საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქურციკების გადასარჩენად სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

15:48 - 11 თებერვალი 2019 hits 4468

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წლის 13 თებერვლიდან, დედოფლისწყაროს რაიონში, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აკრძალა. სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქურციკის აღდგენის პროექტის განხორციელებას.

„სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებენ ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით, სადაც ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის“, - განმარტეს სამინისტროში.

2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, ქურციკის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს.

დღეისათვის, ქურციკის 70-ზე მეტი ინდივიდი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. აღსანიშნავია, რომ შემოყვანილმა ჯეირნებმა საბინადრო გარემოდ სწორედ სამუხის ველი და არა მოსაზღვრედ მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აირჩიეს, რითაც დასტურდება სამუხის ველის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახეობის აღდგენისთვის. 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში