვეი ცახან არი რადიო ლილეო“, - უჩვეულო ამბავია ზემო სვანეთში, ხის ერთ პატარა კოტეჯში ახალგაზრდები რადიოსტუდიას აწყობენ, საიდანაც მალე ხმას მესტიის მუნიციპალიტეტის 160-მდე სოფელს გააგონებენ. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ზემო სვანეთში სათემო რადიო იქმნება.

რადიო „ლილე“ სვანურ და ქართულ ენებზე მაუწყებლობას სექტემბერში დაიწყებს.

პირველ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში ახალგაზრდები სამ გადაცემას მოამზადებენ: საინფორმაციო გამოშვება ეთერში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, საღამოს 18:00 საათზე გავა და მსმენელს სვანეთის, რეგიონისა და საქართველოს ამბებს გააცნობს.

ყოველ ოთხშაბათს, გადაცემა „ღია სტუდია“, სტუმრებთან ერთად, რეგიონის მთავარ თემებს განიხილავს.

პარასკევობით კი, ადგილობრივი უხუცესების მონაწილეობით, „ლილე“ სვანური კულტურის, ტრადიციებისა და წესების შესახებ მოგვითხრობს.

სვანეთის სათემო რადიო მნიშვნელოვან პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე ვიდეო და ფოტორეპორტაჟებსაც მოამზადებს, რომელსაც ვებგვერდზე www.Radiolile.ge გამოაქვეყნებს.  

რადიო „ლილეს“ შექმნის ინიციატორი ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 2020 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა.

სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამარ ნაკანი ამბობს, რომ ზემო სვანეთში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, რეგიონული და ცენტრალური მედია კი სვანეთს ყურადღებას მხოლოდ მაშინ უთმობს, როცა სტიქია, მასშტაბური აქცია ან რაიმე დღესასწაულია.

სვანეთში მხოლოდ საქართველოს რადიო მაუწყებლობს, ისიც შეფერხებით, ბევრ სოფელში სიგნალი საერთოდ არ აღწევს.

„ზემო სვანეთში ბევრი პრობლემაა. დაზიანებული და გაუმართავია საავტომობილო გზები; ხშირია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი. სოფლებში მცხოვრებლები უმეტეს შემთხვევაში საერთოდ ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სერვისებით. რაც არის, რაიონულ ცენტრშია თავმოყრილი. სოფლებიდან ცენტრამდე გადაადგილება კი ძალიან ჭირს ან საერთოდ შეუძლებელია. მოსახლეობის 50 %-ს არ აქვს ინტერნეტი, 76%-ს კი კულტურასა და გართობასთან წვდომა. მოქალაქეები არ მონაწილეობენ მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ასეთ ვითარებაში

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემო სვანეთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით. ამ შედეგის მისაღწევად კი მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიგვაჩნია სათემო რადიო, როგორც ამის პრაქტიკული გამოცდილება უკვე არსებობს პანკისის ხეობაში.

ტრადიციული რადიოსადგურებისგან განსხვავებით, სათემო რადიო მხოლოდ სვანეთში იმაუწყებლებს და ყურადღებას გაამახვილებს კონკრეტულ თემზე, რომელსაც მისი არეალი მოიცავს. ჩვენი მიზანია თემს სარგებელი მოვუტანოთ“, - ამბობს თამარ ნაკანი.

სვანეთის სათემო რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სვანური ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას.

რადიო „ლილე“ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს კონკურსს გადაცემების წამყვანებისა და მულტიმედია რეპორტიორების შესარჩევად.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში