„დღეს ჩვენ ყველა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი და ტელევიზია დავპატიჟეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მივეცით ჟურნალისტებს... გვინდოდა ყველასთვის მიგვეცა საშუალება იმისთვის, რომ ამობრძანებულიყვნენ და ერთად, დეტალურად ავუხსნიდით ყველას, თუ რაშია საქმე და რასთან გვაქვს საქმე. თუ თემა მართლა გაინტერესებს და მიზანი გაქვს ის, რომ სიმართლე გაარკვიო, ამ შესაძლებლობას ნამდვილად არ უნდა უშვებდე ხელიდან. სამწუხაროა, რომ არ მობრძანდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალ მზად არ ვართ ნებისმიერ ჟურნალისტთან თუ საზოგადოებაში დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ, რომელსაც თან ახლდნენ „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს წინა დღეს, საღამოს 6-ის ნახევარზე შეატყობინა, რომ 14 აგვისტოს, 13:30 საათზე მინისტრი ხადის ხეობაში, სოფელ წკერესთან გზის მშენებლობას გაეცნობოდა. „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მძიმე, რეპრესიული კანონებისა და მტრული გარემოს პირობებში, „მთის ამბები“ უკიდურესად შეზღუდული რესურსებით მუშაობს. გამოცემას სულ ერთი გადამღები ჯგუფი ჰყავს, რომელიც იმ მომენტისთვის ლეჩხუმში იმყოფებოდა და ხადის ხეობაში ასვლა ფიზიკურად ვერ მოახერხა.
„იმის თქმა, რომ ამ ერთი NCR-ის (შეუსაბამობის ანგარიში) რაღაც გასაიდუმლოებული დოკუმენტი მოვიპოვეთ...
კიდევ ვამბობ, ჩვენ შეგვიძლია ეს „გასაიდუმლოებული“ დოკუმენტი - 94 [სხვადასხვა ანგარიში] კონკრეტულად ამ ერთ მშენებლობაზე გადავცეთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმისთვის, რომ ჩაიხედონ.
ამ 94-დან 50 უკვე გამოსწორებულია, დანარჩენის გამოსწორება მიმდინარეობს, რაც არის ჩვეულებრივი პროცესი. თუმცა აქვე კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ დაკვირვებას არ ვენდობით ჩვენ. ნებისმიერი ობიექტი, სანამ საბოლოო მიღება-ჩაბარება გაფორმდება ან განხორციელდება, გაივლის დეტალურ გამოკვლევას დამატებით იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად დაზღვეულები და დაცულები ვიყოთ, და ეს არის ჩვენთვის ძალიან პრინციპული. არავის ამ ქვეყანაში ისე არ უნდა და არ არის მოწადინებული, რომ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა შენდებოდეს, როგორც საქართველოს მთავრობას, და არავინ ისე არ ფიქრობს და არ ზრუნავს ამაზე, როგორც საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მინისტრი არაფერს განმარტავს იმის შესახებ, თუ რატომ არ შესრულდა სამინისტროსვე დაქირავებული თურქული საზედამხედველო კომპანიის შეუსაბამობის ანგარიშში დაფიქსირებული მთავარი და კატეგორიული მოთხოვნა. კერძოდ, ზედამხედველმა კონტრაქტორს („ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“) მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ყოველგვარი სამუშაო N6 ხიდის 75-მეტრიან მონაკვეთზე და მოემზადებინა საგამოძიებო ანგარიში, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო ტესტირებასა და ბირთვული ნიმუშების აღებას ზუსტი მდგომარეობის დასადგენად.
საზედამხედველო კომპანიამ ეს დოკუმენტი 2026 წლის 22 ივლისს შეადგინა და 25 ივლისს ჩინურ კომპანიასა და გზების დეპარტამენტს ოფიციალურად გაუგზავნა. „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფი ხადის ხეობაში 1-ელ აგვისტოს იმყოფებოდა და პრობლემურ მონაკვეთზე მშენებლობა კვლავ გრძელდებოდა.
მინისტრს არც თავის გამოსვლაში განუმარტავს და არც სამინისტროს გავრცელებულ მასალებში ჩანს, რა საფუძვლით აიღეს პასუხისმგებლობა სამინისტრომ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმავე მონაკვეთზე მშენებლობის გაგრძელებაზე, როცა დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, ზედამხედველს პირველ რიგში სამუშაოების შეწყვეტა ჰქონდა მოთხოვნილი.
თურქული საზედამხედველო კომპანიის უფროსმა ხიდის ინჟინერმა, ჯიჰატ გუმუსთურქმენმა „მთის ამბებთან“ ვიდეოინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ თუ კვლევების შედეგად მომზადებული ანგარიში „არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ბეტონი დაინგრევა“. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე „მთის ამბებმა“ ვერც რეპორტაჟის გამოქვეყნებამდე ვერ მიიღო პირდაპირი პასუხი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან.
რაც შეეხება მინისტრის საჯარო განცხადების იმ ნაწილს, რომ სამინისტრო მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გადასცეს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში საზედამხედველო კომპანიის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ანგარიშები, „მთის ამბებმა“ სამინისტროს ამ საჯარო ინფორმაციის გადმოსაცემად წერილობით უკვე მიმართა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს by Reginfo
ინფრასტრუქტურის სამინისტრო „მთის ამბების“ რეპორტაჟთან დაკავშირებით 1-ელ, 12 და 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებებში სპეკულირებს იმით, რომ „მთის ამბები“ კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილ შეუსაბამობას ანზოგადებს და მცდარ წარმოდგენას ქმნის, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება. რეალურად, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს: „მთის ამბები“ რეპორტაჟის დასაწყისშივე განმარტავს, რომ დარღვევების ამსახველი დოკუმენტი N6 ხიდის დაახლოებით 75-მეტრიან მონაკვეთს ეხება, მაშინ როდესაც ხიდის საერთო სიგრძე 200 მეტრზე მეტია. გარდა ამისა, გამოცემა ყურადღებას ამახვილებდა წკერეს გვირაბის დასაწყისში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ მიწის მოჭრის შედეგად სასაფლაოს ჩამოშლასა და 4 მუშის დაღუპვაზე - შემთხვევებზე, რომელთა გამოძიებაც არ მომხდარა (ჩამოშლილი საფლავების მეპატრონეებს კი მხოლოდ 50-50 ათასი ლარი გადაუხადეს).
ასევე არასწორია სამინისტროს განცხადება, თითქოს „მთის ამბები“ ცდილობს შეუსაბამობის ანგარიში საბოლოო საინჟინრო დასკვნად წარმოაჩინოს. პირიქით, გამოცემის მთავარი კითხვა სწორედ ის არის, თუ რა საფუძვლით გააგრძელებინა გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიას სამშენებლო სამუშაოები იმ კონკრეტულ ხიდზე, ვიდრე მისი უსაფრთხოების ან გამოსასწორებელი ღონისძიებების თაობაზე საბოლოო საინჟინრო დასკვნა არ არსებობს.
მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „მიმდინარეობს მუშაობა ხიდის კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი ხარვეზები როგორ გამოსწორდეს“, წინააღმდეგობაშია სამინისტროს მიერ 1-ელ აგვისტოს მოწოდებულ განცხადებასთან, სადაც მტკიცებით ფორმაში წერდნენ:
„...ხიდზე არმატურის ნაკლებობა არ არსებობს. სადაც საჭირო იყო კორექტირება, ზედამხედველობის კონტროლით გამოსწორდა სამუშაოების დაწყებამდე... ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმებებით ბეტონის მარკასთან დაკავშირებული პრობლემა არ გამოვლენილა. ...პრობლემური მონაკვეთი ექვემდებარება სრულ გამოსწორებას“.
სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტური მასალების თანახმად კი, უწყებასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან“ შენიშვნები აქვთ როგორც სამუშაოების ვადებთან, ისე ცალკეულ შემთხვევებში ხარისხთან დაკავშირებით.
„ვერ ვიტყვით, რომ კონტრაქტორთან პრობლემები არ გვაქვს. გვქონდა გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა და გვაქვს შენიშვნები ხარისხთან მიმართებით. ამ საკითხებზე კონტრაქტორთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ჩვენი ამოცანაა, ყველა არსებული პრობლემა სამუშაო პროცესში სათანადოდ მოგვარდეს.
...ჩვენ არ ვამბობთ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში პრობლემები არ არსებობს. პირიქით, სადაც პრობლემა გამოვლინდა, ამაზე საჯაროდ ვისაუბრეთ და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ. რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ხარისხის საკითხებზე, სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა. ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს სამინისტრო ან საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაიმეს დამალვას ცდილობს, საფუძველს მოკლებულია“, - ციტირებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მინისტრს.
ქვეშეთი-კობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარია. გზის მშენებლობის მთავარი მიზანი ისაა, რომ ზამთარში რუსეთისკენ სატრანზიტო მოძრაობა ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროების გამო აღარ შეიზღუდოს. ამ პროექტს ხადის უნიკალური და ისტორიული ხეობის გარემო, კულტურული მემკვიდრეობა და უნიკალური ეკოსისტემა ეწირება.