საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სასამართლომ შუქრუთელებს მაღაროებთან პროტესტი აუკრძალა - აქცია ჭორვილაში გადაინაცვლებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:44 - 12 აგვისტო 2024 hits 2376

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც 153 დღეა კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები პიკეტირებული აქვთ, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა აუკრძალა. მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ იქით უჩივლა დაზარალებულ ხალხს, ვისაც კომპანიის მიერ მადნის მოპოვების შედეგად სახლები ენგრევა და რომელთა ეზოებშიც უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა. „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის იმ მცხოვრებლებს ერჩის, ვინც ხანგრძლივ აქციაში ყოველდღიურად მონაწილეობენ და მათგან 5,5 მილიონი ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

სასამართლოს განჩინება აქციის მონაწილეებს დღეს ჩაბარდათ. განჩინებიდან ირკვევა, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს 8 აგვისტოს მიმართა შპს „მაღაროელმა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიური კონტრაქტორია - მანგანუმის მოპოვების უფლებამოსილება ლიცენზიანტის მიერ მას აქვს მინიჭებული. კომპანია პროტესტის მონაწილეებს ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და მათგან 5 563 481 ლარის გადახდას ითხოვს.

„2024 წლის 14 მარტიდან, მოპასუხე ფიზიკიურ პირებს პიკეტირებული/ბლოკირებული აქვთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და მიწისქვეშა უბნების შესასვლელები. მოპასუხეებმა თვითნებურად გათიშეს განიავების სისტემა, რითაც სუფთა ჰაერით მომარაგება შეუწყვიტეს მიწისქვეშა ობიექტებს, რის გამოც კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებს, ასევე იქ არსებულ უბნებს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება. მაღაროების შესასვლელის ბლოკირება გამოიხატება მოპასუხედ დასახელებული პირების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაში. კერძოდ, ისინი დგანან უბნების შესასვლელთან და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ კომპანიის თანამშრომლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ უბნებზე შესვლა და მადნის მოპოვებითი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ჯგუფური და დანაშაულებრივი ქმედებით ხდება შპს „მაღაროელის“ მუშაობის შეფერხება, რითაც შპს „მაღაროელს“, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ და სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება განსაკუთრებით დიდი ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი“, - სარჩელთან ერთად, კომპანიამ სასამართლოში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაც წარადგინა - „უზრუნველყოფის ღონისძიება მოემსახურება როგორც მიყენებული ზიანის მინიმიზებას, ასევე, მოპასუხეებს თავიდან ააცილებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე, კომპანიას საშუალებას მისცემს დავა დაასრულონ არსებითი განხილვის გარეშე, სასამართლოში მიღწეული მორიგების გზით“.

მოსამართლე ივანე ყიფიანმა, კომპანიის მოთხოვნა - აეკრძალოთ აქციის მონაწილეებს, „ხელი არ შეუშალონ შპს „მაღაროელს“ მანგანუმის მოპოვებაში“, ერთ დღეში განიხილა და დააკმაყოფილა. „სასამართლო თვლის, რომ საწარმოს მიერ თავისი ფუნქციის ვერგანხორციელება უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო თვით საწარმოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ, საწარმოს როგორც ერთიან ორგანიზმზე, მისი სოციალური და მატერიალური პასუხისმგებლობის ხარისხზე. საფრთხე იმისა, რომ მოპასუხეთა მხრიდან გაგრძელდეს ხელშეშლა,ერთმნიშვნელოვნად არსებობს“, - ნათქვამია განჩინებაში, რომლის გასაჩივრებისთვისაც პროტესტის მონაწილეებს 5 დღე აქვთ.

დაზარალებული შუქრუთელების ადვოკატის, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტის ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, განჩინება უკანონოა და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„როგორც განჩინებიდან ირკვევა, შპს „მაღაროელის“ ერთადერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პროტესტის მონაწილე ადამიანებისთვის 5 563 481 ლარის დაკისრება.

სრულიად გაუგებარია, მოსახლეობისთვის პროტესტის გამოხატვის და მაღაროს შესასვლელებთან მათი დგომის შეზღუდვა, როგორ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსახლეობისათვის დაკისრებული მილიონობით ლარის გადახდას.

ეს უკანონო განჩინება დაუყოვნებლის შედის ძალაში და გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს, საჩივრის განხილვას და გადაწყვეტას კი თვეები დასჭირდება. ამ პერიოდში შუქრუთელებს სრულიად უსაფუძვლოდ შეზღუდული ექნებათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავიუფლება.

ეს განჩინება კანონიერების ფასადით შეფუთული რეპრესიული ღონისძიებაა, რომლის ერთადერთი მიზანია მოსახლეობის დაშინება და იძულება, კომპანიის პირობებს დასთანხმდნენ“,- განაცხადა ადვოკატმა.

კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ პროტესტი საჩხერის სოფელ ჭორვილაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლებს.

ვიდრე „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი შპს „მაღაროელი“ შუქრუთელების წინააღმდეგ სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართავდა, მანამდე:

  • „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები ცდილობდნენ სხვადასხვა წინადადებით პროტესტის შეწყვეტაზე დაეყოლიებინათ პროტესტის ორგანიზატორები, რაზეც უარი მიიღეს.
  • კომპანიამ პროტესტის მონაწილეებს პოლიციაში უჩივლა. პროკურატურამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე - გიორგი ნეფარიძე, მალხაზ ლაბაძე და რომან მეგრელიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 226-ე მუხლით მისცა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არცერთი მათგანი ბრალს არ ეთანხმება. იგივე მოსამართლე ივანე ყიფიანმა სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
  • „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა კომპანიებმა სამსახურიდან დაითხოვეს აქციის ორი მონაწილე - ჯუმბერ ცუცქირიძე და გიორგი ბიწაძე. ცუცქირიძე ექსკავატორის მძღოლი იყო, ბიწაძე მანგანუმის სარეცხ საწარმოში მუშაობდა. ცუცქირიძემ უკანონოდ გათავისუფლების ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა.
  • შპს „მაღაროელმა“ პროტესტის მონაწილეებს სასამართლოში მაისშიც უჩივლა და მოითხოვა, აეკრძალოთ „მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება“; შუქრუთელებმა კომპანიას ხელი არც მაშინ შეუშალონ, თუ ის მათი სახლების ქვეშ მანგანუმის მოპოვებას გააგრძელებს; აქციის მონაწილეებს „პირველივე მოთხოვნისთანავე“ ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები, მიწის ნაკვეთები და მანგანუმის მოსაპოვებლად კომპანიას გადაეცეს; მოპასუხეებს დაევალოთ, აღნიშნული ნაკვეთები კომპანიას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცენ - მიწაზე, სადაც სახლი ან სათავსო დგას, მესაკუთრემ თვითონ უნდა დაანგრიოს და გაასუფთაოს. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა შუქრუთელების ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა იმ საბაბით, რომ ადგილობრივებმა საცხოვრებლად საშიშ ზონაში კერძო საკუთრება არ გაყიდონ და ახალ მესაკუთრეებთან დავა არ გაძნელდეს. სასამართლომ ქონების დაყადაღების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ სარჩელზე მოპასუხეებმა ვრცელი შესაგებელი წარადგინეს, მაგრამ მისი განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

„ჯორჯიან მანგანეზი“აპელირებს, რომ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმეს სახლების დაზიანების ან დანგრევის კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს. სინამდვილეში, ეს თანხა კომპანიამ დაზარალებულებს ავანსის სახით ჩაურიცხა. შეთანხმება კი, რომელიც 2021 წელს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციის, შიმშილობისა და არაერთი მონაწილის მიერ პირის ამოკერვის შემდეგ შედგა, ითვალისწინებდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იღებდა ვალდებულებას, შუქრუთში ზიანის შესაფასებლად სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები მოეწვია. ახლა კი, კომპანია თანახმაა, ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მის მიერვე დაქირავებული აუდიტის შეფასებით გასცეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას მალავს, რადგან ზიანი ბევრად მეტია, ვიდრე ამას მათი აუდიტი წერს.

თუ კომპანია დაზარალებულ შუქრუთელებს ზიანს ექსპერტების ობიექტური გაანგარიშებით აუნაზღაურებს, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დავა სხვა სოფლების დაზარალებულმა მოსახლეობამაც დაიწყოს, რისი დაშვებაც კომპანიას არ სურს.

გიორგი ნეფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების თქმით, სწორედ ამიტომ, 2021 წელსაც, კომპანია დაჟინებით ითხოვდა ზიანის ანაზღაურებაზე ხელშეკრულების პირობები კონფიდენციალური ყოფილიყო და მოლაპარაკების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს არ მიეღოთ მონაწილეობა.

მე-7 წელია, გარემოს დაცვის სამინისტროს, იმ მიზეზით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია იყო შექმნილი და გადაუდებელ გამოსწორებას საჭიროებდა, შპსჯორჯიან მანგანეზშისპეციალური სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა და კრიტიკული ვითარებაა.

ამ თემაზე - ჭიათურა - უბედურების ზონა [ჟურნალისტური გამოძიება]

2023 წლის დეკემბერში, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა. 87 წლის გურამ გაფრინდაშვილი ერთადერთი ადამიანია მთელ ჭიათურაში, რომელმაც ამ პრობლემაზე სამართლებრივი დავის დაწყება გაბედა და ლიცენზიის გაუქმებას ღია კარიერული წესით მოპოვების ნაწილში ითხოვს. გურამ გაფრინდაშვილის ინტერესებსსამოქალაქო აქტივობების ცენტრიიცავს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა ჯერ პირველი სხდომაც არ ჩაუნიშნავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში