საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა იქნება ჩვენ შემდეგ? ნაბავარალი - მარტოკაცები ბავარიდან

23:28 - 10 ივნისი 2020 hits 40221

15 წელია, რაც ქვემო სვანეთის სოფელ ბავარს ძმები, კორნელი და გურგენი გაზდელიანებიღა შემორჩნენ. კორნელი ბუბა (სვანურად ბიძა) 79 წლის არის, ძმა მასზე 4 წლით უმცროსია. სვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარე დასახლებას, 2002 წლისთვის 80-მდე მცხოვრებს რომ ითვლიდა, დაცლას არ ანებებენ.

ბავარი ლენტეხიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული, ხელედულის ხეობაში. იმდენად ცუდი გზაა, რომ სასწრაფო დახმარების, მაღალი გამავლობის მანქანას 2 საათზე მეტი სჭირდება ასაღწევად. გზას რამდენიმე ადგილას მდინარე კვეთს, ორგან ხიდია გადებული. ხიდი ჰქვია, თუმცა მასზე გავლა სახიფათოა. რკინის კონსტრუქციაზე დაგებული ფიცარი დამპალია და ჩატეხილი. გავლისას მძღოლს განსაკუთრებული ყურადღება მართებს და დამხმარეც სჭირდება, რომ მანქანის ბორბალი არ ჩავარდეს.

ბავარელი მარტოკაცებისთვის უგზოობა მთავარი პრობლემაა. „შარშან, გზაზე, სადაც ხიდებია, რკინის ხიდს ზემოთ, 30 000 ლარი სოფლის დახმარების ფული ჩაყარეს და არის რამე გაკეთებული? ხალხის ფული... სად წახვალ ზამთარში? ერთი წელია რაიონში არ ვყოფილვარ. საიღბლოდ ახლა ცოტა მოუკლო, არ მოდის ბევრი თოვლი. სტიქიის წელს ეს სახლი არ ჩანდა, 14 მეტრზე მეტი იყო“.

ბავარში გამართული სატელეფონო კავშირიც არ არის. მარტოკაცებს ძველი ტელეფონი აქვთ, მხოლოდ ის იღებს სიგნალს.

- ინტერნეტი?

- ინტერნეტი? ბავარი და ინტერნეტი ერთად...

- ვერ წარმოგიდგენიათ?

- იმიტომ, რომ არავინ აპარტყუნებს ყურს.

- რაში გამოიყენებდით?

- ჩავრთავ და მექნება. გავიგებ მსოფლიოს და ქვეყნის ამბებს. მუნჯივით ვარ აქ.

- ტელევიზორი ხომ გაქვთ?

- ტელევიზორი მაქვს, მაგრამ ყველაფერს მართალს გვეუბნებიან? გაგვბერეს ტყუილებით, ხალხის ჯავრი ვის აქვს? 10 % დუღს და გადადუღს, 90 % სულს ღაფავს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ მაინც მოდიან?

- მაშინ კი.

- არჩევნების შემდეგ?

- მერე, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ. ტელევიზორში რომ ლაყბობენ, საწვავს ლარს გამოვაკლებთო და იმ ფასადო, ეს იმ ფასადო, სოფელში მყოფი 70 წელს გადაცილებულები ქალაქში არ წავიდნენო, აბა, სული დავლიოთ აქანა? პური არ გვინდა? სასმელი და საჭმელი არ გვინდა? ფეხი არ გაგვიდგამს, რაც ეს კარანტინი გამოცხადდა, რომ დაგვატორმუზეს აქ, ადგილზე.

- ლენტეხში როგორ ჩადიხართ, ტრანსპორტიც არ დადის.

- ბევრჯერ ფეხით, ზოგჯერ მანქანით - ბიჭები ამოდიან.

- მობრუნდება აქ ვინმე?

არაფრის იმედი არ მაქვს. სოფელს თუ ყურადღება არ მიექცა, ნაბავარალი იქნება, ნაბავარალი, ნასოფლარი დარჩება.

რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ინტერნეტიზაციისთვის #ინტერნეტიმთისსოფლებს კამპანიის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას, ისე, როგორც ეს თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობაში მოხერხდა მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ადვოკატირების კიდევ ერთი კამპანიის მიზანი, რომელსაც პანკისის, მთიულეთის, რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციები ახორციელებენ, მთის სოფლებში იაფი, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაა. პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ახმეტის საკრებულოში უკვე წარადგინა პეტიცია, რომელსაც ხელს 358 ამომრჩეველი აწერს. ადვოკატირების ორივე კამპანია „მთის ამბების მიერ, USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში