საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

წინხადუ - სოფელი უჩინში

19:36 - 24 ოქტომბერი 2019 hits 2269

„მინდოდა რომ ცოტა ხანს, ერთ წელ მაინც შამეხედ ტელევიზორისადაც და შუქისადაც გვქონიყო“, - მზექალი არაბულმა ოთხმოცს გადააბიჯა და რაც თავი ახსოვს, წინხადუში შუქი არ ჰქონიათ. ერთი ძველი ლამფა აქვს და უფრთხილდება, რომ გამიტყდას, არც საშოარია და უჩინში დავრჩებიო.

მზექალსაც და მის მეზობელ აშექალსაც კარგად ახსოვთ მთავრობის დაპირება - დღეს აღარც ნავთის ლამფა უნდა ადარდებდეთ, აღარც „ტაშტებში“ ბანაობდნენ და აღარც ტელევიზორი და მაცივარი ენატრებოდეთ. წინხადუ ელექტროენერგიას წლებია ამაოდ ელოდება.

„ეს მთავრობებ რომ ეცვლების, არცერთ მთავრობა არაფერს არ გვიკეთებს. რომ ამბობენ, დაპირება დაპირებად რჩების, შარშან იდინეს, წინა წლებში იდინეს, სუ წლისთავა დადიან, მაგრამ ჩვენდ არაფერს არ აკეთებენ“, - გვეუბნება აშექალ არაბული.

„ქართულმა ოცნებამ“ უშუქო სოფლების განათების პირობა 2013 წელს დადო. რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია მიიყვანეს კიდეც, მაგრამ ასამდე დასახლება, უმეტესად მთის სოფლები ისევ უშუქოდაა. მათ შორისაა წინხადუ და პირაქეთა ხევსურეთის კიდევ 11 სოფელი.

ნახევრადდაცლილ სოფლებში ხელისუფლებამ წელს მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება გადაწყვიტა. 2.5 მილიონიან ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „იუჯითის“ სამუშაოები სექტემბრიდან უნდა დაეწყო. პროექტი 87 სოფელში 178 ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

წინხადუ ამ სიაშიც ვერ მოხვდა. „მუდმივად მცხოვრებლები უნდა იყვნეთაო, აქ უნდა იყვნეთაო. ზამთარშიაცაო, ზაფხულშიაცაო, მაშინ გექნებისთ შუქიო, თუ არა, არაო“ - იხსენებს მზექალი სოფლის გამგებლის ნათქვამს.

უშუქოდ დარჩენილი სოფლების ჩამონათვალი მთავრობას მუნიციპალიტეტის მერიებმა და USAID-ის საქართველოს ოფისმა მიაწოდეს. „მთის ამბების“ ინფორმაციით, წინხადუ მერიის თავდაპირველ სიაში იყო, საბოლოო სიაში კი აღარ აღმოჩნდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ მზის ელექტროსადგურები უშუქო სოფლებში მხოლოდ მუდმივად მცხოვრებლებს გადაეცემათ. თუმცა, სიაში ისეთი სოფლებიცაა, სადაც სეზონურად ცხოვრობენ.

„მთელი ზამთარი აქ ვერ იქნები, როგორ? აქედან გზა რომ ჩაიკეტება, ვერ გახვალ. ოჯახი გყავს, შვილები გყავს, ხომ უნდა მოვიდეს ვინმე. მოხუცი მყავს სახლში, დედამთილი ავადაა. ძალიან ავად რომ გახდეს და ექიმი დასჭირდეს, უნდა მოკვდეს. ზამთრის სამი თვე აქედან გასვლის შანსი არ არის და ამიტომ ვტოვებთ აქაურობას“, - გვეუბნება წინხადუს მკვიდრი შორენა მურღოევი.

„ეს 9 თვეც ვეღარ ვიქნებით და დაიცლება ეს სოფელიც. 9 თვე რომ ვუძლებ აქ, უშუქობას და უგზოობას, შენ, სახელმწიფო რით მიწყობ ხელს?“, - კითხულობს გენადი არაბული.

წინხადუში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას გადახედავს და უჩინში მყოფი მათი სოფელი ხევსურეთში ნასოფლარების გრძელ სიას არ მიემატება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში