საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გარდაცვლილი რეინჯერების ოჯახებისთვის სოციალური შეღავათის დაწესებას ითხოვენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:47 - 01 მარტი 2017 hits 10670

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბრაკონიერებმა სამი რეინჯერი მოკლეს, 6 გარემოსდამცველი კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გარემოს დაცვის სფეროს თანამშრომელთა ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

ტყის მცველი კახაბერ ყურაშვილი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს ტყეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 2017 წლის 25 თებერვალს მოკლეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებს 2012 წლის 17 მაისს ემსხვერპლა.

2006 წლის 12 ნოემბერს დაიღუპა საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის (თბილისის ეროვნული პარკის) ტყის მცველი გიორგი ჩანადირი. მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა თანასოფლელმა, რომელიც ტყის მცველისგან სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლას და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას სთხოვდა, რაზედაც უარი მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივაში „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, როგორიც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა.

„2011 წლის 23 ივლისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს დაიღუპა რეინჯერი დურსუნ სურმანიძე. 2016 წლის 21 ივლისს სალიცენზიო ფართობზე ტყეკაფების დახურვის სამუშაოების დროს, სატვირთო ავტომობილის ავარიის შედეგად დაიღუპნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე დემურ ჯოლოხავა და სპეციალისტი გელა ბარძემაშვილი. 2006 წლის 15 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოავარიისას დაიღუპნენ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს უფროსი მამუკა ვეზდენი და დასავლეთ ცენტრალური ბიუროს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი თამაზ ლომიძე. 2016 წლის ნოემბერში სამსახურებრივი  მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის  გამოცდილი და ღვაწლმოსილი რეინჯერი თამაზ მაისურაძე. მას ინსულტი დაემართა და რამდენიმედღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა,“- ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი, - „ჩვენ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის სამსახურის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებისათვის. ეს იქნება რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოს დაცვის ინსპექტორების და მათი კოლეგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ საქმიანობას ქვეყანა აფასებს.“

„მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივაში აღნიშნულია, რომ თითოეულ ტყის მცველზე და დაცული ტერიტორიების რეინჯერზე ათასობით ჰექტარი დასაცავი ტერიტორია მოდის. რთულ ბუნებრივ პირობებში მათ ყოველდღიურად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ და ხშირად უპირისპირდებიან მათზე გაცილებით კარგად აღჭურვილ, შეიარაღებულ ბრაკონიერებს, მათი ხელფასი კი სხვა საჯარო მოხელეების გასამრჯელოს ბევრად ჩამოუვარდება.

ოფიციალური ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 364 030 ჰექტარ ტერიტორიას, დაცვის სამსახურში კი 272 თანამშრომელია დასაქმებული. აქედან 255 რეინჯერია. ერთი რეინჯერი 1428 ჰექტარ ტერიტორიას იცავს და დღეში საშუალოდ 11,5 კილომეტრს გადის. დაცული ტერიტორიების რეინჯერის ხელზე ასაღები ხელფასი 376 ლარია, რეინჯერის - 360, ხოლო სატყეო სააგენტოს ტყის მცველის - 472 ლარი.

„მწვანე ალტერნატივამ“ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში