საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მწვერვალ შხელდაზე არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს და გადმოასვენეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:10 - 12 აგვისტო 2024 hits 1596

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. ცხედარი ვერტმფრენით მესტიაში გადმოასვენეს.

ცნობილი ქართველი მთამსვლელი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი 10 აგვისტოს დაიღუპა. ექსპედიციის წევრები მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, როცა არჩილთან ახლოს მეხი დაეცა და ის კლდიდან გადააგდო. ექსპედიციის ცოცხლად გადარჩენილმა წევრებმა მოახერხეს და სამაშველო სამსახურს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ მალევე შეატყობინეს. მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მთამსვლელები შემთხვევის ადგილისკენ მაშინვე გაემგზავრნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში მხოლოდ მეორე დღეს ჩაერთო.

არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადასცეს „ოქროს წერაყინი“. ქართველმა მთამსვლელებმა ჯილდო დაიმსახურეს 7303 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დაპყრობით, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა. მწვერვალი „სარაგრარი ჩრდილო-დასავლეთი“ (Saraghrar Northwest) პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა 1970-80-იან წლებში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. არჩილ ბადრიაშვილმა (გიორგი ტეფნაძესთან ერთად) 2019 წელს დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში