საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორად გახლეჩილი თემი - რის სანაცვლოდ დათანხმდნენ სვანეთში ჰესების მშენებლობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:26 - 09 მაისი 2018 hits 33683

სვანეთში „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ ჰესების მშენებლობა დღეს, დილით, ათობით სპეცრაზმელის თანხლებით განახლდა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, მესტიაში ჰესების მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილება შსს-ში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღეს. რის სანაცვლოდ დათანხმდნენ შეხვედრაში მონაწილე სვანები ხელისუფლებას და გამოხატავს თუ არა „მიღწეული შეთანხმება“ სვანეთის მოსახლეობის ნებას მაშინ, როცა აქტივისტების ნაწილმა, ვინც სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, შსს-ში შეხვედრის გამართვის შესახებ არაფერი იცოდა.

34 წლის მაგდა გულედანი - მარტის ბოლოს სწორედ ამ ქალის პროტესტმა აიძულა ხელისუფლება, არ გამოეყენებინა სპეცრაზმი მესტიაში შეკრებილი 30-მდე ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდნენ. იმ დროს, როდესაც სამშენებლო კომპანიის ტექნიკა გზის გაგრძელებას სპეცრაზმის დახმარებით ცდილობდა, 7 თვის ორსული მაგდა გულედანი გზაზე დაწვა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ვერავინ შეძლო ორსულ ქალს პროტესტი შეეწყვიტა, ვიდრე სვანეთში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე არ ჩავიდა და აქციის მონაწილეებს არ შეხვდა. საბანაძემ პირობა დადო, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება გაგრძელდებოდა და გადაწყვეტილებას ჰესების მშენებლობაზე კომპანია და ადგილობრივები ერთად მიიღებდნენ“.

მესტიაჭალა ჰესების მშენებლობა 2 თვე შეჩერებული იყო. ამ პერიოდში შს მინისტრმა სვანეთში პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელები შეცვალა.

დღეს, 9 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ შსს-ში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, მესტიაში მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს და რომ ამ შეხვედრაში სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები, ინვესტორების წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, სვანეთის მცხოვრებლები, გიორგი დადვანი, დათო ქურდიანი, ვალერიან ჯაფარიძე, ასევე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

„შევთანხმდით, რომ გაგრძელდება „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ ჰესების მშენებლობა. მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. სახელმწიფო ერთი მხრივ უზრუნველყოფს განვითარებას და მშენებლობის უწყვეტ წარმართვას და მეორე მხრივ, ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა არ შედგებოდა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ.

„გავითვალისწინეთ ყველაფერი - ინვესტორების, მთავრობის და ჩვენიც. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ენერგეტიკა გვჭირდება. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ არაფერი არ გვინდა და სიბნელეში გვინდა ჯდომა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად სად, როგორ და რანაირად უნდა გავაკეთოთ ეს ჰესები. არ შეიძლება ხელაღებით ყველა ადგილას გაკეთდეს ჰესი. ამაზე მოვილაპარაკეთ და შემდგომში არის საუბარი, ალბათ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას და ხალხის დიდი ჩართულობის გარეშე არანაირი ჰესი არსად არ აშენდება“, - ამბობს მესტიის მკვიდრი გიორგი დადვანი.

ჰესების მშენებლობა სპეცრაზმის თანხლებით განახლდა

მანანა საღლიანი, რომელიც სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორია, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის და „საბოლოო შეთანხმების მიღწევის“ შესახებ დღეს შეიტყო.

„მთის ამბები“ აქციების კიდევ ერთ აქტიურ მონაწილეს მაია კახიანს ესაუბრა. „შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩვენ, აქციების მონაწილეები, გუშინ, 8 მაისს, 13:00 საათზე შევხვდით ერთმანეთს თბილისში და დავგეგმეთ, რომ ხელისუფლების მიერ შერჩეულ ექსპერტებსა და ჩვენს მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის გაიმართებოდა შეხვედრა. ჩვენი მხარე გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს ნინო ჩხობაძეს უნდა წარმოედგინა. ცოტა ხნის შემდეგ სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ექსპერტებს შორის შეხვედრა ვეღარ შედგებოდა. თურმე, უკვე გადაუწყვეტიათ საკითხი, ისევ მოსახლეობის გარეშე.

ერთადერთი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაღწია, მოსახლეობა ორად გახლიჩა. შსს-ს საერთოდ რა ესაქმება ჰესების მშენებლობის საკითხთან? სად გარემოს დაცვა, ეკოლოგია და სად შსს? სხვა უწყებები უნდა გველაპარაკებოდნენ, მაგრამ ყველაფერი შიშზეა დაფუძნებული.

ამ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლის გამო მე და ნარგიზ ნიგურიანი ხომ გაგვათავისუფლეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურიდან, ამით და ასე აშინებენ სხვებსაც. ზოგს შვილი ჰყავს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული, ზოგი სოციალურ დახმარებას იღებს და სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლება სამაგალითოდ აქციეს, რომ თუ ხმას ამოიღებენ, ისინიც დაისჯებიან. როცა ხელმოწერები შევაგროვეთ, სვანეთში მცხოვრებმა უამრავმა ადამიანმა მოგვიწერა ხელი, რომ წარმოდგენილი პროექტებით ჰესების მშენებლობის მომხრე არ იყო, მაგრამ როდესაც აქციის ჩატარება გადავწყვიტეთ და შევეხმიანეთ, გვითხრეს, რომ აქციაზე ვერ გამოვიდოდნენ.

- მესტიაჭალაში ორივე ჰესის მშენებლობა უკვე განაახლეს?

- დილით ადრე შევიდნენ ტრაქტორები. თან ახლდათ 5 პიკაპით და ერთი ავტობუსით სპეცრაზმი. მთელი პოლიციის მობილიზება რომ მოახდინონ, ეს ჰესები ამ პროექტებით მაინც ვერ აშენდება.

შეასწორონ პროექტი, გაითვალისწინონ რისკები, დამცავი ღონისძიებები და მერე მოხდეს მისი განხილვა. სხვა შემთხვევაში მოსახლეობა შეეწირება ამ საქმეს. რა მნიშვნელობა აქვს, ღვარცოფი რომ მოვარდება მდინარე წაგვიღებს და თუ ესენი დაგვხოცავენ“.

აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილის, დავით გულბანის თქმით, შსს-ში გამართული შეხვედრის თაობაზე არც მისთვის იყო ცნობილი.

მესტიაჭალა ჰესების მშენებლობის გაგრძელების წინააღმდეგია მაგდა გულედანიც.

სვანები, რომლებიც მესტიაჭალაში ჰესების მშენებლობის შესახებ მიღწეულ „საბოლოო შეთანხმებას“ ეწინააღმდეგებიან, ხვალ, თბილისში ბრიფინგის გამართვას აპირებენ.

ნათია ქურდიანი, რომელიც სვანეთის ახალგაზრდულ მოძრაობას წარმოადგენს, „მთის ამბებთან“ საუბარში განმარტავს, რატომ დათანხმდნენ ხელისუფლებას გაგრძელდეს მესტიაჭალა ჰესების მშენებლობა და სანაცვლოდ რა დაპირებები მიიღეს მთავრობისგან.

„დღეისათვის სხვა გამოსავალი არ იყო. მივაღწიეთ იმას, რომ მესტია გამოცხადდება დაცულ ტერიტორიად და რაც დაწყებულია, მხოლოდ იმ ჰესების მშენებლობა დამთავრდება. სვანეთში დამატებით დაგეგმილი 56 ჰესი აღარ აშენდება.

მესტიაჭალაში უკვე ძალიან დიდი თანხაა დახარჯული, დიდი რაოდენობით სამუშაოებია ჩატარებული. მესტიაჭალა ჰესების პროექტში ცვლილებები შევიდა და უახლოეს დღეებში გაგვაცნობენ პროექტის საბოლოო ვერსიას.

ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტად აღელვებს სტიქიური საფრთხე. მდინარე მესტიაჭალიდან 50 მეტრში ვცხოვრობ და გასული წლის 31 აგვისტოს, როცა მდინარე ადიდებული იყო, რამდენიმე ღამე არ გვეძინა. ბავშვები ხელში გვყავდა აყვანილი, რომ მდინარე თუ მოვარდებოდა, ხმაური გაგვეგო და გაქცევა მოგვესწრო.

როგორც გითხარით, ახლა სხვა გამოსავალი აღარ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ამ მოლაპარაკებაში მიგვეღო მონაწილეობა და შეთანხმება შემდგარიყო. თუ მოსახლლეობის რომელიმე ჯგუფი არ გვეთანხმება და სამართლებრივად გააგრძელებენ ბრძოლას, ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით.

აქციების ჩატარებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან 10-15 კაცით ვერაფერს გავხდებით ათობით და ასობით პოლიციელთან და სპეცრაზმელთან. შეთანხმება რომ ვერ შემდგარიყო, აგერ, ზუგდიდი სპეცრაზმით აქვთ უკვე გავსებული. აქციებში ვეღარ მონაწილეობდა ხალხი, ზოგი სამსახურიდან გაუშვეს, ზოგს სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ და ა.შ“, - უთხრა ნათია ქურდიანმა „მთის ამბებს“.

უახლოეს დღეებში სვანეთში სახალხო კრების ჩატარებაც იგეგმება.

დაბა მესტიაში „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესების მშენებლობას კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.

ამ თემაზე:

სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა პროტესტის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში