საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დანაშაული შოვში [ჟურნალისტური გამოძიება]

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:35 - 30 ოქტომბერი 2023 hits 58155

შოვი სტიქიის პირველ წუთებში და შოვის საქმე სტიქიიდან 80 დღის შემდეგ. რა მოხდა შოვში? იყო თუ არა მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფა საკურორტო ზონაში და იყო თუ არა შესაძლებელი ადამიანების გადარჩენა? იმავე ხეობაში, იმავე მდინარეზე 3 წლის წინ მოვარდნილი ღვარცოფი - 3 წლის წინ დაუსრულებელი ჯებირი, რომელსაც დღეს ოჯახები უნდა დაეცვა. რამ აქცია საკურორტო ზონა კატასტროფის ზონად? როგორ მიმდინარეობს გამოძიება შოვის საქმეზე? რას უქადდა ადამიანებს შოვის გენგეგმმა პირდაპირ კატასტროფის არეალში დაგეგმილი 18 მეტრიანი სასტუმრო კორპუსებით - სამაშველო ოპერაცია „ვინც გადარჩა, გადარჩა“.

 

უბედურების პირველი წუთები

„ეთო, გეხვეწები, ვერტმფრენი... სწრაფად მოვიდეს, ვკვდებით“, - ეთერ არსანიძემ, რაჭის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მეგობრისგან ეს ხმოვანი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15:26 საათზე მიიღო. მაშინვე ვერ ნახა. 3 წუთში მას ლანა ჯელაძე ვიდეოზარით ურეკავს. ეუბნება, რომ დაახლოებით ნახევარი საათის წინ მეწყერში მოჰყვნენ, 112-ზე ბევრჯერ დარეკეს, მაგრამ მაშველები ამ დრომდე არ გამოჩნდნენ და სთხოვს, გაავრცელოს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. შოვში სტიქიის შესახებ პირველი ინფორმაცია „საქართველოს ამბებმა“ 15:51 საათზე გამოაქვეყნა.

მარიამ ბერიანიძე, მეწყერში მოყოლილი დამსვენებელი: „საშინელი ხმა იყო, თითქოს ვერტმფრენი გეცემა თავზე. უცებ, ვხედავთ, რომ ერთი ხე წაიქცა, მოჰყვება მეორე, მესამე და მთლიანი მთა თავისი ხე-ტყით ჩვენკენ მოდის. ის წამი მახსოვს, ჩემმა ქმარმა შვილს ხელი დასტაცა, აიყვანა და ქვემოთ გამოვიქეცით. პირველმა ტალღამ კალცის ხიდზე დაგვარტყა. ალბათ, 20 მეტრი გვათრია. მერე მეორე ტალღამ... ღვარცოფმა შარვალი გამხადა, ჩემ მეუღლეს წინდებიანად გააძრო ფეხსაცმელები, ისეთი ტემპით გვათრია. ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და იქვე მდებარე სხვა კოტეჯები.

ერთი მომენტი იყო, როცა ღვარცოფმა დაგვარტყა, ჩემი ქმარი დაუდგა ზურგიდან, ბავშვი მკლავებში მოიქცია, მე წინიდან მხრებზე დავაწექი, რაღაცნაირად წონასწორობა რომ შეგვენარჩუნებინა და პირველივე დარტყმაზე არ წავქცეულიყავით, თორემ იქიდან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა. თავი რამდენიმე წამი შევიკავეთ და როცა ვგრძნობთ, რომ ვეცემით, მახსოვს, მდუმარედ, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს - ეს იყო ჩვენი სიცოცხლის ბოლო წამი.

დავით ჯელაძე, მეწყერში მოყოლილი დამსვენებელი: „მარტო ხმა მოკლავდა ალბათ ადამიანს, ისეთი ხმები იყო. ჩემი დისშვილი ავიყვანე ხელში, მივიხუტე გულზე და შევტრიალდი ზურგით ამ ღვარცოფზე. ტალღა დაგვეჯახა და ძალიან შორს გადაგვაგდო.

წელამდე ტალახში ვართ, ვერ ვინძრევით, ვერ დავდივართ. მაშოს მარტო სახე და ყურები უჩანს. ერთი ის დავინახე, რომ მიყურებს და გონზეა.

მეთქი, ხელი არ უნდა გავუშვა, თორემ ვეღარასდროს ვნახავ“.

ეთერ არსანიძე: „ერთ-ერთი ზარის დროს, ლანა მიყვება, რომ მის ძმას და დისშვილს დიდმა ტალღამ დაარტყა, სხვა მიმართულებით გადააგდო და არ იცის, დათო ცოცხალია თუ არა. მიხსნიდა, რომ თვალს ვერ აწვდენდა იმ ტერიტორიას, რაც ღვარცოფმა დაფარა, შეიძლება ახალი ტალღებისთვის ვეღარ გაეძლოთ და მთელი ოჯახი დაღუპულიყო. კიდევ ვრეკავ პოლიციაში. მიდასტურებენ, რომ ინფორმაცია მიღებული აქვთ, გადაცემულია და რეაგირებას ელოდებიან. გვირჩევენ, პანიკას არ აჰყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე პანიკაში არიან, სიკვდილს ორჯერ დაუსხლტდნენ ხელიდან“.

მარიამ ბერიანიძე: „რაღაცნაირად ამოვძვერით. მივედით იმ ვარდისფერ სახლამდე - ერთადერთი სახლი, რომელიც გადარჩა. მომენტი იყო, როცა ჩემმა ქმარმა ბავშვს თვალებზე ხელი ააფარა. გვეგონა, მთელი იქიდან ვერ ამოვიდოდნენ. ვიხოხეთ, ვიბრძოლეთ, არვიცი რა ერქვა იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, გავიჭედეთ 5 მეტრამდე ტალახზე ზემოდან, სადაც მჯდომიარეც კი იფლობოდი.

112-ს ვეუბნებით, რომ მეწყერი ჩამოწვა, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ ვართ გაჭედილები, გზა აღარ არსებობს, შოვი აღარ არსებობს, გვიშველეთ. ოპერატორი გვპასუხობს, რომ გადაცემულია ჩვენი შეტყობინება, სამაშველო ბრიგადა გამოვა. ვუხსნით, რომ აქ მანქანა ვერ მოვა, ბრიგადა დაივიწყეთ, სასწრაფოდ ვერტმფრენი გვესაჭიროება.

...ჩვენს გვერდით მდებარე ოთახში მყოფმა ახალგაზრდა წყვილმა სახლიდან გამოსვლა მოასწრო, ღობეზეც ალბათ ოთხი ნაბიჯით გადაგვისწრეს, მაგრამ კალცის ხიდზე ჩვენს თვალწინ დაიღუპნენ“.

დავით ჯელაძე: „თავიდან ხიდზე თხუთმეტნი ვიყავით და ის ხიდი ცამეტმა დავტოვეთ. ქართველი ბიჭი და რუსი გოგო იყვნენ. დაგვერხა, დაგვერხა, ასე ყვიროდა ბიჭი. მაგის შემდეგ ეს ბიჭი და გოგო აღარ მინახავს“.

მარიამ ბერიანიძე: „ხეზე აძვრნენ, დაარტყა ღვარცოფის ტალღამ, ხევი მთლიანად ამოვსო, ხეც მოგლიჯა და ხიანად წაიღო.

მახსოვს კიდევ წყვილი მანქანაში, რომელიც ტალღას ჭანჭახის კალაპოტში მიჰქონდა. ვერც მანქანის ფერს ვიხსენებ, არაფერი მახსოვს, მხოლოდ კივილი, წყალს მიჰქონდა კივილით.

მახსოვს ერთი მომენტი, რომ ჩემი ქმარი გვერდით გავიდა. გავიდა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, გაჩოჩდა, არ უნდოდა ბავშვს გაეგო და 112-ის ოპერატორს ეუბნება, ძალიან გთხოვ, მითხარი, ვერტმფრენი მოდის თუ არ მოდის, მე აქ ცოლ-შვილი მეხოცებაო... დაახლოებით სამ საათში მხოლოდ რაჭველი ბიჭები მოვიდნენ ჩვენამდე“.

ასეთია შოვში სტიქიის პირველი წუთების აღდგენილი სურათი დათო ჯელაძის, მარიამ ბერიანიძისა და ეთერ არსანიძის მონათხრობის მიხედვით.

 

„ვერტმფრენი სად არის“?

„ხელებს ვხედავდით და წელს ზემოთ ხალხს. ზოგი ჩაფლული იყო, ზოგი ისეთი დაუძლურებული, ტალახზე ძლივს იჯდა“, - გვიყვება ვაჟა ცეცაძე, მოხალისე მაშველი. როცა ახლობელმა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ტელეფონით შეატყობინა, ვაჟა ამბროლაურიდან ონში ბრუნდებოდა. ჯერ ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი, თუმცა ხალხის დასახმარებლად პოლიციასაც მიასწრო და მაშველებსაც. სტიქიის შუაგულში კიდევ ოთხ ადგილობრივთან ერთად შეაღწია. ჯერ ტყე-ტყე იარეს, მერე ღვარცოფისგან დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გააკეთეს, რომ ღრმა ტალახში არ ჩაფლულიყვნენ და გადარჩენილები გამოეყვანათ - „პირველი კითხვა იყო, ვერტმფრენი სად არის“.

ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამი საათის შემდეგ ჯერ კიდევ არ იყო ჩასული. სახელმწიფო უწყებებიდან ადგილზე პირველი ონის სამაშველო სამსახურის მცირე ჯგუფი მივიდა, თუმცა მოხალისეებს სამაშველო ოპერაცია უკვე დაწყებული ჰქონდათ.

სტიქიას 33 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშს კი შოვში საგანგებო სამსახურების მოქმედების თაობაზე, მოჰყვა არაერთგზის მხურვალე ტაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან.

„შოვში სამაშველო სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ და არა 3 საათის დაგვიანებით. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი“, - მინისტრმა ცუდი ამინდი ზედიზედ სამჯერ დაასახელა მიზეზად - ამით განმარტა, რატომ ვერ აფრინდა ქუთაისიდან ვერტმფრენი საერთოდ და რატომ დასჭირდა  თბილისიდან გაგზავნილ ვერტმფრენებს ლამის უფრო მეტი დრო, ვიდრე მსუბუქ ავტომობილს სჭირდება.

„პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16:54 საათზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში“, - თქვა ვახტან გომელაურმა.

„მთის ამბებმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა 3 აგვისტოს ამინდის მონაცემები მთელ საქართველოში. იმ დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ერთნაირად კარგი ამინდი იყო. ქროდა ქარი 10-15 მ/წმ-ში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მი-8 ტიპის ვერტმფრენების აფრენა-დაჯდომის, ძრავის ჩართვა-გამორთვისა და ფრენისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ორჯერ ძლიერი ქარიც -  სიმძლავრით 25 მეტრი წამში.

მინისტრის მონდომების მიუხედავად, ვერტმფრენის დაგვიანება ცუდ ამინდს რომ ვერ დაბრალდება, ამას გლოლის მკვიდრი გია ბიჭაშვილი და მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძეც გვიდასტურებენ: „ძალიან კარგი ხილვადობა იყო, მოწმენდილი, მზიანი ამინდი“; „არაფერი ღრუბელი, ქარი, ნალექი არ შეიმჩნეოდა“.

უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ვერტმფრენი სამსაათნახევრის შემდეგ შეფრინდა. ამ დროისთვის შოვში უკვე საკმაოდ ბევრი მაშველი იყო.

 

მაშველები აღჭურვილობის გარეშე და შეწყვეტილი ძებნა-შველის ოპერაცია

„მფრინავებმაც არ იცოდნენ, სად რა იდგა. მფრინავს ხომ უნდა ჰქონოდა რამე, რას უნდა გადაუფრინოს თავზე. ვიღაცამ ხომ უნდა განსაზღვროს, სად რა ეძებო. მაშველებიც, რომლებიც ფიცრებით ბილიკს აკეთებდნენ, იმ შენობისკენ მიდიოდნენ, რომელიც გადარჩენილი იყო და სადაც 3 წელია არავინ შესულა. ხომ უნდა ეკითხათ, იქ ვინმე იყო თუ არა, დაღამებამდე დრო რომ არ დაეკარგათ“, - მარიტა გუტაშვილმა სტიქიის შედეგად შოვში და-ძმა, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი და მისი სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაკარგა.

ღვარცოფმა გარემო იმდენად შეცვალა, ორიენტაცია ადგილობრივებსაც კი უჭირდათ. სტიქიიდან რამდენიმე წუთში ხეობაში შემოვლითი გზებით შესული „მთის ამბების“ ჟურნალისტები ამაში თავად დავრწმუნდით.

არც პირველ საათებში და არც მომდევნო დღეებში მაშველებს არ ჰქონიათ სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც ასეთი ვითარებისთვის არის გათვალისწინებული და ტალახით დაფარულ 25 ჰექტარზე  გადაადგილების საშუალებას მისცემდა.

„თხილმარი ჰქვია ქართულად, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში, რაჭაში, ყველგან იყენებენ“, - თორნიკე მაცაბერიძის თქმით, 5 აგვისტოს მისმა მეგობრებმა ბოტები ფიცრებზე დაამაგრეს და ისეთ ადგილებში მივიდნენ, სადაც, იქამდე, ფაქტობრივად დღენახევარი იყო გასული, მაგრამ ფიზიკურად არავინ იყო ნამყოფი.

პირველი მსხვერპლის შესახებ „მთის ამბებისთვის“ ცნობილი 3 აგვისტოს, რვის ნახევარზე გახდა. პირველი ცხედარი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა იპოვა. ეჭვგარეშეა,  ხელისუფლებას ინფორმაცია ამის შესახებ მედიაზე გაცილებით ადრე ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საათი გვპირდებოდა დაღუპულის შესახებ ცნობების დაზუსტებას. საღამოს 9 საათისთვის ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა კიდევ 2 მსხვერპლის შესახებ და ამბავი „საქართველოს ამბების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამთავრობო არხებზე კი ამ დროს იუწყებოდნენ, რომ სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. „ხუთსაათიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. არავინ დაშავებულა, თუმცა ზარალი დიდია“, - იუწყებოდა „რუსთავი 2“ საღამოს 9 საათზე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.

ამ დროისთვის ვერტმფრენებს მუშაობა უკვე სულ მცირე 1 საათის შეწყვეტილი ჰქონდათ.

„რამე ვერტმფრენი გამოყავით ღამე, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ. გთხოვთ... ვერ გადაიტანენ ამ ღამეს, ბავშვები არიან 2 წლის, 3-ის და 7-ის. ნუთუ არ გეცოდებათ ეგ ბავშვები ხალხო. ძალიან გთხოვთ. მთელი ოჯახი მანდ მყავს, არვიცი რა დღეშია“, - კრიტიკული მედიის ეთერით, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა გიორგი დუდაშვილი.

„ღამე დაასრულეს ვერტმფრენებმა მუშაობა და არა მეხანძრე-მაშველებმა. მთელი ღამე იმუშავეს მაშველებმა.

მართლა სირცხვილია. იმ მაშველების მაინც არ გრცხვენიათ, ვინც ამას იძახის, რომ ღამის 22 საათზე დაისვენეს მაშველებმა და თურმე დილით გაუგრძელებიათ“, - შინაგან საქმეთა მინისტრი აქაც ტყუის!

3 აგვისტოს სამაშველო ოპერაცია მაშველებმაც დაღამებისთანავე შეწყვიტეს - ამას დარწმუნებით ამბობენ ადგილობრივებიც, რომლებსაც მათთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ. მათ შორის მთამსვლელებიც, მათ მაშველებს მდინარის გადასალახად თავის ზიპლაინის გაშლა შესთავაზეს.

გია ბიჭაშვილი, გლოლის მკვიდრი: „ხელისგულივით ჩანდა. ვინმე რომ შესულიყო, აუცილებლად დავინახავდით“.

თორნიკე მაცაბერიძე, მთამსვლელი: „მე მდინარის აქეთა მხარეს ვიყავი. მაშველებს ვუთხარი, რომ შემეძლო შურდულით თოკი გადამეგდო და ზიპლაინი გამეჭიმა. მითხრეს, რომ ახლა აზრი არ აქვს, დაღამების გამო გაჩერებულები ვართ და დილით შევხმიანდეთო“.

„ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებითა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად არ დაფიქსირდა მეწყერში, მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, ზედაპირზე ანუ“, - ამბობს შს მინისტრი.

სინამდვილეში, სამაშველო სამსახურის დრონი შოვში, 3 აგვისტოს, არც დღისით და არც ღამით არავის უნახავს.

თორნიკე მაცაბერიძე: „არანაირი დრონის არც ხმა გაგვიგია, არც ნათება დაგვინახავს, არც შემდეგ დილით მაშველების დრონზე არ მსმენია არაფერი. 4 აგვისტო რომ გათენდა, მაგ დროს ქუთაისელი ბიჭი იყო ამოსული, რომელიც თავის დრონს აფრენდა“.

მარიტა გუტაშვილი: „ხელისგულივით ვუყურებდით იმ ტერიტორიას და დრონი რომ ყოფილიყო, ელემენტარულად, ხმა მაინც მოვიდოდა. ან დავინახავდით, რომ რაღაც ანათებდა. ყოველ ნახევარ საათში გავდიოდი. ვეკითხებოდი, რამე სიახლე ხომ არ იყო. ყველა გაქვავებული იდგა, პასუხსაც არავინ მცემდა“.

გია ბიჭაშვილი: „4 აგვისტოს, გამთენიისას, ქუთაისიდან ამოვიდნენ აქტივისტები თავისი დრონით. არ აშვებინებდნენ ამ დრონს. სამაშველოს დრონი მოვა და ჩვენ გავუშვებთო. იქ შეიძლება ხალხი გასაჭირშია, იქნებ, რამე დავაფიქსიროთ, რამე ვუშველოთ მეთქი. არა, ვიდრე მაშველების დრონი არ მოვა, თქვენს დრონს ვერ აგაფრენინებთ, ჩვენები რომ მოვლენ, ხელს შეუშლისო. თავიდან გვითხრეს, დრონი გაშვებული გვაქვსო. როგორ გაქვთ გაშვებული, 3 აგვისტოს სამი საათიდან აქ ვდგავარ, არსად გავსულვარ, არანაირი დრონი არ შემინიშნავს, არც ხმა გამიგია მეთქი. პირდაპირ გვატყუებდნენ. ვიდრე ფიზიკურად არ გავიწიეთ, დრონის გაშვების ნება არ მოგვცეს“.

დაგვიანებით ჩართეს ძებნა-შველის ოპერაციაში თავდაცვის ძალებიც. მხოლოდ მე-3 დღეს გამოიყენეს ასაწყობი საფეხმავლო ხიდები, რამაც სამხედრო მოსამსახურეებსა და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობა მისცა.

ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობდა თავად ჰქონოდა სრული კონტროლი შოვიდან გამოსულ ინფორმაციაზე. ამას უკავშირდებოდა ქუთაისელი მოხალისეებისთვის დრონის გაშვების შეზღუდვა პირველ ღამეს და მედიის მაქსიმალური დაბრკოლება მომდევნო დღეებში.

ბახილებში გამოწყობილი და სხვა ჩინოსნები მიუხედავად მათი დიდი თუ პატარა  თანამდებობებისა, 3 აგვისტოს სტიქიაზე რამდენიმე საერთო მესიჯს დაუღლელად იმეორებდნენ. მათ შორის პირველი - პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

 

საიდან მოვიდა სიკვდილი

საქმის მასალების მიხედვით, შოვიდან პირველი გამოძახება 112-ში 15:07 საათზე შევიდა. ზუსტად 2 წუთში გარემოს ეროვნული სააგენტო ფეისბუქზე აქვეყნებს გამაფრთხილებელ განცხადებას მოსახლეობისთვის, რომ ქვეყნის მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. საგულისხმოა, რომ განცხადება იმის პროგნოზირებაა, რაც უკვე ჩაისახა, გააქტიურდა, 25 ჰექტარზე მეტი დაფარა. შენობები, ხიდები, გზები უკვე დაანგრია, ადამიანები უკვე იმსხვერპლა, ხოლო გადარჩენილებმა უკვე მოასწრეს პოლიციისთვის დახმარების თხოვნა.

„2021 წელს იყო თითქოს პროგნოზირებული სტიქია, სამარცხვინო ტყუილი. ეს ისეთი ტყუილია, ბევრი ლაპარაკიც არ სჭირდება ამას. როგორ შეიძლება შენ მყინვარიდან ყინულის მოწყვეტა წინასწარ გათვალო 2 წლით ადრე. სიღრმეშიც არ შევალ“, - თქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სიღრმეში შესვლა „მთის ამბებმა“ გადაწყვიტა, რათა გაერკვია, იყო თუ არა უახლოეს წარსულში რაიმე შემთხვევა, რაც მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებდა. ამისათვის მწვერვალებზე ასვლა საჭიროც არ ყოფილა. იქვე, პირდაპირ სტიქიის ეპიცენტრში ვნახეთ ფაქტები, რომელმაც მოიტანა ჯერ ადამიანების სიკვდილი და შემდეგ  ვირტუოზული დემაგოგია საპარლამენტო ტრიბუნიდან.

„ბოლო 100 წლის განმავლობაში აქ არ იყო რაიმე, ამ მდინარეზე ღვარცოფული ან კატასტროფული მოვლენა არ ფიქსირდებოდა“, - ამ განცხადების ავტორიც მაღალი თანამდებობის პირია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.  

ხელისუფლება ამბობს, რომ მდინარე ბუბას პრობლემა არასოდეს შეუქმნია. არადა, ეს სწორედ ის „უწყინარი“ მდინარეა, რომელიც 2017 წლის 7 ივლისს, კალაპოტიდან გადმოვარდა, კოტეჯების ტერიტორია ნაწილობრივ დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

გია ბიჭაშვილი: „ეს იყო ნიშანი. ხომ უნდა დაინტერესებულიყო ვინმე სახელმწიფოს მხრიდან, რომ რაღაც ხდება იქ, მოდი, ან გავამაგროთ, ან შევამოწმოთ, ან გავაუქმოთ საერთოდ ეს კურორტი, ან რაღაც ვუშველოთ“.

ბუბამ თავისი ხასიათი კიდევ უფრო მძლავრად 3 წლის წინ გამოავლინა, 2020 წლის 29 ივლისს. ამჯერად მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა და ტალახმა კოტეჯების ტერიტორია და იქ მდებარე საცხოვრებელი და სასადილო ოთახები მთლიანად დატბორა, კურორტის გზა დახრამა, 2 კოტეჯი დაინგრა. სტიქიის შედეგად შოვი გარესამყაროს მოწყდა.

მარიტა გუტაშვილი: „მაშინ მსხვერპლი არ ყოფილა. მაშინაც ვრეკავდი გამწარებული, გვიშველეთ, რა ხდება, სად არის ვერტმფრენი, რატომ არ მოდის მეთქი“.

დამსვენებლები სტიქიის ზონიდან მაშინაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა გაიყვანა.

იმ მასშტაბის სტიქიის შემდეგ, როგორიც შოვში 2020 წელს მოხდა, ხელისუფლება ვალდებული იყო, მყინვარი გამოეკვლია და რისკები შეეფასებინა.

მარიტა გუტაშვილი: „ვიღაცას რომ ეკითხა ჩემი ოჯახისთვის, აბა, რა გამოიარეთ, რა ნახეთ, თუნდაც გეოლოგს, ხომ უნდა ეკითხა, ადრე იყო თუ არა ასეთი შემთხვევა, რა მასშტაბის იყო, რა დაგვიზიანა, რა მოხდა. არავინ მოსულა“.

გია ბიჭაშვილი: „ჩემს ბავშვობაში, კარგად მახსოვს, ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ გეოლოგები, ჰიდროლოგები. ადიოდნენ ამ მთებზე, თითო თვე მაინც იყვნენ იქ, კარვებში რჩებოდნენ. იკვლევდნენ მყინვარსაც, მთასაც, რა მდგომარეობა იყო, რამდენით დაიწია მყინვარმა. ბოლო წლებში აბსოლუტურად არავინ დაინტერესებულა. ჩვენ სულ იქ ვიყავით, შოვში. ჩვენ გარეშე ტერიტორიას ვერ გაივლიდნენ ბუბაზე რომ ვინმე ასულიყო, გამორიცხულია“.

მდინარე ბუბა 60-იანი წლებიდან გეოგრაფიის ინსტიტუტის ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ იყო. კლიმატის ცვლილების შედეგად, თბილისაზე, საიდანაც ეს მდინარე იღებს სათავეს, მყინვარის მესამედი დადნა. მიუხედავად იმისა, რომ მის ძირში საკურორტო ზონაა, ბოლო წლებში მონიტორინგი აღარ ხორციელდება.

სადაც მდინარის კალაპოტი მკვეთრ მოსახვევს აკეთებს, სწორედ იქ გადმოვიდა ნაპირებიდან წყალი 2020-ში. ბუბასთან ერთად ჭანჭახი და რიონიც ადიდდა. სტიქიამ ხიდები და გზები გაანადგურა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სახელმწიფომ მაშინ რამდენიმე პროექტი შეიმუშავა და მათ შესასრულებლად 60 მლნ ლარი გამოყო.

ერთ-ერთი მათგანი, ბუბას ნაპირდამცავი სამუშაოების პროექტი, უტენდეროდ გადასცეს შპს „ნიუ როუდს“. „ნიუ როუდმა“ თავის მხრივ სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა გამოცდილების არმქონე „ბიპი ტრანსი“, რომლის მეპატრონე „ქართული ოცნებიდან“ ვანის საკრებულოს წევრი, სუსის უფროსის ნათლიმამა, ბიჭიკო პაიკიძეა.

კომპანიას ზუსტად ორ თვეში უნდა გაეწმინდა და დაეღრმავებინა კალაპოტი და ჯებირები ქვის დიდი ლოდებით მოეწყო. მუშაობა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრის, კახა კალაძის მეჯვარისა და შვილის ნათლიის, ივლიანე წულაიას კუთვნილი სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ დაიწყო.

მარიტა გუტაშვილი: „სამი წლის განმავლობაში მთლიანად „სანსეტ შოვი“ დაკეტილი იყო და მარტო კალაძესა და მისი ოჯახის წევრებს ემსახურებოდა. ეგ საფრთხის შემცველი რომ იყო და სამუშაოები იქიდან, „სანსეტიდან“ რომ დაიწყეს, ჩვენ ადამიანები არ ვართ? მარტო თვითონ უნდა გაემაგრებინათ თავისი და მერე ჩვენი, როდესაც „სანსეტი“ ისედაც შემაღლებულზე დგას.

ჩვენი მხრიდან იღებდნენ ძალიან დიდ ქვებს და მიჰქონდათ ქვემოთ, „სანსეტისკენ“ ალაგებდნენ. მამა რომ ეკითხებოდა, რატომ მიგაქვთ ეს ქვა, მერე მე საიდან მოვიტანოო, თქვენ სხვა ქვებს მოგიტანთო. როცა კალაპოტიდან იღებ ამ დიდ ქვას, იგივე ადგილას სხვა ქვას ისე ვერ დაამაგრებ, როგორც ის იყო. ეგრე მოგვექცნენ. ამოიღეს დიდი ქვები იქიდან, სადაც ახლა კოტეჯებია წაღებული და წაიღეს „სანსეტთან“. ჩხუბის შემდეგ გაჩერდნენ და აღარ ამოუღიათ, მაგრამ ძალიან ბევრი გაზიდეს, რომ „სანსეტამდე“ არაფერი მისულიყო შემდეგი სტიქიის მოხდენის შემთხვევაში“.

კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადა ორჯერ გაუზარდეს. მიუხედავად ამისა, კოტეჯებთან ჯებირის მოწყობა მაინც არ დაუმთავრებია.

მარიტა გუტაშვილი: „დამთავრდა ის ერთი წელი, მოვიდა ზამთარი, დაიწყო ახალი წელი და ახალი წლის ბიუჯეტში აღარ ჩასვეს თანხა, რომ გაგრძელებულიყო ჯებირის მშენებლობა. დატოვეს თავში ჯებირი, ბოლოში ჯებირი და შუაში ღია“.

3 აგვისტოს ღვარცოფი ზუსტად იქიდან გადმოვარდა, სადაც სუსის უფროსის ნათლიმამამ, ბიჭიკო პაიკიძემ ჯებირი არ ააშენა. პასუხისმგებლობა მისთვის დღემდე არავის დაუკისრებია, პირიქით, მას ახალი, უკვე 21 მილიონიანი პროექტი გადასცეს.

მარიტა გუტაშვილი: „მსხვერპლი არ არის, სადაც ჯებირი იყო. ზუსტად ეგ შუაში ღიაა წამოსული. გადარჩენილია კორპუსი, რომელიც თუ რამე წამოვიდოდა, პირველი უნდა დანგრეულიყო და გადარჩენილია „სანსეტი“, რომელსაც მიაწვა, მაგრამ გადარჩა. ყველა ვხედავთ, რომ გადარჩა“.

ასე დარჩა ბუბა თავში და ბოლოში ჯებირით, შუაში გაუმაგრებელი ნაპირით. ასე დარჩნენ შოვის დამსვენებლები დაუცველები, პირისპირ სტიქიასთან. სიკვდილი სწორედ იქიდან მოვიდა და ამოწყვიტა გუტაშვილებისა და მათი ნათესავების ოჯახები, იმ ადგილზე  იმსხვერპლა და-ძმა ყარალაშვილები და დათო ბერიაშვილი.

 

გამოძიების ხარვეზები და განადგურებული მტკიცებულებები

ია ბერიაშვილმა ერთადერთი შვილის ცხედარი პროზექტურაში გადაღებული ფოტოთი ამოიცნო. დათო ტალახის ზედაპირზე მოხალისე მაშველებმა იპოვეს. მისი ოჯახი ერთადერთია 33 დაღუპულის ჭირისუფლებიდან, ვინც სამართლებრივი დავა დაიწყო.

„მყისიერად დადგა სამწუხაროდ სიკვდილი“, - ერთადერთი, რამაც შეიძლება ირაკლი კობახიძეს ამის თქმის უფლება მისცეს, საგამოძიებო საქმის მასალებია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და  სამშენებლო წესის დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს. მაგრამ თავისთავად ეს შეფასება - „გამოძიება მიმდინარეობს“, საკმაოდ გადაჭარბებულია.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი 23 აგვისტოს მოცემულობით საქმეში არ მოიპოვება“, - გვეუბნება ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი, რომელიც ბერიაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

- შესაძლებელია, რომ ახლა ჩადონ?

- ახლა შესაძლებელია დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი, რომელიც სრულიად სახეცვლილია და ბუნებრივია, პირვანდელი სურათის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.

საქმეში არ მოიპოვებოდა არცერთი მტკიცებულება, რაც მოგვცემდა რაიმე ინფორმაციას, სად, როდის, რა მდგომარეობაში, ვის მიერ, როგორ იქნა ნაპოვნი გარდაცვლილები. არცერთი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტირებული არ იყო, ვიდრე გარდაცვლილის გადაყვანა არ ხდებოდა ექსპერტიზის ბიუროში. ანუ, პირველად სისხლის სამართლის საქმეში გარდაცვლილი ჩნდება ექსპერტიზის ბიუროში, როდესაც მოხდა დასურათება, დათვალიერება“.

ანა არგანაშვილი, ადვოკატი: „სინამდვილეში, რომელ დღეს და რა დროს იპოვეს ცხედარი; პოვნიდან რამდენ საათში გადაიტანეს ექსპერტიზის ბიუროში; რომ იპოვეს, რა მდგომარეობაში იყო და თუ რამე დაყოვნება მოხდა, ამან რა ზეგავლენა მოახდინა; ექსპერტიზის ბიუროში შეტანის მომენტისთვის ცხედარი რა მდგომარეობაშიც იყო, ეს გამოწვეული იყო უშუალოდ მეწყერის გავლენით, დაგვიანებული პოვნით თუ შემდეგ დაყოვნებით“.

რას გულისხმობენ ადვოკატები ნაპოვნი ცხედრების დაყოვნებაში, სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელმა იცის - 4 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, სადაც ადგილობრივი მცხოვრები 112-ზე რეკავს და ოპერატორს ეუბნება, რომ დილის 7 საათზე ნაპოვნი ცხედრები დღის 3 საათისთვის ისევ შოვშია: „სამაშველოსთან ერთად მოვასვენეთ ეს ხალხი. ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანა. ისევ აქ დაგვხვდნენ.

მთელი დღე, მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ“.

მაგრამ რას გულისხმობს ხელისუფლება „გამოძიებაში“, არ ვიცით არავინ, რამდენადაც ცხედრები შემთხვევის ადგილზე არავის დაუსურათებია.

ანა არგანაშვილი, ადვოკატი: „როდესაც კითხვას ვუსვამთ, რატომ არ დაასურათეთ დანაშაულის ადგილი, პასუხი არის, რომ ძალიან ემოციურები ვიყავით“.

ემოციებით ვერ აიხსნება ისიც, რომ გამომძიებლებს შემთხვევის ადგილი დოკუმენტურად აღწერილი არ აქვთ.

ანა არგანაშვილი, ადვოკატი: „იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ, მეწყერმა სად მიასწრო ამ ადამიანებს, რამდენად იყვნენ ისინი უმწეო მდგომარეობაში, მეწყერის კონკრეტულ ტალღას შეეძლო თუ არა მათთვის სიცოცხლე წაერთვა იმ ადგილას რომ არ მიესწრო, ამ ყველაფერს ჩვენ უკვე ვეღარ ვიგებთ“.

შოვის საქმე 30 ტომზე მეტია - სქელტანიანი საქმე მთავარი მტკიცებულებების გარეშე.

„რაც შეეხება თარიღებსა და დროებში შეუსაბამობას, ზუსტად ეს არის, რომ იქ არცერთი დრო არ წერია“, - ამბობს ანა არგანაშვილი. პროკურატურამ ადვოკატებს საგამოძიებო საქმის მასალები არ გადასცა: „მიზეზი, რატომაც არ გადმოგვცეს, ლოგიკურად პასუხს ითხოვს, რომ იქ არის სერიოზული ხარვეზები. ხვალ რომ შეიცვალოს მასალა, მე არ მექნება ეს ინფორმაცია, მითუმეტეს, ამ ეტაპზე არც დანომრილია და შესაბამისად, აღრიცხულიც არ არის ისე, რომ რამე არ შეიცვალოს“.

„დეტალურად მოხდა ყველა ცხედრის გარეგნული დათვალიერება და არსებული დაზიანებების აღწერა, რაც დასურათებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. შოვის სტიქიის საქმეზე გარდაცვლილი 32 პირიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 21 გარდაცვლილს და 11 გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო, ანუ ოჯახმა თქვა უარი“..., - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიება ექსპერტიზის ჩატარებით დაინტერესებული არ იყო.

ანა არგანაშვილი, ადვოკატი: „ოჯახებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ექსპერტიზის შემთხვევაში ძალიან დაგვიანდებოდა გარდაცვლილების სახლში გატანება. ეს ისეთი მიზეზია, რომ იმ ემოციურ ფონზე შეიძლება ყოფილიყო საპირწონე, რომ უარი ეთქვათ“.

ია ბერიაშვილი, დაღუპული დათო ბერიაშვილის დედა: „გვითხრეს, რომ თუ გარდაცვლილს სამედიცინო დაზღვევა აქვს, ექსპერტიზის ჩატარება დაგვეხმარება იმაში, რომ სადაზღვევო კომპანიისგან ზიანის ანაზღაურება მივიღოთ“.

დაზარალებულებისთვის არ განუმარტავთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ექსპერტიზა საქმის ობიექტური გამოძიებისთვის.

ანა არგანაშვილი, ადვოკატი: „ჩნდება კითხვა, ხომ არ შეეწინააღმდეგებოდა ექსპერტიზის პასუხი იმ ვერსიას, რაც გააჟღერა მთავრობამ, რომ ყველა იმწუთიერად გარდაიცვალა. თუ აღმოჩნდებოდა ექსპერტიზის შედეგად, რომ გარდაიცვალა სამი საათის შემდეგ, მაშინ გარდაცვალებას ექნებოდა მიზეზად არა მეწყერი, არამედ მეწყერით გამოწვეული დაზიანება ან უარესი, დაზიანებიდან დაგვიანებული დახმარება“.

 

კატასტროფა მოსალოდნელი იყო

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის გარდა საინტერესოა საქმის სამეცნიერო ექსპერტიზაც. გარემოს ეროვნულ სააგენტოს შოვის სტიქიის საბოლოო ანგარიში ამ დრომდე არ წარმოუდგენია. პირველად დასკვნაში კი თქვეს, რომ იქ მოულოდნელად ბევრი მიზეზი დაემთხვა ერთმანეთს - კლდეზვავი, ყინულის მასის ჩამოშლა, ყინულქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, ღვარცოფული ნაკადი, ნაპირგარეცხვითი პროცესების მკვეთრი ზრდა - ყველა ეს პროცესი ერთდროულად, 8 წუთში განვითარდა. ჩვენ მათგან დამოუკიდებელი ავტორიტეტული ექსპერტები შევკრიბეთ, მყინვარსა და ხეობაში ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეომასალა ვაჩვენეთ და ვკითხეთ, იყო თუ არა ეს პროცესები მაღალმთიანი, სეისმურად არამდგრადი, მეწყერსაშიში რეგიონისთვის ასეთი მოულოდნელი.

„იმის გამო, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება, დანარჩენი, ყველაფერი რაც მოხდა, ბუბისწყლის ხეობაში კიდევ ეს ნაშალი მასალა ღვარცოფის შესაქმნელად გამზადებული იყო, ლოგიკური ჯაჭვია, ასე განვითარდებოდა ეს მოვლენა. პირიქით, ძალიან საოცარი იქნებოდა, ასეთი ჯაჭვი რომ არ ყოფილიყო. ეს მოსალოდნელი იყო“, - დარწმუნებით ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი, გეოფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებაში რამდენიმე მონაცემი მკვეთრად გადაჭარბებული და გაზვიადებულია.

ლაშა სუხიშვილი, გეოგრაფიის პროფესორი: „5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასალა, რომელიც შოვში ჩამოვიდა იმ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ გვეჩვენება საკმაოდ გადაჭარბებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორ-სამჯერ უფრო ნაკლები მასალაა ჩამოსული შოვში. წყალი, რომელიც საჭირო იქნებოდა, შეფასებულია, როგორც 1,5 მლნ კუბური მეტრი. ვთვლით, რომ ესეც გადაჭარბებულია. რამდენჯერ, მეორე საკითხია, მაგრამ მაქსიმუმ 2-3 ასეული ათასი კუბური მეტრი შეიძლება იყოს წყალი. არ არის ისეთი დიდი მოცულობები, როგორც შეფასებულია“.

სახელმწიფოს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინფორმაცია დახურული აქვს არამხოლოდ დამოუკიდებელი მედიისთვის, საზოგადოებისთვის, დარგის სპეციალისტებისთვისაც კი. მათ სურათის აღდგენაში უცხოელი კოლეგები დაეხმარნენ, უახლესი სატელიტური ფოტოები მათ გაუზიარეს.

სტიქიის არეალში არ არის დამონტაჟებული არავითარი სპეციალური მოწყობილობა, მაგრამ ის პროცესი, რომელიც მყინვარიდან დაიწყო და ხეობაში განვითარდა, დააფიქსირა შოვიდან 26 კილომეტრში, სოფელ ღარში მდებარე სეისმოგრაფმა - მოწყობილობამ, რომელიც მიწისძვრის დროს დედამიწის ქერქის რხევების ჩასაწერად გამოიყენება. ტალღები დააფიქსირა თუშეთში, შენაქოს სეისმოსადგურმაც. ამ მონაცემებით, კლდეზვავის მოწყვეტიდან 8 წუთში ღვარცოფმა კურორტამდე მოაღწია.

ზურაბ ჯავახიშვილი, გეოფიზიკოსი: „წინასწარი შეტყობინების სისტემა რომ ყოფილიყო, 8 წუთი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ დამსვენებლები და მოსახლეობა უხიფათო ადგილზე გასულიყო. გარდა იმისა, რომ ადამიანებმა იცოდნენ რა საფრთხეებია მოსალოდნელი, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ და მონიშნული იყოს უსაფრთხო ზონები. შოვში, ნებისმიერი ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრზე უსაფრთხო ადგილზე გასვლა შეიძლებოდა. ამიტომ, ეს 8 წუთი სრულიად საკმარისი იქნებოდა წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში“.

„წელს იწყება ასეთი სისტემის ჩამოყალიბება და 2-3 წლიან პერსპექტივაში საქართველო მთლიანად იქნება გარემოს ნაწილში დაფარული სწრაფი შეტყობინების სადგურებით, რაც ძალიან ბევრ ინფორმაციას მოგვცემს და პრევენციისთვის იქნება აუცილებელი“, - ეს პირობა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2018 წელს დადო. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეუსრულებელი პირობაა, რომელიც მთავრობის არაერთი წევრისგან მანამდეც მოგვისმენია. 12 წლის განმავლობაში, წინასწარი შეტყობინებების პროექტი გადადის ერთი დოკუმენტიდან მეორეში, ერთი ანგარიშიდან მეორეში, პროგრამიდან პროგრამაში.

ახლაც, კატასტროფების რისკის შესამცირებლად 74 მილიონი დოლარია გამოყოფილი. აქედან, 36 მილიონი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების გრანტია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით წინასწარი შეტყობინების სისტემა ჯერ არსად გვაქვს, გარდა დევდორაკისა და ვერეს ხეობისა.

თეა გოდოლაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი: „რომ იცი მყინვარული მდინარეა და გამოტანის კონუსში კოტეჯები გაქვს, სადაც ადამიანებს თავი ბალიშზე უდევთ, წინასწარი შეტყობინების სისტემა უნდა გქონდეს და თუ არ გაქვს, მაშინ უნდა გაიყვანო ეს ხალხი იქიდან. გეუბნებით, რომ კიდევ იქნება“.

შოთა ადამია, გეოლოგი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „ცივილიზებულ სახელმწიფოებში, სადაც პატრონი ჰყავს ქვეყანას, ადამიანს იქ არ დაასახლებ, სადაც არის ჩამოქცევის საშიშროება. ჩამოქცევის საშიშროება რომ არის, ეს უკვე 1972 წელს გამოცემულ რუკაზეა ნაჩვენები“.

შოვის სტიქიის შემდეგ ხელისუფლებამ იმაზე ლაპარაკი დაიწყო, როგორი არაეფექტური და არასაიმედოა წინასწარი შეტყობინების სისტემა - ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ბუნებრივი კატასტროფების დროს რისკის შესამცირებლად, რაც კაციობრიობას აქამდე გამოუგონია.

ლაშა სუხიშვილი, გეოგრაფი: „კლდეზვავის მასალა სამწუხაროდ ისევ მყინვარზეა დარჩენილი. როდის დაძრავს დამატებითი აგენტი, მაგალითად, წყალი ამ მასალას შოვისკენ, ეს მეორე საკითხია და კვლევა სჭირდება. შოვის თავზე სხვა მყინვარული ხეობებიც არსებობს, რომლებიც იგივე პროცესებს გადის, რაც თბილისაზე განვითარდა“.

 

18 მეტრიანი სასტუმრო კორპუსები სიკვდილის ზონაში

მიუხედავად იმისა, რომ შოვში ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ჩვენთვის ცნობილია მინიმუმ 1972 წლიდან, მიუხედავად გარემოს სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშებისა, სადაც შოვი დღესაც და სისტემატურად მაღალი რისკის ზონად არის შეფასებული, გასული წლის 22 დეკემბერს, ონის საკრებულომ შოვის გენერალური განვითარების გეგმა იმგვარად დაამტკიცა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ჯგუფებს 18 მეტრიანი სასტუმრო კორპუსების აშენების უფლება ზუსტად სიკვდილის ზონაში მისცა.

კურორტ შოვის გენგეგმა შპს „არტსტუდიო პროექტს“ ეკონომიკის სამინისტრომ დაუკვეთა და ნახევარი მილიონი გადაუხადა.

კანონის თანახმად, გენერალური განვითარების გეგმაში, სპეციალისტის მიერ უნდა შეფასებულიყო ბუნებრივი საფრთხეებიც. ამ ნაწილის ავტორი გეოლოგი არჩილ მაღალაშვილია. შოვის ტრაგედიის შემდეგ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ჰკითხეს: გრძნობს თუ არა თავს დამნაშავედ შოვში მომხდარი უბედურების გამო.

„არა, რადგან მე იქ მიწერია ყველაფერი“, - უპასუხა გეოლოგმა.

ვნახოთ, რა წერია ბუნებრივი საფრთხეების შესახებ შოვის გენერალური განვითარების გეგმაში - ორადორი წინადადება. პირველი ამბობს, რომ ეს საფრთხეები შესწავლილია. მეორე ამბობს, რომ დაგეგმილი მშენებლობა საფრთხის არეალში არ შედის.

18 მეტრიანი სასტუმრო კორპუსების უმეტესობა თავისი ატრაქციონებით უნდა აშენებულიყო იქ, სადაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გვაქვს.

შოვის გენერალური განვითარების გეგმა, ეკონომიკის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით, საკრებულომ ისე დაამტკიცა, რომ დოკუმენტს სავალდებულო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაც არ გაუვლია, რაც კანონის დარღვევაა.

„მთის ამბების“ გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. თავისი უმწეობისა და უუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების დაფარვა ხელისუფლებამ გათენებისთანავე დაიწყო.

არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მატყუარებს უწოდებდნენ განსაცდელში მიტოვებულ ადამიანებს, თვითონ კი საპარლამენტო ტრიბუნიდან არ ერიდებოდნენ ტყუილებს, როგორიც არის - 3 აგვისტოს უამინდობა მთელ საქართველოში; წინასწარი შეტყობინების სისტემების არაეფექტურობა სხვა ქვეყნებში.

მთელი სახელმწიფო მანქანა მწყობრად მუშაობდა სამძებრო ოპერაციის დღეებში, რათა ტრაგედიის ადგილიდან მათთვის არასასურველ ინფორმაციას არ გამოეჟონა; ახლა კი მწყობრად მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მეცნიერებისთვის, ყველა საჯარო უწყება დახურული იყოს, საჯარო ინფორმაცია - ხელმიუწვდომელი.

შოვის ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობა თითოეულ დაღუპულზე გარდაცვლილთა ოჯახებს 20 ათასი ლარის ოდენობით კომპენსაციას სთავაზობს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში