საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვიწვევთ ახალგაზრდებს მთის სათემო ფორუმში მონაწილეობისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:50 - 19 ოქტომბერი 2019 hits 28227

„მთის ამბები“ იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს ზემო სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან, მთიანი აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, თრიალეთიდან, ხევიდან, მთიულეთიდან, გუდამაყრიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, პანკისიდან და თუშეთიდან მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, ფორუმი 26-27 ოქტომბერს, ილტოს ხეობაში გაიმართება (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

ფორუმი სასტუმრო სახლში „ილტო“ (სოფელი საბუე) 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება და 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე დასრულდება. ფორუმში ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ხევის სათემო ორგანიზაციები, თუშების სათემო საბჭო და პანკისის უხუცესთა კავშირი მონაწილეობენ.

მონაწილეთა ტრანსპორტირების და სასტუმროში ერთი ღამით ცხოვრების ხარჯებს ორგანიზატორი დაფარავს.

მთის სათემო ფორუმში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანკეტის სამოტივაციო ნაწილს. მონაწილეობის დასადასტურებლად პროექტის კოორდინატორი ანკეტაში თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაგიკავშირდებათ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მთის სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ მთიანი რეგიონებისთვის აქტუალური საკითხების გამოკვეთა, განხილვა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე, მოწვეული ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფორუმის მონაწილეებს გააცნობენ მოქალაქეთა ჩართულობისა და ადვოკატირების ინიციატივების დაფინანსების მუნიციპალურ და საგრანტო შესაძლებლობებს.

27 ოქტომბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მთის სათემო ორგანიზაციებს გააცნობს მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ სტრატეგიის განხორციელების პროცესში სათემო ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობებს.

ასევე, მთის სათემო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები მთიანი რეგიონებიდან, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს გააცნობენ რეგიონების მიხედვით მათ მიერ იდენტიფიცირებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესახებ საკუთარ ხედვას გაუზიარებენ.

ფორუმის დასასრულს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საპარტნიორო ფონდის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეებს სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს გააცნობენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ფორუმის ორგანიზატორია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, რომელიც ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებისა და მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში