საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგში ხევის სათემო ორგანიზაცია დაფუძნდა

21:58 - 06 ივლისი 2019 hits 1511

ხევის განვითარების ხელშეწყობის, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, ყაზბეგში ხევის სათემო ორგანიზაცია დაფუძნდა. სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებმა თავმჯდომარედ ლიკა მირაქიშვილი აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ კი თამარ ხუციშვილი.

ლიკა პროფესიით ბიზნესის მენეჯერია. თბილისში, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ყაზბეგის სოფელ არშაში დაბრუნდა და ძმებთან, ვასოსთან და გრიგოლთან ერთად ზრუნვა დაიწყო სოფელ თოთის გაცოცხლებაზე, რომელიც ნასოფლარია. პირველ ეტაპზე, თოთში, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, ალპურ ზონაში, საიდანაც სნოს და თერგის ხეობების ულამაზესი ხედები ჩანს, ხოლო გვერდს მყინვარწვერი უმშვენებს, ხის 2 კოტეჯი მოაწყეს. მერე მზის ბატარეებიც დაამონტაჟეს და დიდი ხნის შემდეგ, ნათურა პირველად აანთეს. ლიკას სურს, რომ ყაზბეგის სოფლებსა და ნასოფლარებში ძველი სახლების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ეკოტურიზმის განვითარებასა და მოხევეების დაბრუნებაზე იზრუნოს.

რამდენიმე ინიციატივა უკვე დამუშავების პროცესშია - ტურისტული ბილიკების მარკირება; ისტორიული შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება; ყაზბეგში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინტერესო და გამოსადეგ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა.

თამარ ხუციშვილი სოფელ ხურთისში ცხოვრობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. იმ მიზნებიდან, რაც ხევის სათემო ორგანიზაციას აქვს, მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ყაზბეგის სოფლებში სკოლამდელ განათლებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობაა. ხევის სოფლებში ბავშვიანი ოჯახები ჯერ კიდევ არიან, თუმცა იმის გამო, რომ არ არის საბავშვო ბაღები, არ მოძრაობს რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბევრ სირთულეს აწყდებიან. ხევის სათემო ორგანიზაცია ამ მიმართულებით ადვოკატირების კამპანიების დაწყებას და სხვადასხვა ორგანიზაციებთან მუშაობას გეგმავს. 

ლიკასთან და თამართან ერთად, ხევის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლები მარიამ სუჯაშვილი, გოგი ფიცხელაური და გერმანი ტუჩაშვილი არიან. სათემო ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელიც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს ხევში, ან წარმოშობით იქიდანაა და ხევის სათემო ორგანიზაციის მიზნებს იზიარებს. ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის განაცხადი უნდა გაგზავნოთ ამ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ანკეტა შეავსოთ აქ: https://bit.ly/2Hamt96 და მიუთითოთ ორგანიზაციის ორი წევრის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას. 

უახლოეს პერიოდში ხევის სათემო ორგანიზაცია თუშების სათემო საბჭოსთან, პანკისის უხუცესთა კავშირთან, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ორგანიზაციებთან ერთად, მთის კანონის ეფექტიანობის გაზრდისა და მაღალმთიან დასახლებებში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობაზეც იმუშავებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 1 დაბა და 45 სოფელია. აქედან 5 სოფელში 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 21 სოფელი კი მთლიანად დაცლილია.

ხევის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ხელშეწყობით ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში