საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საფეხმავლო გამყოლების მოსამზადებელი კურსი ახალგაზრდებისთვის ფშავ-ხევსურეთში

23:35 - 01 აგვისტო 2020 hits 6648
ფოტო - მწვანე ზებრა
საზოგადოება
ფოტო - მწვანე ზებრა

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ახალგაზრდების შესარჩევად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საფეხმავლო გამყოლების მომზადების მოკლე კურსში. სწავლება ჩატარდება რამდენიმე ეტაპად და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ გასვლებს საველე პირობებში. კურსის ხანგრძლივობაა 15 დღე. სწავლება უფასოა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ რეგიონს, დაინტერესებულები არიან ეკოტურიზმში ჩართვით და სურთ შესაბამისი ცოდნის მიღება ტურისტების მომსახურებისთვის. სასურველია რომელიმე უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა.

შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან საფეხმავლო მარშრუტების დაგეგმვასა და დაპროექტებას; შეიძენენ საველე პირობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის, პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების, ეკოტურისტული პროდუქტების შექმნისა და გამყოლისთვის საჭირო უნარებს.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2020 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა. პროგრამისთვის სულ 12 ახალგაზრდის შერჩევაა დაგეგმილი.

პირველი ტრენინგები ჩატარდება საველე პირობებში 6-7 აგვისტოს.

სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები მიიღებენ საფეხმავლო გამყოლის სერტიფიკატს.

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია ინიციატივას ახორციელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს გერმანული ფონდი BFDW. პროექტით ფშავ-ხევსურეთში დაგეგმილია სამი ტურისტული მარშრუტის მარკირება, დატრენინგებული ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა საფეხმავლო გამყოლებად და სოფელ ბარისახოში ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის გახსნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში