საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მოსამართლემ პროტესტის მონაწილეებს აღკვეთა პროკურორის მოთხოვნის გარეშე შეუფარდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:44 - 05 აგვისტო 2024 hits 1990
მოსამართლე ივანე ყიფიანი
ახალი ამბები
მოსამართლე ივანე ყიფიანი

პროკურორმა სასამართლო სხდომაზე ჭიათურის პროტესტის მხოლოდ ერთი მონაწილისთვის მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, მოსამართლემ კი სამივე ბრალდებულს შეუფარდა. არაერთ არგუმენტს შორის, ეს მთავარია, რის გამოც ადვოკატმა განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

„პროკურორმა სხდომაზე რაც ილაპარაკა, მხოლოდ რომან მეგრელიშვილის მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000 ლარის ოდენობით, გირაოს შეფარდება. გიორგი ნეფარიძის და მალხაზ ლაბაძის მიმართ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მას არ დაუყენებია. სხდომაზე პროკურორის მოთხოვნის გარეშე, მოსამართლემ, თვითნებურად, სამივე ბრალდებულის  მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო 1000 – 1000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გიორგი ნეფარიძისა და მალხაზ ლაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება სრულიად უკანონოდ არის გამოყენებული, ხოლო რომან მეგრელიშვილის მიმართ უსაფუძვლოდ“, - აღნიშნავს ადვოკატი, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე.

პროცესის სრული ვიდეოჩანაწერიდან დასტურდება, რომ პროკურორს ნეფარიძის და ლაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა სხდომაზე არ დაუყენებია.

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის სამი მონაწილე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 226-ე მუხლით მისცა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2024 წლის მარტის თვიდან გიორგი ნეფარიძეს, მალხაზ ლაბაძეს და რომან მეგრელიშვილს, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით, პიკეტირებული აქვთ შპს „მაღაროელი“-ს კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროები. კერძოდ, ისინი იმყოფებიან მაღაროების შესასვლელების წინ და მათში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებს არ აძლევენ მაღაროებში შესვლისა და მუშაობის საშუალებას. 2024 წლის 21 ივლისს, 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, გიორგი ნეფარიძემ, მალხაზი ლაბაძემ და რომან მეგრელიშვილმა შუქრუთის მაღაროს სავენტილაციო შენობის ეზოდან, სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ლითონის მავთულით, ჯაჭვით და ბოქლომით ჩაკეტეს ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც 2024 წლის 31 ივლისამდე გრძელდება. აღნიშნული ქმედებით, მათ განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება“, - ნათქვამია ბრალდების დადგენილებაში.

გიორგი ნეფარიძე, მალხაზ ლაბაძე და რომან მეგრელიშვილი ბრალდებას არ ეთანხმებიან.

146 დღეა შუქრუთში მცხოვრები 30-ზე მეტი ოჯახი კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავს. ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - კომპანიამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და არა თავის აუდიტს, დაათვლევინოს მანგანუმის მოპოვების შედეგად ამ მოსახლეებისთვის მიყენებული ზიანი და აუნაზღაუროს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში