საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პრეზიდენტმა შოვში დაღუპული სამი ახალგაზრდა ღირსების მედლით დააჯილდოვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:26 - 05 დეკემბერი 2023 hits 1358

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

პრეზიდენტმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში მოხალისეებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„მთის ამბების“ გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა სასტუმრო „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. თავისი უმწეობისა და უუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების დაფარვა ხელისუფლებამ გათენებისთანავე დაიწყო.

არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მატყუარებს უწოდებდნენ განსაცდელში მიტოვებულ ადამიანებს, თვითონ კი საპარლამენტო ტრიბუნიდან არ ერიდებოდნენ ტყუილებს, როგორიც არის - 3 აგვისტოს უამინდობა მთელ საქართველოში; წინასწარი შეტყობინების სისტემების არაეფექტურობა სხვა ქვეყნებში.

მთელი სახელმწიფო მანქანა მწყობრად მუშაობდა სამძებრო ოპერაციის დღეებში, რათა ტრაგედიის ადგილიდან მათთვის არასასურველ ინფორმაციას არ გამოეჟონა; ახლა კი მწყობრად მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მეცნიერებისთვის, ყველა საჯარო უწყება დახურული იყოს, საჯარო ინფორმაცია - ხელმიუწვდომელი.

დავით ბერიაშვილის ოჯახი ერთადერთია 33 დაღუპულის ჭირისუფლებიდან, ვინც სამართლებრივი დავა დაიწყო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში