საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მძევალი - ბალდის კანიონის მცველი ციხეში [სპეციალური რეპორტაჟი]

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:28 - 08 ივლისი 2024 hits 24419
ნდიკო ბჟალავა სასამართლო სხდომაზე
ახალი ამბები
ნდიკო ბჟალავა სასამართლო სხდომაზე

მაია კუხალეიშვილი სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მოწმეა, რომლის ჩვენების გამოყენებითაც ბალდის კანიონის მცველი, 30 წლის ინდიკო ბჟალავა დააპატიმრეს.

სამეგრელოში, მარტვილის სოფელ ბალდაში რვა თვეა კარავი აქვთ გაშლილი და უწყვეტად დარაჯობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ განაახლოს კომპანიამ, რომელსაც მთავრობამ ბუნების ძეგლი 40 წლით, მრავალი კანონდარღვევით გადასცა.

პრომეთეს მღვიმის, სათაფლიის ნაკრძალის, მარტვილის და ოკაცეს კანიონების მსგავსად, ბალდაც ხელში ჩაიგდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჯგუფმა, შპს „კანიონი 350“-მა, რომლის მესაკუთრეებიც, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვალერიან მჭედლიძის დედა ანი გიუნაშვილი და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე არიან.

კერძო მფლობელებმა ბალდის კანიონი 2 კილომეტრის სიგრძეზე მთლიანად შეღობეს, დაცვის პოლიცია დააყენეს და ბუნების ძეგლზე ადგილობრივ მცხოვრებლებს აღარ უშვებენ.

„ინვესტორი“ და მისი წარმომადგენლები ბალდის კანიონის მცველებს არაერთხელ დაესხნენ თავს, ცემეს, სახელმწიფო სამსახურების მეშვეობით შეავიწროვეს, მაგრამ მოსახლეობა მაინც იბრძვის, რომ ბუნების ძეგლი ხელუხლებელი სახით შეინარჩუნოს.

ინდიკო ბჟალავა ბალდის პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. მარტვილის პოლიციამ ის 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა და ამით პროტესტს ჩამოაცილა.

ბჟალავას პოლიციაში თანასოფლელმა ქალმა, სოფიო შაყულაშვილმა უჩივლა, რომლის ქმარიც ორი თვის წინ, იმ კომპანიაში დაასაქმეს, ბალდის კანიონს რომ დაეპატრონა.

ინციდენტი, რომელსაც სოფიო შაყულაშვილის საჩივარი მოჰყვა, 11 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა. ბალდის კანიონის მცველი ინდიკო ბჟალავა სახლიდან ახალგარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა. სოფიო შაყულაშვილი მას ადანაშაულებს, რომ მოკვლით დაემუქრა.

საქმის მასალების მიხედვით, სოფიო შაყულაშვილმა 112-ზე, 21:33 საათზე დარეკა, შემთხვევიდან თითქმის საათნახევრის შემდეგ. მარტვილის პოლიციამ ქალი 12 ივნისს, 01:19 საათზე გამოკითხა, შეტყობინების მიღებიდან თითქმის ოთხი საათის დაგვიანებით.

პოლიციიდან სოფიო შაყულაშვილს მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხეს, რაც სანადირო თოფითა და დანით შეიარაღებული მისი მეუღლე და მაზლი, 11 ივნისს, საღამოს 11 საათზე, თავს დაესხნენ ბალდის კანიონის მცველებს, დაჭრეს მინდია და არჩილ ბჟალავები, სხვებს კი მოკვლით დაემუქრნენ.

თანასოფლელებმა გელა და გიგა ხურცილავებისთვის იარაღის წართმევა მოახერხეს, ისინი შებოჭეს და პოლიციას გადასცეს. სოფიო შაყულაშვილის ქმარს ბრალად ედება ბალდის კანიონის მცველების განზრახ მკვლელობის მცდელობა, მაზლს კი სიცოცხლის მოსპობის მუქარა. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. ბრალდებულ ძმებს კომპანია „კანიონი 350“-ის მიერ დაქირავებული ადვოკატები იცავენ.

რა მოხდა სინამდვილეში 11 ივნისს

„სამუშაოდან რომ მოვედი, სახლში არც შევსულვარ, ისე მოხდა ეს ამბავი. ინდიკო, ზემოთ, საავტომობილო გზაზე მოდიოდა. გზის ქვემოთ, ეზოში, მე და ჩემი შშმ შვილი რომ დაგვინახა, მოგვესალმა. კარგ ხალხს გაუმარჯოსო, სოფლის მოღალატეები კი შეაგინა. ვინმე კი არ ახსენა, მრავლობითად თქვა, სოფლის მოღალატეებს ამბობდა. ვინმესთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, არც დამუქრებია“, - ის, რაც ინდიკო ბჟალავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ერთადერთმა მოწმემ, მაია კუხალეიშვილმა ჩვენ გვიამბო, სრულიად საპირისპიროა იმისგან, რაც მისი სახელით საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმში წერია:

„აყენებდა - სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, სოფოს უწოდებდა გამყიდველები, თქვენს ყველაფერს.... სოფლის გამყიდველებო, უნდა დაგხოცოთო. მე ვინაიდან ინდიკო ბჟალავას შევამჩნიე აღელვება, რა დროსაც უყვიროდა და იმუქრებოდა დახოცვით სოფოს მისამართით, დავუძახე ჩემი სახლის ეზოდან, წადი ინდიკო, თავი გაანებე მეთქი. ...ინდიკო ბჟალავამ სოფოს მისამართით კვლავ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარის განხორციელება (დაგხოცავთ). ...კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2024 წლის 11 ივნისს, ინდიკო ბჟალავამ სოფიო შაყულაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა დახოცვით“, - მაია კუხალეიშვილი გვიყვება, რომ მისი ჩვენება მარტვილის პოლიციის გამომძიებელმა ელისო ზარქუამ გააყალბა.

„თქვენ გინახიათ ამათი ჩხუბი და ჩვენება უნდა ჩამოგართვათო. რა ჩვენებას მოგცემ, 200 მაქვს წნევა, სასწრაფოს ველოდები მეთქი. სასწრაფო რომ მოვიდა, მერე წავიდა გამომძიებელი. გამიწიეს სამედიცინო დახმარება. ექიმები წავიდნენ თუ არა, გამომძიებელი ნახევარ საათში ისევ მოვიდა. კიდევ არ ვიყავი კარგად, სხვა დროს იყოს, სხვა დროს ჩამომართვით ჩვენება, ახლა არ შემიძლია მეთქი, მაგრამ საშველი არ მომცა.

რომ მეუბნებოდა, მაბნევდა, უნდოდა ალბათ, თავისი ის დაეწერა. მე ვუთხარი კიდეც, ისეთ ტყუილს არ ვიტყვი, რაც არ მინახავს მეთქი. მუქარა არ იყო, შეურაცხყოფა არ იყო. მრავლობითად ამბობდა, სოფლის გამყიდველებსო და აგინებდა. წაიკითხავო ამას? მე ვუთხარი, ვერ წავიკითხავ მეთქი. რომ დავინახე, დაჯღაბნილი იყო, სათვალეც მოვიტანე, მაგრამ ვერ წავიკითხავდი. აბა, მაშინ ხელი მოაწერეო და მოვაწერე ხელი.

- გამომძიებელმა გამოკითხვის ოქმი თვითონ არ წაგიკითხათ?

- არა, ეჩქარებოდა. მე მეგონა, მაგას დაწერდა, რაც მე ვუკარნახე და რასაც ვამბობდი.

- დაგხოცავთ, მოგკლავთ, ახსენეთ გამომძიებელთან გამოკითხვის დროს?

- არა.

მაია კუხალეიშვილმა იცის, რომ სიმართლის თქმის გამო, ახლაც, ჩვენთან ინტერვიუში და შემდეგ, სასამართლო სხდომაზეც, პროკურატურამ ის ჩვენების შეცვლის საბაბით, შეიძლება პასუხისგებაში მისცეს:

„ეს მინდა ახლა მე? ისედაც გაჭირვებული ვარ, ორ შვილს ვუვლი, დღიურად ვმუშაობ, 60 ლარად დავდივართ ქალები. მე ჩემი გაჭირვება მეყოფა“.

თუმცა, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებს ვარაუდს, რომ მაია კუხალეიშვილის ჩვენება გამომძიებლის მიერ არის გაყალბებული; ადასტურებს, რომ გამოძიება მიკერძოებულია და ინდიკო ბჟალავა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა.

სხვა მოწმეები

ქალი, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის დროს მაია კუხალეიშვილის გვერდით ზის, მისი შვილია - ნათია ნაჭყებია. შემთხვევას, რომლის გამოც ბალდის კანიონის მცველი ინდიკო ბჟალავა დააპატიმრეს, ისიც თავიდან ბოლომდე შეესწრო. ნათია ნაჭყებიაც ამბობს, რომ ბჟალავა არავის დამუქრებია.

რატომ არის მაია კუხალეიშვილი სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მოწმე? გამომძიებლის კითხვაზე, ვინ შეესწრო ინდიკო ბჟალავას მიერ მასზე მუქარის განხორციელების ფაქტს, სოფიო შაყულაშვილი პასუხობს: „მუქარასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო ჩემი მეზობელი მაია ნაჭყებია, რომელმაც უთხრა, წადი, ამ ქალს თავი დაანებეო“.

სხვა თვითმხილველებს სოფიო შაყულაშვილი არცერთ ჩვენებაში არ ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეში, ინდიკო ბჟალავას დაპატიმრებამდე, სამჯერაა გამოკითხული.

რატომ დამალა სოფიო შაყულაშვილმა სხვა მოწმეები - მისი და კუხალეიშვილის სახლების ეზოებს მავთულის ბადე ჰყოფს, ყველაფერი ჩანს და გამორიცხულია, შაყულაშვილს ვერ დაენახა, რომ შემთხვევის დროს, მეზობლის ეზოში ორზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ჩვენი მცდელობა მისგან პასუხი მიგვეღო იმით დასრულდა, რომ პოლიცია გამოიძახა, თითქოს სახლში მივუვარდით.

შემთხვევას სხვა მოწმეებიც რომ ჰყავს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი დამალულია მაია კუხალეიშვილის ჩვენებაშიც: „ნინო და ნათია იმყოფებოდნენ სახლში შიგნით, ხოლო მე და ჩემი შშმ  შვილი დათა კუხალეიშვილი თავისი ეტლით გარეთ“.

კუხალეიშვილის ჩვენების ეს ნაწილიც გამომძიებლის მიერ არის გაყალბებული. უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ვიდეოაუდიო ჩანაწერის სახით მოვიპოვეთ, ერთი მხრივ ადასტურებს, რომ მაია კუხალეიშვილი ეზოში იმყოფებოდა მის სამ შვილთან ერთად, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია, 17 წლის. კანონი არასრულწლოვნის მოწმედ დაკითხვას შესაბამისი წესების დაცვით არ კრძალავს. ის მოწმედ დღემდე არ არის გამოკითხული.

 

მტკიცებულება

სწორედ არასრულწლოვანი თვითმხილველის მიერ არის გადაღებული ვიდეო, რომელიც ნამდვილად ასახავს მუქარას, ოღონდ არა ინდიკო ბჟალავას მხრიდან დაზარალებულად ცნობილი ქალის მიმართ, არამედ პირიქით.

სოფიო შაყულაშვილი - რა გინდა, დაგიშავე რამე, რას მივარდები სახლში?

ინდიკო ბჟალავა - სად გივარდები?

სოფიო შაყულაშვილი - ზუსტად, ქალი ვარ და შეურაცხყოფას მაყენებ ჩემს კარებში.

ინდიკო ბჟალავა - ვინ, საიდან მოიტანე? წადი, რა გინდა, რისთვის გამოვარდი?

სოფიო შაყულაშვილი - გაგიჩეჩქვავ თავს ბიჭო, არაფერი შეგეშალოს. თქვენგან ვისწავლე ვიდეოების გადაღება. ამას უყურე ამ ნაგავს, ვიღაცაა არი. ე.ი. შარზე გაგდებენ, გივარდებიან სახლში, გლანძღავენ, ვინა ხარ, რა ხარ...

ნათია ნაჭყებიას ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს, რომ ვიდეო გადაეღოთ: „სოფო უყვიროდა ინდიკოს, სახლში რატომ მივარდებიო. მივხვდით, რომ პროვოკაციაზე მიდიოდა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც გადაგვეღო აქედან:“.

ინდიკო ბჟალავას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომლის განხორციელების საფუძვლიანი შიშიც თითქოს სოფიო შაყულაშვილს გაუჩნდა, არ ადასტურებს მის მიერვე, ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელიც გამომძიებელმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოიღო. ეს ჩანაწერი სოფიო შაყულაშვილმა შპს „კანიონი 350“-ის წარმომადგენლებს ამოღებამდე გააცნო. ამის შემდეგ მიმართეს 112-ს, რომ პოლიციას რეაგირება მოეხდინა. ვიდეო სოციალურ ქსელში იმ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც „კანიონი 350“ მართავს.

ინდიკო ბჟალავა - მეგრული იცი, მეგრული?

სოფიო შაყულაშვილი - რაში გაინტერესებს, მე მიცნობ ვინა ვარ საერთოდ? რა გინდა? ამიხსენი რა გინდა ჩემგან შვილო, ვიღაცა ხარ. ქალი ვარ და რას მივარდები და რას ილანძღები აქა? რატო გვაგდებ შარზე, რა გინდა? აბა, რასა ყვირიხარ აქა და რას მოდიხარ აქ, ვინა ხარ?“

არცერთ ვიდეოჩანაწერში სოფიო შაყულაშვილი არ ახსენებს სიტყვა მუქარას, არ უთითებს ინდიკო ბჟალავას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე. მას პრეტენზია მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მივარდნაზე აქვს.

არადა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე და მაზლი თავს დაესხნენ ბალდის კანიონის მცველებს და ორი მათგანი დაჭრეს, გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში სოფიო შაყულაშვილი 10-ჯერ იმეორებს, რომ ინდიკო ბჟალავა მას მოკვლით დაემუქრა.

„უნდა დაგხოცოთ და მოგკლათო... ყვიროდა. თქვენ უნდა დაგხოცოთო. მე შემეშინდა არ შემოსულიყო ჩემს ეზოში ინდიკო ბჟალავა და არ მოვეკალი, ვინაიდან ის ჭიშკართან ახლოს იდგა. ამიტომ გავიქეცი ეზოდან და შევედი ჩემს საცხოვრებელ სახლში. ქუჩიდან ყვირილის ხმა მესმოდა, თქვე ბოზებო, უნდა დაგხოცოთ, მოგკლათო. ავიღე მობილური ტელეფონი და გამოვედი სახლიდან გარეთ, რადგან მინდოდა ჩამეწერა ინდიკო ბჟალავას ყვირილი, ლანძღვა-გინება და მუქარა. ტელეფონი ეზოდან მივუშვირე ინდიკო ბჟალავას და დავიწყე გადაღება. ტელეფონის დანახვაზე ჩემი მისამართით მიატოვა ყვირილი, ლანძღვა-გინება და მუქარა და მეგრულად დამიწყო საუბარი... გზაზე მიმავალმა ავტომანქანამ გააჩერა, ჩასვა მანქანაში, რა დროსაც გადაღება შევწყვიტე. რამდენიმე მეტრში მანქანა მობრუნდა, ჩემს ჭიშკართან კვლავ გაჩერდა, საიდანაც ინდიკო ბჟალავა გადმოვიდა, მანქანა კი წავიდა. ინდიკო ბჟალავამ ქუჩიდან კვლავ განაგრძო ჩემი მისამართით ყვირილი, ლანძღვა-გინება და მუქარა. თქვენ უნდა მოგკლათ და უნდა დაგხოცოთო. მე ძალიან შემეშინდა ინდიკო ბჟალავას დამუქრებისა. გამიჩნდა რეალური შიში სიცოცხლის მოსპობისა, რადგან ასე დაჟინებით მემუქრებოდა მოკვლითა და დახოცვით...“

მოწმეები არ ადასტურებენ, რომ ინდიკო ბჟალავა წასვლის შემდეგ სოფიო შაყულაშვილის სახლთან დაბრუნდა და შეურაცხყოფა ან მუქარა გააგრძელა.

ჩვენებაში სოფიო შაყულაშვილი უთითებს, რომ მუქარის განხორციელების დროს მასსა და ინდიკო ბჟალავას შორის მანძილი დაახლოებით 10 მეტრი იყო. სინამდვილეში, ვიდეოჩანაწერების გაცნობისა და ადგილის დათვალიერების შემდეგ, ეს მანძილი სულ მცირე სამჯერ მეტია (შუმი - ძაღლებით სავსე ეზო). ამის მიუხედავად, გამომძიებელი დადგენილებაში მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ინდიკო ბჟალავა სოფიო შაყულაშვილს მიუვარდა.

 

მეოთხე მოწმე ბალდის კანიონის მცველის უდანაშაულობის დასამტკიცებლად

„მთის ამბებმა“ შემთხვევის მეოთხე მოწმესაც მიაკვლია - მისი ნაამბობიც სრულ წინააღმდეგობაშია გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებასთან, რომელიც მას თითქოს მაია კუხალეიშვილმა უამბო და რაც ინდიკო ბჟალავას დაპატიმრების საფუძველი გახდა. ქეთო სილაგავაც სოფიო შაყულაშვილის მეზობელია:

„დაგხოცავთ და მოგკლავთ, არ უთქვამს სოფოსთვის. რომ ეთქვა, აუცილებლად გავიგებდი. ხმამაღლა ლაპარაკობდა. ეზოში ვთოხნიდი. არ დამუქრებია, ბავშვებს გეფიცებით, სიმართლეს ვამბობ.“

ინდიკო ბჟალავა თითქმის ერთი თვეა დაპატიმრებულია. გამოძიებას აქამდე არც ქეთო სილაგავა დაუკითხავს.

მარტვილის პოლიციის გამომძიებელმა ელისო ზარქუამ, მაია კუხალეიშვილის გამოკითხვის ოქმის გაყალბებასთან და ინდიკო ბჟალავას საქმესთან დაკავშირებით „მთის ამბების“ კითხვებს არ უპასუხა.

თეიმურაზ ჯალაღონია ის პროკურორია, რომელმაც საქმეში არსებული ერთადერთი მოწმის გაყალბებული ჩვენების გამოყენებით, ბალდის კანიონის მცველი ბრალდებულად ცნო და ციხეში გაუშვა.

„მხოლოდ ერთადერთი მოწმის გამოკითხვაზე დაყრდნობით არ მომითხოვია მისი დაპატიმრება. ასე არ არის. სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულიც დაკითხულია. არის მეორე მოწმეც დაკითხული, რომელიც პირდაპირ და უშუალო მოწმე იყო.

- მეორე მოწმეში მაია კუხალეიშვილს გულისხმობთ?

- დასადგენია თუ რა ვითარებაში და როგორ ჩამოერთვა ეს გამოკითხვის ოქმი და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობიდან გამომდინარე საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“.

ახლა, კანიონის 40 წლით გასხვისების გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, ბალდის პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ინდიკო ბჟალავას გათავისუფლებაა.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში